Thumbnail

პრემიერლიგის ოცივე კლუბმა დაადასტურა, რომ მათ სეზონის დასრულება აუცილებლად სურთ. ეს პარასკევს გამართულ მორიგ ონლაინ-თათბირზე მოხდა. თუმცა, ინგლისური კლუბების კიდევ ერთ კონფერენციას რაიმე სხვა კონკრეტული შედეგი არ მოჰყვა.

“კლუბები ვარჯიშს მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემდეგ, შესაბამისი სამედიცინო დასკვნებისა და რჩევების საფუძველზე განაახლებენ და ეს მხოლოდ ფეხბურთელებთან და მენეჯერებთან შეთანხმების შემდეგ მოხდება,” - ვკითხულობთ პრემიერლიგის ოფიციალურ განცხადებაში.

სეზონის განახლებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა ფეხბურთელებისა და ყველა თანამშრომლის კორონავირუსზე რეგულარული ტესტირებაა. ‘გარდიანის’ ინფორმაციით, პრემიერლიგის ზოგიერთმა კლუბმა უკვე შეიძინა შესაბამისი მოწყობილობები, რომლებიც კოვიდ-19-ზე პასუხს ორსაათნახევარში იძლევა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან საფრანგეთმა უკვე გადაწყვიტა სეზონის გაუქმება. ეს ხუთშაბათს მოხდა და საფრანგეთის ჩემპიონად პარი სენ-ჟერმენი გამოცხადდა. გერმანიაში, ესპანეთსა და ინგლისში მსჯელობა და ვითარებაზე დაკვირვება გრძელდება. ცნობილია, რომ ბუნდესლიგასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 6 მაისს უნდა გახდეს ცნობილი. გერმანიის საფეხბურთო ლიგა მზადაა, სეზონი გააგრძელოს და მხოლოდ მთავრობისა და ექიმების განაჩენს ელოდება.

კომენტარები

ბოლო ამბები