Thumbnail
  • 'ქართველი ფეხბურთელი 20 წლისაა და განვითარების დიდი პოტენციალი აქვს'
  • გიორგი ჩაკვეტაძემ ამსტერდამელთა მაროკოელი ლიდერი უნდა შეცვალოს

ბელგიური გენტის ქართველ ფეხბურთელ გიორგი ჩაკვეტაძეს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა და ის ჰოლანდიური ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი ამსტერდამის აიაქსია.

Voetbalzone-ის ცნობით, ამსტერდამელები ჰაკიმ ზიეჩის შემცვლელს ეძებენ და ერთ-ერთ ვარიანტად 20 წლის ქართველი ტალანტის ტრანსფერს განიხილავენ. ცნობისთვის, მაროკოელი ზიეჩი ლონდონის ჩელსიში გადასვლას აპირებს. ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 1 ივლისს გაფორმდება და მის სანაცვლოდ, ჩელსი 40 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.

აიაქსის მთავარ მწვრთნელს ერიკ ტენ ჰაგს ნახევარდაცვაში გაჩენილი სიცარიელის ამოვსება ზიეჩის მსგავსი ფეხბურთელის შემატებით სურს და როგორც ირკვევა, სიაში ქართველი ნახევარმცველიც ჰყავს. აი, რას წერს აღნიშნული ვებ-გვერდი ჩვენებურის შესახებ.

გიორგი ჩაკვეტაძე

ქართველ ფეხბურთელს ბელგიურ გენტთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს და მისი სავარაუდო ფასი 6.7 მილიონი ევროა. სპორტული ანალიტიკური სააგენტო SciSkill მის შესაძლებლობებს 62.5 ქულით აფასებს, პოტენციალი კი 92.7-ია. ჩაკვეტაძის ზიეჩისთან მსგავსება 92%-ს უტოლდება და ეს, მის კონკურენტთაგან მხოლოდ ტორინოში მოთამაშე ესპანელ ალექს ბერენგერს (94%) ჩამორჩება.

გენტმა “ქართველ კაკად” წოდებული ფეხბურთელი თბილისის დინამოდან წაიყვანა და როგორც მაშინ, ქართული კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია აცხადებდა, გიორგის გადაბირება ლივერპულს, ტოტენჰემს, ჰოფენჰაიმსა და ლევერკუზენსაც სურდათ.

ქართველი ფეხბურთელი მხოლოდ 20 წლისაა და განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა, უკვე გასულ სეზონში ჭკვიანური თამაშითა და მახვილოგონივრული პასებით ბევრის ყურადღება მიიპყრო. შემდეგ იყო მუხლის მძიმე ტრავმა, რამაც მისი განვითარება შეაფერხა, თუმცა, ახლა, ფორმას ისევ იბრუნებს.

გასაკვირი არაა, რომ ჩაკვეტაძის შემატება არაერთ ევროპულ კლუბს სურს. სატრანსფერო ბაზარზე აქტიურად მუშაობს ტრაბზონი, გარკვეული ინტერესი აქვს რომასაც. ამ ფონზე, დიდი მნიშვნელობა ექნება თავად გენტის პოზიციას, რომელიც კანადელი ჯონათან დევიდის გაყიდვას აპირებს და შესაძლოა, გუნდის კიდევ ერთ ლიდერთან გამომშვიდობება არ ისურვოს.

როგორც ირკვევა, ქართველი ფეხბურთელის გარდა, აიაქსის სატრანსფერო სიაში კიდევ ექვსი მოთამაშეა. ბერენგერზე ზემოთაც ვთქვით, სხვები კი რომანო შმიდი (ავსტრია, ვოლფსბერგერი), ებერეჩი ეზე (ინგლისი, ქპრ), ლუდოვიკ ბლასი (საფრანგეთი, ნანტი), კელვინ სტენგსი (ჰოლანდია, ალკმაარი) და პედრინიო (ბრაზილია, კორინთიანსი) არიან.

ამასობაში, ჩაკვეტაძის გვარი კვლავაც აქტიურად ფიგურირებს თურქულ პრესაში, სადაც მისდამი ტრაბზონის ინტერესზე ლამის ყოველდღიურად იწერება. ახალი ისაა, რომ მაგალითად, Milliyet-ი თურქული გუნდის კონკურენტებზე საუბრისას რომასთანა და ბორდოსთან ერთად, ლონდონის ვესტ ჰემსაც ახსენებს.

კომენტარები

ბოლო ამბები