Thumbnail
  • ნომერ პირველ საკლუბო ტურნირზე ბევრი რეკორდია დამყარებული
  • ამ 10 განსაკუთრებული რეკორდის მოხსნა წარმოუდგენელი ჩანს

ჰანს-იორგ ბუტი გახსოვთ? გერმანელი მეკარე განსაკუთრებით კარგად იუვენტუსის გულშემატკივრებს უნდა ახსოვდეთ - მან ტურინულ კლუბს ჩემპიონთა ლიგაში სამი სხვადასხვა კლუბის მაისურით გაუტანა. დიახ, მეკარემ! ამით ბუტი რეკორდსმენია და მისი რეკორდის მოხსნა წარმოუდგენელი ჩანს. ზუსტად ისე, როგორც კიდევ 9 რეკორდი, რომელთა შესახებაც ქვემოთ წაიკითხავთ.

ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკი

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკის ავტორი ბაფეტიმბი გომისია. 2011/12 წლების სეზონში მან დინამო ზაგრების კარი 8 წუთში სამჯერ აიღო, მოგვიანებით კი მე-4 გოლიც გაიტანა. გომისმა მაიკლ ნიუელის რეკორდი მოხსნა, რომელიც თითქმის 20 წლის განმავლობაში ხელშეუხებელი იყო.

ყველაზე მეტი გოლი პლეი ოფის მატჩში

ამ რეკორდის ავტორის გამოცნობა ადვილია. დიახ ლიონელ მესი, რომელმაც 2011/12 წლების ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ლევერკუზენს 1 მატჩში 5 გოლი გაუტანა! ორი შეხვედრის ჯამში მესიმ გერმანულ კლუბის კარი სულაც 6-ჯერ დალაშქრა. ბარსელონამ ორმატჩიანი დაპირისპირება ჯამში 10:2 მოიგო.

ყველაზე ხანგრძლივი მშრალი სერია

აქ იგულისხმება მეკარე და არა გუნდი, რომელმაც კარის მშრალად შენახვა ყველაზე დიდხანს შეძლო. ამის გაკეთება იენს ლემანმა მოახერხა. გერმანელ კიპერს 2005 წლის ოქტომბრიდან 2006 წლის აპრილამდე ჩემპიონთა ლიგაზე გოლი არ გაუშვია. თუ არსენალის მეკარეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ნათამაშებ 18 წუთს ჩავუთვლით, მაშინ მას 800 წუთზე მეტხანს (დაახლოებით 13.5 საათი!) ლიგაზე გოლი არ ჰქონდა გაშვეული, რაც სიგიჟეა.

მეკარის ყველაზე მეტი გოლი

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეკარეებიდან ყველაზე მეტი გოლის გატანა ასევე გერმანელმა, ჰანს-იორგ ბუტმა შეძლო. მან ტურნირზე სამი გოლი შეაგდო, რაც მეკარეებს შორის საუკეთესო შედეგია. ბუტმა სამივე გოლი სხვადასხვა გუნდის მაისურით გაიტანა. პირველი გოლი ჰამბურგის რიგებში, ტურინის იუვენტუსს გაუტანა. მეორედ ლევერკუზენიდან ისევ იუვეს გაუტანა. მესამე გოლი კი ბაიერნში თამაშისას გაიტანა და აბა, თუ გამოიცნობთ, ვის წინააღმდეგ? დიახ კვლავ იუვენტუსთან! მიუხედავად იმისა, რომ ბუტმა სამივე გოლი თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა, მისი რეკორდის მოხსნა მაინც ძალიან რთულია. წარმოუდგენლად ჩანს, რომ უახლოეს მომავალში რომელიმე კიპერმა 4 გოლის გატანა მოახერხოს.

ყველაზე უხვგოლიანი მატჩი

ყველაზე უხვგოლიანი მატჩი ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების სეზონში გაიმართა. “სიგნალ იდუნა პარკზე” დორტმუნდის ბორუსია ვარშავის ლეგიას დაუპირისპირდა. გერმანელებმა პოლონელები 8:4 დაამარცხეს. საერთო ჯამში, მატჩში 12 გოლი გავიდა, რაც ტურნირის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე

ტურნირის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე ლაციოს მეკარე მარკო ბალოტაა. იტალიელმა 2007/08 წლების სეზონში მადრიდის რეალის წინააღმდეგ ითამაშა და ის მაშნ 43 წლის და 253 დღის იყო. მანამდე, რეკორდი ასევე იტალიელს, ოღონდ მცველს, ალესანდრო კოსტაკუტრას ეკუთვნოდა, ბალოტამ კი ტურნირზე თითქმის 3 წლით უფრო ხნიერმა ითამაშა.

ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში

ეს რეკორდიც მხოლოდ ერთ მოთამაშეს ეხება და არა მთლიანად გუნდს. 1 სეზონში ტურნირზე ყველაზე მეტი გოლი კრიშტიანო რონალდომ გაიტანა. პორტუგალიელმა 2013/14 წლების სეზონში 17 გოლის გატანა შეძლო. მან მესის მიერ დამყარებული რეკორდი მოხსნა. არგენტინელს ლიგის 1 სეზონში 14 გოლი ჰქონდა გატანილი. ყველაზე ახლოს რონალდოს რეკორდის მოხსნათან თავად რონალდო იყო - თანაც ორჯერ. 2015/16 წლების სეზონში მან 16 გოლი გაიტანა, ხოლო 2017-18 წლების სეზოში კი - 15.

ყველაზე მეტი მაყურებელი

ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩს ყველაზე მეტი გულშემატკივარი 1994/95 წლების სეზონში დაესწრო. ბარსელონასა და პარი-სენ ჟერმენის დაპირისპირებას “კამპ ნოუზე” დაახლოებით 115 500 ადამიანმა უყურა. რიცხვის დაზუსტებით დასახელება უჭირთ, თუმცა ყველაზე რეალურ ვარიანტად 115 500 განიხილება.

მცველის ყველაზე მეტი გოლი

პარი სენ-ჟერმენის მარცხენა განაპირა მცველმა ლაივენ კურზავამ 2017/18 წლების სეზონში ანდერლეხტის წინააღმდეგ სამი გოლის გატანა შეძლო. მცველის მიერ შერსულებული ჰეთ-თრიკი? დიახ, სწორად წაიკითხეთ. ფრანგის მიერ დამყარებული რეკორდი ძალიან რთულად მოსახსნელია.

ჰეთ-თრიკის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი

რაული ევროპული საკლუბო ფეხბურთის უპრესტიჟულესი ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა. ესპანელმა ეს 1995/96 წლების სეზონში, უნგრული ფერენცვაროშის წინააღმდეგ გააკეთა. მაშინ რაული 18 წლის და 144 დღის იყო. უახლოეს წარსულში რეკორდს როდრიგო გოეში მიუახლოვდა, რომელმაც გალათასარაის ჰეთ-თრიკი 18 წლის და 301 დღისამ შეუსრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები