Thumbnail

საკალათბურთო სუპერლიგა: ქუთაისმა ისევ წააგო, დინამო კი ფორმაში შედის

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • სოხუმი 68:78 რუსთავი
  • მგზავრები 81:72 ქუთაისი
  • ოლიმპი 78:87 დინამო
  • მარნეული 88:77 ბათუმი

საკალათბურთო სუპერლიგის 23-ე ტურში საინტერესო შეხვედრები გაიმართა. თბილისის დინამო ოლიმიპს დაუპირისპირდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 87:78.

დინამო მთელი თამაში ფლობდა უპირატესობას და იყო პერიოდი, როდესაც 22-ქულიანი სხვაობით იგებდა. თუმცა, ოლიმპმა ბოლომდე იბრძოლა და მატჩის დამთავრებამდე 7 წუთით ადრე სხვაობა 4 ქულამდე შემცირდა.

გადამწყვეტ მომენტში დინამომ მოუმატა, ისევ გაზარდა ფორა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

დინამოს რიგებში 21 ქულით საუკეთესო იყო ნოდარ გოგოლაძე, 18 ქულა მიითვალა აქტივში ლაველ ბოიდმა, ალეკსანდრ მიტროვიჩმა კი 14 ქულა მოიპოვა.

სუპერლიგის ლიდერმა ქუთაისმა მორიგი მატჩი წააგო და ამჯერად მგზავრებთან დამარცხდა.

პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ფრედ, 41:41 დასრულდა, მეორე ნახევრიდან კი მოულოდნელად მგზავრებმა მოიპოვეს უპირატესობა და მეოთხედი 29:17 მოიგეს.

თბილისელებმა დასკვნით მეოთხედშიც შესანიშნავად ითამაშეს და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს 81:72.

გამარჯვებულ გუნდს 19 ქულით ადრიან ბოუიმ ულიდერა, 17 ქულა მიითვალა კახა ჯინჭარაძემ.

რუსთავი ჩემპიონატის აუტსაიდერ სოხუმს დაუპირისპირდა და როგორც მოსალოდნელი იყო, მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

პირველი ნახევარი სოხუმმა კარგად ითამაშა და 37:35 მოუგო მეტოქეს, თუმცა მესამე მეოთხედიდან ყველაფერი თავის ადგილზე დადგა - რუსთავმა უპირატესობა მოიპოვა, გარდატეხა შეიტანა თამაშში და საბოლოოდ, 10-ქულიანი სხვაობით, 78:68 დაამარცხა მეტოქე.

რუსთავის რიგებში 28 ქულით და 14 მოხსნით საუკეთესო იყო ტაირელ ნელსონი, ადამ ბლეიზეკის ანგარიშზე კი 25 ქულაა.

მარნეულის დელტა ბათუმს დაუპირისპირდა და 88:77 სძლია მეტოქეს. 

ეს იყო პრინციპული დაპირისპირება, რადგან მარნეულს უმაღლეს ლიგაში დარჩენა ჯერ კიდევ არ აქვს განაღდებული, ბათუმი კი ცხრილში დაწინაურებისთვის იბრძვის, რათა პლეი ოფში რაც შეიძლება მეტ ოპონენტთან მოიპოვოს მოედნის უპირატესობა.

მატჩის დებიუტში მოპოვებული უპირატესობა დელტამ ბოლომდე შეინარჩუნა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მარნეულს 25 ქულით დეანდრე რეიმ ულიდერა.

სატურნირო ცხრილს 39 ქულით ქუთაისი ლიდერობს, 37-37 ქულით მეორე-მესამე ადგილებს დინამო და რუსთავი იყოფენ

 

კომენტარები

ბოლო ამბები