Thumbnail

'სასამართლოში გიჩივლებთ' - ფრანგული კლუბი ბრძოლას აპირებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'როგორც სჩანს, სპორტული პრინციპები მოდაში აღარაა'
  • ამიენი თავს დაჩაგრულად მიიჩნევს და პროტესტს გამოთქვამს

საფრანგეთის ლიგა 1-მა სეზონი ვადაზე ადრე დასრულებულად გამოაცხადა და ადგილებიც გადაანაწილა, ამან კი, არაერთი გუნდის უკმაყოფილება გამოიწვია. ცხადია, საუბარია მათზე, ვისაც ამა თუ იმ მიზნისთვის ბრძოლის რეალური შანსი ჰქონდა შერჩენილი, ჩინოვნიკთა გადაწყვეტილების გამო კი, მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა.

პირველი, ვინც ხმა ამოიღო, ამიენის პრეზიდენტი ბერნარ ჟოანინი გახლავთ, ვისი გუნდიც ლიგა 2-ში დაქვეითებისთვის გასწირეს. 28 ტურის თავზე, ამიენელები მე-18 ადგილზე მყოფ ნიმს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩებოდნენ, ამ სხვაობის აღმოსაფხვრელად კი, დარჩენილი 10 ტური სრულიად საკმარისი იყო. ჟოანენი სწორედ ამან აღაშფოთა და სასამართლოში ჩივილითაც დაიმუქრა.

“პირველი რაც ვიგრძენი, არასამართლიანობის განცდაა. რა პრინციპებით დადგინდა, რომ ჩვენ ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებას ვერ მოვახერხებდით? როგორც სჩანს, სპორტული პრინციპები მოდაში აღარაა. ეს უსამართლობაა და ჩემი გუნდის დასაცავად ყველაფერს გავაკეთებ.

ყველასთვის ცხადია, რომ ამიენის უფლებები დაირღვა და ამას ასე არ დავტოვებ. უფლებას ვიტოვებ, ლიგის ხელმძღვანელობას სასამართლოში ვუჩივლო. თუკი პირველ წრეში 19 ტური ჩავატარეთ, მეორეშიც ასე უნდა ყოფილიყო. 30 ქულა იყო გასათამაშებელი და ეს, არაფერს ნიშნავს?

საუბარი არ მაქვს იმაზე, რომ ადამიანების ჯანმრთელობაზე არ უნდა ვიზრუნოთ. ეს უმთავრესია და მატჩების ვადაზე ადრე განახლებას არც ვითხოვდით, თუმცა, ისიც არასწორია, როდესაც ლიგა ასეთ გაუგებარ გადაწყვეტილებას იღებს. რაღა შორს მივდივართ, საფრანგეთის კალათბურთის, ხელბურთისა და რაგბის ჩემპიონატებიდან ხომ არავინ გაუგდიათ?”.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პირველობასთან დაკავშირებით, ოფიციალური ვერდიქტი გუშინ იქნა გამოტანილი. მის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის გამო, სეზონი დასრულებულად გამოცხადდა და ადგილები ამ დროისთვის არსებული მდგომარებისდა მიხედვით გადანაწილდა.

შედეგად, ჩემპიონად პსჟ გამოცხადდა და მის გარდა, ჩემპიონთა ლიგაზე მარსელი და რენიც ითამაშებენ, ლილი, რეიმსი და ნიცა ევროპალიგაზე მოხვდნენ, ამიენი და ტულუზი გავარდნენ, ლორიანი და ლანსი კი აღზევდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები