Thumbnail

'ეს ლოგიკური არ არის' - ფიფა ევროპას გაზაფხული-შემოდგომაზე გადასვლას სთავაზობს 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ფიფას ვიცე-პრეზიდენტი: ახალი კალენდრით მუნდიალი 2022-ისთვის კარგად მოვემზადებით
  • 2024 წლიდან ფიფას განსხვავებული კალენდარი ექნება

ფიფას ვიცე-პრეზიდენტი ვიქტორ მონტალიანი ევროპას გაზაფხული-შემოდგომის კალენდარულ სეზონზე გადასვლას სთავაზობს. მონტალიანის აზრით ეს იდეა "სავარაუდო განსახილველ თემათა" შორისაა...

იტალიურ Radio Sportiva-სთან ინტერვიუში მონტალიანიმ, რომელიც ჯანი ინფანტინოს უახლოესი თანამებრძოლი და კონკაკაფის შეფია, განაცხადა, რომ ასე მსოფლიო უკეთ მოემზადება 2022 წლის მუნდიალისთვის, რომელიც ყატარში ნოემბერ-დეკემბერში უნდა ჩატარდეს. 

თავად ინფანტინომ კი ადრე თქვა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი კრიზისი, კარგი შანსია, ფეხბურთმა მნიშვნელოვანი ცვლილებები დაამტკიცოს, რათა 2024 წლიდან მსოფლიოს ახალ კალენდარს ფეხი აუწყოს.

"ჩვენ კარგი შანსი გვაქვს, რადგან ყატარში მუნდიალი ზამთარში უნდა გაიმართოს. ასე რომ, გაზაფხული-შემოდგომის სისტემა კარგი იდეაა. ამერიკის კონტინენტზე ასეა, სეზონი კალენდარულ წელს ემთხვევა. მსგავსი კალენდარი იმუშავებს ევროპასა და აფრიკაშიც. ამ თემაზე კარგი იქნება დისკუსია ეროვნულ და კონტინენტურ დონეებზე", - განაცხადა მონტალიანიმ.

შეგახსენებთ, რომ უეფას ეროვნული პირველობებისა და ევროთასების დასრულება სურს. "ჩვენ უკვე ახალ კალენდარზე ვფიქრობთ, რომელიც ძალაში 2024 წლიდან შევა. ხოლო კრიზისის გამო, პასუხები უმალ უნდა მივიღოთ", - ამბობს მონტალიანი.

კალენდარულ წელთან თანშეწყობილი სეზონის იდეა კარლ-ჰაინც რუმენიგეს ეკუთვნის, როცა ის ევროპის კლუბთა ასოციაციის შეფი იყო: "ყველგან, გერმანიაში, იტალიაში ან ინგლისში, ზაფხული თამაშისთვის საუკეთესო დროა და ჩვენ არ ვთამაშობთ. არადა, როცა ზამთრის სუსხია, გუნდებს თამაში თამაშზე აქვთ, ეს მოთამაშეებსა და მაყურებლებს დიდ პრობლემებს უქმნის. ეს არ არის ლოგიკური", - თქვა გერმანელმა 2013 წელს "ფრანს ფუტბოლთან" ინტერვიუში. 

შეგახსენებთ, რომ ევროპაში რამდენიმე ქვეყანა ამ კალენდრით თამაშობს, მათ შორის კი საქართველოცაა.

კომენტარები

ბოლო ამბები