Thumbnail
  • ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია.
  • ჰაინკესის გუნდი ტრიუმფისკენ თვითკრიტიკით, მაგრამ თავდაჯერებული მიიწევს.
  • შეასრულებს “დონ იუპის” გუნდი ჰეთ-თრიკს?

ბაიერნი იგებს, იგებს და იგებს, მაგრამ მიუნხენურ გრანდში ბოლომდე კმაყოფილი მაინც არასდროს არავინაა.

ეს რეკორდმაისტერის წარმატების ძველისძველი ფორმულაა და ბაიერნის ერთგული ქომაგებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. რაც უნდა კარგად თამაშობდეს გუნდი და რამდენი მატჩიც არ უნდა ჰქონდეს მოგებული, შუა სეზონში არცერთი ბაიერნელი არასდროს ამბობს, რომ კმაყოფილია. 

იუპ ჰაინკესი ისევ ჰეთ-თრიკს უმიზნებს

ბავარიული კლუბის ფეხბურთელები, მწვრთნელი, თუ ხელმძღვანელები ყოველთვის იმაზე ამახვილებენ ხოლმე ყურადღებას, რომ “რაღაც ჯერ კიდევ გამოსასწორებელია”. ასე იყო ყოველთვის, მაშინაც კი, როცა ბაიერნმა ჰეთ-თრიკი შეასრულა (2013) - მაშინ მიუნხენში მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ თქვეს, რომ ყველაფრით კმაყოფილები იყვნენ.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ბაიერნმა ბეშიქთაში ორი მატჩის ჯამში 8:1 დაამარცხა. მიუხედავად ამისა, საპასუხო შეხვედრის შემდეგ, ბავარიელები მაინც ძალიან თვითკრიტიკულები იყვნენ.

“შეხვედრაში იყო ფაზები, რომელთა გამოც კმაყოფილების უფლება არ გვაქვს. მეორე ტაიმის შუაში ძალიან ბევრჯერ დავარგეთ ბურთი. იმავე პერიოდში, სიმშვიდეც დავკარგეთ და რამდენიმე წუთი ქაოსურად ვთამაშობდით. ასე არ შეიძლება - ეს აღარ უნდა დაგვემართოს,” - განაცხადა თომას მიულერმა.

მცველი ჟერომ ბოატენგი “სულელურ შეცდომებზე”, “სულელურ ჯარიმებზე” და “ბურთის უაზროდ დაკარგვებზე” ლაპარაკობდა. თვითკრიტიკა - იქნებ სწორედ ეს არის ბაეიერნის წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო?

მაინც ბევრი რამ არის გაუსაუმჯობესებელი - თუკი გვინდა, რომ აბსოლუტურად სრულყოფილი ფეხბურთი ვითამაშოთ

სანდრო ვაგნერი

ფაქტია, რომ რეკორდმაისტერის მთავარ მწვრთნელ იუპ ჰაინკესს ძალიან მოსწონს, როცა მისი შეგირდები თვითკრიტიკულები არიან. 72 წლის სპეციალისტი მუდმივად იმას ამბობს, რომ მიუხედავად გამარჯვებების სერიისა, ფეხბურთელები არ უნდა მოდუნდნენ.

“ბუნდესლიგაში ვდომინირებთ, ჩემპიონთა ლიგაშიც ასპარეზობას ვაგრძელებთ, მაგრამ მაინც ბევრი რამ არის გაუსაუმჯობესებელი - თუკი გვინდა, რომ აბსოლუტურად სრულყოფილი ფეხბურთი ვითამაშოთ,” - ასეთ სიტყვებს ჰაინკესისგან ხშირად გაიგონებთ.

ბაიერნელები თვითკრიტიკულები არიან, მაგრამ ამავდროულად, თავდაჯერებას ოდნავადაც არ კარგავენ. “ჩვენ მიუნხენის ბაიერნი ვართ და ვიცით, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია,” - ეს სანდრო ვაგნერის სიტყვებია.

კომენტარები

ბოლო ამბები