Thumbnail
  • სანდრო მამუკელაშვილი არჩევანის წინაშე
  • ქართველი ბიგ ისთის ინსტაგრამის გვერდის სტუმარი იყო

NCAA-ს სეტონ ჰოლის ერთ-ერთი ლიდერი სანდრო მამუკელაშვილი NBA-ს დრაფტზე დადგა, თუმცა ის კოლეჯთა ლიგაში დაბრუნებას არ გამორიცხავს...

ამის შესახებ საკალათბურთო ჟურნალისტი ადამ ზაგორია (ZagsBlog.com) წერს. "სეტონ ჰოლის ახალგაზრდა ფორვარდ სანდრო მამუკელაშვილს NBA-ს ათზე მეტ კლუბთან ჰქონდა ინტერვიუ, თუმცა ის მზად არის "შესაძლებლობებისთვის", მათ შორის კოლეჯთა ლიგაში ბოლო სეზონის გასამართავად.

211 სმ. სიმაღლის ქართველი დრაფტზე დადგა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, მას არ აქვს საშუალება ვორქაუთები ჩაატაროს კლუბებში. ამის სანაცვლოდ მას "ვირტუალური" შეხვედრები ექნება კლუბებთან. "მამუ", როგორც მას ხშირად უძახიან, ერთ-ერთი სასურველი კალათბურთელია დრაფტზე.

"სულ 12 ინტერვიუ მაქვს ჩანიშნული, თუმცა ყველაფერი იმაზე არის დამოკიდებული, რა ვითარება იქნება კორონავირუსთან დაკავშირებით. პირადად, ძალიან კარგ სიტუაციაში ვარ - სიხარულით ვითამაშებ კიდევ ერთ წელს ლიგაში. 

თუმცა ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, სხვადასხვა შესაძლებლობებისთვის ვარ მზად და ამათგან მხოლოდ ერთია უკან, კოლეჯში დაბრუნება", - განაცხადა სანდრომ ZagsBlog.com-თან ინტერვიუში.

ქართველი ბოლო სეზონში საშუალოდ 11.9 ქულასა და 6.0 მოხსნას აკეთებდა, მან მაჯის ძვლის მოტეხვის გამო 7 კვირა გამოტოვა, თუმცა სეზონის მეორე ნახევარი შესანიშნავად ჩაატარა. 29 თებერვალს მან მარკეტთან მატჩში სეტონ ჰოლს 26 ქულა მოუტანა. მისა ანგარიშზე 9 მოხსნა და 3 გადაცემაც იყო. 

სეტონ ჰოლმა ბიგ ისთის რეგულარული მოიგო და NCAA-ს ჩემპიონშიპისთვის გუნდს მესამე ან მეოთხე ნომრად განთესავდნენ, მაგრამ ტურნირი კორონავირუსის პანდემიამ ჩაშალა. 

თუ მამუკელაშვილი დაბრუნდება, შესაძლოა, მისთვის ეს ისევე მომგებიანი იყოს, როგორც მაილს პაუელისთვის. მაილსმა შარშან დრაფტზე დადგომა გამოაცხადა, მაგრამ შემდეგ სეტონ ჰოლს დაუბრუნდა, გუნდს ულიდერა და ბიგ ისთის კონფერენციის წლის მოთამაშეც გახდა. მან ასევე მიიღო ჯერი ვესტის სახელობის პრიზი, როგორც NCAA-ს საუკეთესო მსროლელმა. 

სანდრო მამუკელაშვილი ახლახან ბიგ ისთის ინსტაგრამის გვერდზე ჯონ ფანტას სტუმარი იყო ინსტაგრამის ლაივ ინტერვიუში:

"მაილსისგან ბევრი რამ ვისწავლე. ბრწყინვალე გრძნობა იყო, როცა პირველი სეზონის შემდეგ სეტონ ჰოლში დავბრუნდი, მაგრამ ძნელიც იყო, რადგან "დიდებთან" ისე ახლოს არ ვიყავი, როგორც მაილსთან. მან ძალიან ბევრი რამ მასწავლა. ჩემთვის ისიც ბევრს ნიშნავს, რასაც მან ბოლო სეზონში მიაღწია. შესანიშნავი მოტივაციაა ჩემთვის. ის ნამდვილი უფროსი ძმა იყო ჩემთვის კლუბში".

სანდრომ ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ პაუელის ნაცვლად სეტონ ჰოლში აყვანილ ბრაის აიკენთან თამაშიც სასიამოვნო იქნება. 

სანდრო პანდემიის დროს, პენსილვანიაში მარტო ცხოვრობს, ვარჯიშობს და ნეტფლიქსის ფილმებს უყურებს. მას დრო იმისთვისაც რჩება, რომ Tik Tok-ზე ვიდეოც ჩაწეროს.

"სახლთან ახლოს კალათბურთის დარბაზია და იქ დავდივარ. ბევრს ვარჯიშობ, რომ ფორმა არ დავკარგო. ჩემი საქმე კალათბურთის თამაშია და არ მინდა ამისგან დავისვენო, თუნდაც ამ სიტუაციაში".

რა თქმა უნდა დაბრუნებაზეც ვფიქრობ, მზად ვარ გუნდს ვულიდერო და ბიჭებს დავეხმარო, რომელთაც ეს სჭირდებათ. ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს და უნივერსიტეტის ღირსებისთვის ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია. სეტონ ჰოლში ყოფნა ჩემთვის ყოველთვის ბევრს ნიშნავდა".   

კომენტარები

ბოლო ამბები