Thumbnail

‘ნიუ იორკ თაიმსის’ ინფორმაციით, კომპანია MGM Resorts-მა NBA-ს სეზონის დასრულების კონკრეტული გეგმა და შესთავაზა, რომლის მიხედვითაც, კალათბურთელები, მათი ოჯახები და კლუბების პერსონალი MGM-ის სასტუმროებში, ლას ვეგას სტრიპზე განთავსდებიან და, თანაც, სრულ საკარანტინო პირობებში. გეგმის მიხედვით, გუნდებმა ვარჯიშებიც იქ უნდა ჩაატარონ. MGM-ს ქალაქში 13 შენობა აქვს, სადაც 24 საკალათბურთო მოედანი გაკეთდება. აღსანიშნავია, რომ ასეთივე წინადადებით MGM Resorts-მა NHL-ის, MLS-ისა და WNBA-ს ხელმძღვანელებსაც მიმართა. ლას ვეგასთან ერთად, განიხილება Disney World-ის ვარიანტიც.

NBA-ში სეზონის გაგრძელებისა და დასრულების იდეას ყველა არ ეთანხმება. ორიოდე დღის წინ, ლოს ანჯელეს ლეიკერსის სუპერვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი გამოეხმაურა ამერიკულ მედიაში გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, თითქოს NBA-ს კლუბების მფლობელები სეზონის შეწყვეტა-გაუქმების იდეას ემხრობიან. ლებრონმა განაცხადა, რომ მისთვის არავის არაფერი უთქვამს. პირიქით, ლეიკერსის ლიდერის თქმით, ის და მისი გუნდი მზად არიან იმისათვის, რომ სეზონი დასრულდეს.

სან ანტონიოს ლეგენდარული მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი 71 წლისაა

ლიგის ხელმძღვანელები და კლუბები ასაკში მყოფი მწვრთნელების გამოც ნერვიულობენ. “60 წელზე მეტი ასაკის ადამიანები არ უნდა დავუშვათ - მნიშვნელობა არა აქვს, რა თანამდებობაზე არიან ისინი. იქნება ეს კალათბურთელის მამა, გუნდის მთავარი მწვრთნელი, თუ კლუბის გენერალური მენეჯერი - ასეთ რისკზე არ უნდა წავიდეთ,” - განუცხადა ერთ-ერთმა გენერალურმა მენეჯერმა ESPN-ს.

NBA-ს გუნდების მთავარი მწვრთნელებიდან ექვსი 60 წლის ან 60 წელზე მეტი ასაკისაა. ესენი არიან: რიკ კარლაილი (დალას მავერიკსი, 60), დუეინ კეისი (63, დეტროიტ პისტონსი, 63), მაიკ დ’ანტონი (ჰიუსტონ როკეტსი, 68), ელვინ ჯენტრი (ნიუ ორლეანს პელიკანსი, 65), ტერი სტოტსი (პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი, 62) და გრეგ პოპოვიჩი (სან ანტონიო, 71).

კომენტარები

ბოლო ამბები