Thumbnail
  • ‘როგორც სჩანს, მადრიდშიც თვლიან, რომ ის ევროპაში საუკეთესო მძიმე ფორვარდია’
  • ქართველი კალათბურთელის ესპანურ გრანდში გადასვლა სულ უფრო რეალური ხდება

ბასკონიას ქართველი კაპიტნის თორნიკე შენგელიას მადრიდის რეალში ტრანსფერი სულ უფრო რეალური ხდება. ლამის დღე არ გავა, რომ ევროპულ ვებ-გვერდებზე ქართველი ვარსკვლავის შესახებ არ დაიწეროს, ამასთან, ჩვენთვის საინტერესო მოვლენის გარშემო დამატებითი დეტალებიც ხდება ცნობილი.

ამჯერად, შენგელიას შესაძლო ტრანსფერს ხორვატული Crosarka გამოეხმაურა სტატიით, რომელსაც დამაინტრიგებელი სათაური აქვს: “რეალი კიდევ ერთ სატრანსფერო ბომბს ამზადებს”. აი, რას წერს ხსენებული ვებ-გვერდი.

“მადრიდული გრანდი დიდ გადახალისებას იწყებს და ახლო მომავალში არაერთ ცვლილებას უნდა ველოდეთ. გაჩნდა ინფორმაცია, რომ დალასს სურს არგენტინელი ფაკუნდო კამპაცოს გადაბირება, შესაძლოა, გუნდთან დამშვიდობება მოუწიოთ ესპანელ ვეტერანებს – სერხიო ლულსა და რუდი ფერნანდესს, ჯერაც გაურკვეველია ტრეი ტომპკინსის ბედი.

რეალს განსაკუთრებით სურს შემტევი პოტენციალის გაძლიერება და ამ მხრივ, მთავარ ვარიანტად თორნიკე შენგელიას ტრანსფერს განიხილავს. ბევრის აზრით, ის ევროპაში საუკეთესო მძიმე ფორვარდია და როგორც სჩანს, მადრიდშიც ასე თვლიან.

ცხადია, ბასკონიაში კაპიტნისა და ლიდერის გაშვება დიდად არ ხიბლავთ, თუმცა, კორონავირუსით გამოწვეული შესაძლო ფინანსური კრიზისის გამო, მათ ალბათ დიდი არჩევანიც არ ექნებათ. ბასკები რომ შენგელიასთან შესაძლო დამშვიდობებაზე ფიქრობენ, ერთი ფაქტიც მოწმობს. მათ უკვე შერჩეული ჰყავთ თოკოს შემცვლელი. ის იტალიური მილანის ამერიკელი ლეგიონერი ჯეფ ბრუკსია”.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის შენგელია ბასკონიას ღირსებას 2014 წლიდან იცავს და ხმები მისი რომელიმე ევროპულ გრანდში გადასვლის შესახებ დიდი ხანია დადის. ქართველის მოქმედი კონტრაქტი 2022 წლამდეა გათვლილი, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, რეალს მისი გამოსყიდვა არ უნდა გაუჭირდეს. მიმდინარე სეზონში თორნიკეს ესპანეთის ჩემპიონატში საშუალოდ 16.6 ქულა და 6.3 მოხსნა ჰქონდა, ევროლიგაში კი – 15.9 ქულა და 5.6 მოხსნა. ამ დროისთვის, პანდემიის გამო, ორივე ეს ტურნირი შეწყვეტილია.

კომენტარები

ბოლო ამბები