Thumbnail

შოთა არველაძე უზბეკეთს გაწვრთნის! სენეგალი და მაროკო პირველი მეტოქეები არიან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ჯერჯერობით, მხოლოდ ორ ამხანაგურ მატჩში - სენეგალთან და მაროკოსთან.
  • ფახთაქორის ქართველი თავკაცი ეროვნული გუნდის მწვრთნელთა საბჭოში იმუშავებს.
  • უზბეკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობას კი თემურ კაპაძე ასრულებს.

შოთა არველაძე უზბეკეთის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელად დაინიშნა. ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციამ გადაწყვიტა, ეროვნული გუნდის გაწვრთნა მარტში დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის მწვრთნელთა საბჭოს მიანდოს. 

უზბეკეთის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრებს სენეგალთან (23 მარტს) და მაროკოსთან (27 მარტს) ჩაატარებს, გუნდს კი, რომლის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას თემურ კაპაძე ასრულებს, თამაშებისთვის ჯამში ოთხი სპეციალისტი მოამზადებს. 

45 წლის შოთა არველაძე ტაშკენტის ფახთაქორს 2017 წლის ივნისიდან წვრთნის. უზბეკურ კლუბში მასთან ერთად მუშაობს აჩიც.

36 წლის თემურ კაპაძე უზბეკეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ვიცე-კაპიტანია, რომელიც ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად 15 თებერვალს დანიშნეს. კაპაძე-არველაძის გარდა, მწვრთნელთა საბჭოში ბუნიოდკორის თავკაცი მირჟალოლ კასიმოვი და ნასაფის მწვრთნელი რუზიკულ ბერდიევიც შეიყვანეს.  

უზბეკეთის ნაკრებს ოთხი სპეციალისტი გაწვრთნის

"იმის გათვალისწინებით, რომ თემურ კაპაძეს სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს, უზბეკეთის ფეხბურთის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა უმიდ ახმაჯონოვმა გადაწყვიტა, გამოცდილი სპეციალისტებისგან მწვრთნელთა საბჭო ჩამოეყალიბებინა", - ნათქვამა ასოციაციის განცხადებაში.

უზბეკეთის ნაკრები მომავალი მატჩებისთვის შეკრებას ტაშკენტში გაივლის, შემდეგ კი მაროკოში გაემგზავრება, სადაც ორივე სპარინგს ჩაატარებს. ცნობილია, რომ გუნდი ამხანაგურ მატჩებს 15 მაისსა და 7 ივნისს, შესაბამისად ირანსა და ურუგვაისთანაც გეგმავს.

უზბეკეთის ნაკრებმა, რომელსაც მანამდე სამველ ბაბაიანი წვრთნიდა, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის აზიური შესარჩევი ციკლი ჩააგდო.

2018 წლის 15 იანვარს უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაციამ ბაბაიანი მაქინაციებში ამხილა და არათუ ეროვნულ ნაკრებს, მთლიანად ფეხბურთში საქმიანობას ჩამოაშორა.

მანამდე უზბეკურ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ქვეყნის ნაკრების გაწვრთნაზე თანხმობა უკვე ნათქვამი აქვს ერთ-ერთ უცხოელ მწვრთნელს, რომელიც საქმიანობას ოფიციალურად მუნდიალის დასრულების შემდეგ შეუდგება. სპეციალისტის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.

კომენტარები

ბოლო ამბები