Thumbnail

‘არავინ არაფერი უნდა შეწყვიტოს!’ - ლებრონ ჯეიმსმა კლუბების მფლობელებს მიმართა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • როგორც ირკვევა, NBA-ს კლუბების შეფები სეზონის გაუქმებაზე ფიქრობენ
  • ლებრონ ჯეიმსი კატეგორიულად წინააღმდეგია
  • ლეიკერსის ვარსკვლავის გავრცელებული ცნობების არ სჯერა

ლოს ანჯელეს ლეიკერსის სუპერვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი გამოეხმაურა ამერიკულ მედიაში გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, თითქოს NBA-ს კლუბების მფლობელები სეზონის შეწყვეტა-გაუქმების იდეას ემხრობიან.

“სტატიები ვნახე, სადაც წერია, რომ თითქოს ფუნქციონერებს და აგენტებს სეზონის გაუქმება სურთ. ეს აბსოლუტურად არასწორია. ასეთი რამ ჩემთვის არავის უთქვამს. როგორც კი სიტუაცია უსაფრთხო იქნება, სეზონის გაგრძელება და დასრულება გვსურს. მე მზად ვარ და ჩვენი გუნდიც მზადაა. არავინ არაფერი უნდა შეწყვიტოს!” - დაპოსტა დაწერა ტვიტერზე.

მანამდე, CNBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ეწერა, რომ კლუბების მფლობელების, მენეჯერებისა და აგენტების გარკვეული ნაწილი სეზონის შეწყვეტა-გაუქმების მომხრეა. ტელეკომპანიას NBA-ში განუცხადეს, რომ ლიგა სეზონის გაგრძელებასა და დასრულებაზე ფიქრობს. 

შეგახსენებთ, რომ NBA-ს სეზონი კორონავირუსის გამო 11 მარტიდან გაჩერებულია. 8 მაისიდან ზოგიერთ კლუბს ვარჯიშების განახლება შეუძლია - თუმცა, ეს მხოლოდ ინდივიდუალურ ვარჯიშებს ეხება და არა გუნდურ მზადებას.

ოფიციალური მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა თითქმის 64 000 და გამოჯანმრთელდა 150 000-ზე მეტი ადამიანი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა. გარდაცვლილია 234 000-ზე მეტი და გამოჯანმრთელდა მილიონზე მეტი ადამიანი.

კომენტარები

ბოლო ამბები