Thumbnail

‘ისინიც ადამიანები არიან’ - ინგლისში ფეხბურთელებს სეზონის განახლების ეშინიათ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნები სეზონების განახლებისთვის ემზადებიან. ბუნდესლიგასა და პრემიერლიგაში კონკრეტული გეგმების დასახვას შეუდგნენ. გერმანიაში დღეს პირველი და მეორე ბუნდესლიგის მოთამაშეების კორონავირუსზე ტესტირება დაიწყო, ემზადებიან პრემიერლიგის კლუბებიც. ინგლისური მედიის ინფორმაციით, ფანებს შეუძლიათ, იმედი ჰქონდეთ, რომ სეზონი განახლდება, მაგრამ როგორც ჩანს, ინგლისში ეს იდეა ბევრ ფეხბურთელს აშინებს.

“ანონიმური კვლევის თანახმად, ძალიან ბევრი ფეხბურთელი არ ეთანხმება სეზონის განახლების იდეას. მათ მიაჩნიათ, რომ ეს საშიშია, - განუცხადა ESPN-ს პრემიერლიგის ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, - წარმოიდგინეთ, რომელიმე კლუბში ვინმე რომ გარდაიცვალოს, ეს დიდი შოკი და ძალიან სამწუხარო ამბავი იქნება. მერე ხომ ყველა ინანებს!”

რამდენიმე დღის წინ, ამ თემაზე ფეხბურთელების საერთაშორისო გაერთიანება FIFPro-ს გენერალურმა მდივანმა, იონას ბაიერ-ჰოფმანმაც კრიტიკულად ისაუბრა: “ფეხბურთელები ძალიან ნერვიულობენ იმის გამო, რომ მოედანზე დაბრუნება და თამაში ინფიცირების რისკთანაა დაკავშირებული. ისინი ნერვიულობენ თავიანთი მეგობრებისა და ოჯახის წევრების გამო,” - უთხრა მან Sun-ს.

გაერთიანებამ მოთამაშეებს შორის ანონიმური გამოკითხვა ჩაატარა და ცხადყო, რომ ბევრს ეშინია ინფიცირების და თანაც, ახლა უფრო მეტად, ვიდრე თუნდაც ერთი თვის წინ: “ეს ლოგიკურია. ისინი ხომ ადამიანები არიან!” - დასძინა მან.

პრემიერლიგის შეფები სეზონის განახლებასთან დაკავშირებით პარასკევს კიდევ ერთხელ იმსჯელებენ. ახალ კონცეფციაში ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, თუკი პრემიერლიგაში ვინმეს კორონავირუსი დაუდასტურდება, მთელ გუნდს კარანტინში არ მოათავსებენ. ‘დეილი მეილის’ ინფორმაციით, ასეთ შემთხვევაში კარანტინში მხოლოდ ინფიცირებული გადაინაცვლებს. მოთამაშეების დიდ ნაწილს ეს იდეა არ მოსწონს...

კომენტარები

ბოლო ამბები