Thumbnail

ჩოგბურთი დაბრუნდა! ჯერჯერობით, მაყურებლებისა და მსაჯების გარეშე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ტურნირში 8 ჩოგბურთელია ჩაბმული, რომლებიც წრიული სისტემით თამაშობენ
  • ისინი კორტზე ნიღბებითა და ხელთათმანებით გადიან და ბურთებსაც თავად აგროვებენ

დღეს, გერმანიაში, კერძოდ კი, კობლენცში სტარტი აიღო პირველმა საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირმა 12 მარტის შემდეგ. შეჯიბრი საჩვენებელ ხასიათს ატარებს, თუმცა, მასში მონაწილეობას ATP-ს მოთამაშეებიც იღებენ და ეს, უდავოდ საყურადღებო ფაქტია.

ტურნირში 8 ჩოგბურთელია ჩართული და ისინი წრიული სისტემით ითამაშებენ, 4 საუკეთესო ნახევარფინალში გავა და საბოლოოდ, გამარჯვებულსაც გამოავლენს.

ცხადია, რომ მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის გამო, შეჯიბრი განსაკუთრებული რეგულაციების ფონზე მიმდინარეობს. ტრიბუნებზე არ დაიშვებიან მაყურებლები, შეხვედრას მხოლოდ მთავარი მსაჯი ემსახურება და არც ბურთის მიმწოდებლები არიან.

დასტინ ბრაუნს რაფაელ ნადალი ჰყავს დამარცხებული

ყოველი მატჩის შემდეგ, არბიტრის კოშკურას სპეციალური ხსნარით ამუშავებენ, ჩოგბურთელები კორტზე ნიღბებითა და ხელთათმანებით გადიან, თუმცა, უშუალოდ მატჩის დროს მათი მოხსნის უფლება აქვთ. მონაწილეებსა და მომსახურე პერსონალს ყოველდღიურად თერმოსკინრინგის გავლაც მოუწევთ.

უჩვეულოა მატჩების ფორმატიც. სეტები 4 გეიმის მოგებამდე გრძელდება, შესაბამისად, ტაი-ბრეიკი 3:3 ინიშნება. ამავდროულად, 40:40-ზე გეიმში გამარჯვებული 1 გათამაშებით ვლინდება.

შეჯიბრში ძირითადად ნაკლებად ცნობილი ჩოგბურთელები არიან ჩართულნი, თუმცა, 1 მათგანის გამორჩევა მაინც შეიძლება. გერმანელ დასტინ ბრაუნს 2015 წლის უიმბლდონზე რაფაელ ნადალი ჰყავს დამარცხებული და თავის დროზე, მსოფლიოს 43-ე ჩოგანი იყო, ამჟამად კი, 271-ე საფეხური უკავია.

კომენტარები

ბოლო ამბები