Thumbnail

მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის გამო, დასრულებულად გამოცხადდა პორტუგალიის საკალათბურთო ჩემპიონატიც, შესაბამისად, დუდა სანაძის ოლივეირენშეს მე-4 ადგილი ერგო, რომელიც ტურნირის შეწყვეტის დროს ეკავა.

აღნიშნულთან დაკავშირებით თავად სანაძემ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან ისაუბრა.

“ჩემპიონი არ გამოვლენილა, სეზონი გაუქმებულად გამოცხადდა. თვეზე მეტ ხანს თვითიზოლაციაში ვიყავი და ველოდი, რას გადაწყვეტდნენ კალათბურთის ფედერაციაში. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ ჩემპიონატი გაგრძელებულიყო, მაგრამ უკვე საკმაოდ დიდი ხანი იყო გასული და ფედერაციამ გადაწყვიტა, მიმდინარე სეზონის ყველა შეჯიბრი შეეწყვიტა. პორტუგალიის უმაღლესი დივიზიონიდან 1 გუნდი გავარდა, რომელსაც ყველა წაგება ჰქონდა და საერთო აზრით, მეორე ლიგის დონეს შეესაბამებოდა. რაც შეეხება ევროტურნირებს, გუნდები საგზურებს არსებული ცხრილის მიხედვით მიიღებენ”.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ქართველი ლეგიონერი პორტუგალიურ კლუბს სწორედ მიმდინარე სეზონისთვის შეუერთდა და მყის ოლივეირენშეს ერთ-ერთ ლიდერად იქცა. სეზონის 17 მატჩში მისი საშუალო მონაგარი 16.3 ქულა, 4.8 მოხსნა და 3.1 პასი გახლდათ. დუდამ დიდი როლი ითამაშა პორტუგალიის თასის მოგებაშიც, როდესაც მისმა გუნდმა ფინალში ბენფიკას 83:81 სძლია, ჩვენებურმა კი 17 ქულა მოაგროვა.

ამგვარად, სანაძისთვის სეზონი დასრულებულია და ის სამშობლოში 6 მაისს, ამსტერდამი-თბილისის სპეცრეისით დაბრუნდება.

კომენტარები

ბოლო ამბები