Thumbnail

პრემიერლიგის ოცივე კლუბმა პარასკევის ონლაინ-თათბირზე დაადასტურა, რომ მათ სეზონის დასრულება აუცილებლად სურთ, თუმცა, ინგლისური კლუბების კიდევ ერთ კონფერენციას რაიმე სხვა კონკრეტული შედეგი არ მოჰყვა. ითქვა ისიც, რომ ინგლისის ჩემპიონატის დარჩენილი მატჩები ნეიტრალურ სტადიონებზე და, რა თქმა უნდა, მაყურებლების გარეშე უნდა გაიმართოს. ეს იდეა ყველას არ მოსწონს - მაგალითად, ბრაიტონის ხელმძღვანელებმა ამის შესახებ საჯაროდ განაცხადეს.

The Sun-ის ინფორმაციით, ვიდეო-კონფერენციაზე პრემიერლიგის კლუბებს სეზონის სხვა ქვეყანაში, კერძოდ კი ავსტრალიაში განახლებისა და დასრულების ვარიანტიც შესთავაზეს. ‘სანის’ ჟურნალისტი წერს, რომ პრემიერლიგის ხელმძღვანელები ამ ვარიანტზე ფიქრობენ. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მატჩები ავსტრალიის ქალაქ პერთში უნდა ჩატარდეს.

'აქ საფრთხე ნაკლებია, ავსტრალიის მთავრობამ უკვე ბევრი შეზღუდვა მოხსნა'

“პრემიერლიგის კლუბებთან მოლაპარაკებები მქონდა. მათ იდეა მოეწონათ. ასევე ვესაუბრე ოფიციალურ პირებს მთავრობიდან და მათი ენთუზიაზმიც აშკარაა. აქ საფრთხე ნაკლებია, ავსტრალიის მთავრობამ უკვე ბევრი შეზღუდვა მოხსნა,” - განუცხადა ‘სანს’ ინგლისელმა აგენტმა გარი უილიამსმა, რომელიც პერთში ცხოვრობს.

ინგლისის მიმდინარე ჩემპიონატში 92 მატჩია ჩასატარებელი და იდეის მიხედვით, ყველა მათგანი პერთში უნდა გაიმართოს. 

ოფიციალური მონაცემებით, ავსტრალიაში კორონავირუსის მხოლოდ 6 799 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 95 და გამოჯანმრთელდა 5 814 ადამიანი. შედარებისთვის: დიდ ბრიტანეთში 182 260 ინფიცირებულია, გარდაიცვალა 28 131 ადამიანი.

კომენტარები

ბოლო ამბები