Thumbnail
  • 90-იან წლებში ფეხბურთი ბევრს ალესანდრო დელ პიერომ შეაყვარა
  • ალესანდროს კარიერა ორ ნაწილად იყოფა - ტრავმამდე და ტრავმის შემდეგ
  • დელ პიერო სიმბოლო იყო - თავისი თაობის ფასეულობებს, მორალს განასახიერებდა

ალესანდრო დელ პიერო ის მოთამაშეა, რომელმაც თაობა განსაზღვრა. ამით ის ისეთი ფეხბურთელების გვერდით დგას, როგორებიც დიეგო მარადონა, ლეო მესი და კრიშტიანო რონალდო არიან.

არ ვამტკიცებ, რომ დელ პიერო ფეხბურთს მათზე კარგად თამაშობდა. ეს სხვა ამბავია. შესაძლოა, მას არ დაუმყარებია გოლების რეკორდები, არ მოუგია მსოფლიო თასები ‘ღმერთის ხელით’ და ცენტრიდან დრიბლინგით გატანილი გოლებით, თუმცა მას სხვა მაგია ჰქონდა. მაგია, რომლის მეშვეობითაც ის მისი გულშემატკივრისთვის აბსოლუტურად საკრალური მოვლენაა. შეუძლებელია, ფეხბურთის ყურება 90-იანებში დაგეწყო და დელ პიერო არ გენატრებოდეს თავისი თამაშის მანერით, ესთეტიკით, გოლებით და იმ ფასეულობებით, რომლებსაც იგი განასახიერებდა.

დელ პიეროს სტატისტიკა ნაკრებში და კლუბში

ორი დელ პიერო

მის კარიერას ხშირად ერთ მთლიანობად აღიქვამენ ხოლმე. არადა, ასე არ არის. 1998 წლის 8 ნოემბერი იუვეს ათიანის კარიერისთვის წყალგამყოფია. ამ დღეს უდინეზეს ‘ფრიულიზე’ მან ის ტრავმა მიიღო, რომელმაც მისი თამაში და მთლიანად მისი კარიერა შეცვალა.

ამ ტრავმამდე დელ პიეროს სრულიად საფუძვლიანი პრეტენზია ჰქონდა, რომ საუკეთესო იყო მსოფლიოში. ალბათ ნებისმიერი ადეკვატური ფეხბურთის მოყვარულისთვის ის ‘ელ ფენომენო’ რონალდოსთან და ზინედინ ზიდანთან ერთად, პლანეტის საუკეთესო მოთამაშეების ჩამონათვალში შედიოდა და იყო იმ პერიოდის ყველაზე ძლიერი გუნდის, მარჩელო ლიპის იუვენტუსის ლიდერი.

ცოტა ხნის წინ, 1996 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი კიდევ ერთხელ ვნახე. ბევრი რამ ახლებურად მომხვდა თვალში. იმ დელ პიეროსთან შედარებით, რომელიც ჩვენ ტრავმის შემდეგ გვახსოვს, 90-იანების ‘პინტურიკიო’ ბევრად უფრო მოძრავი და სწრაფია. ლიპის გუნდი ხშირად სამი ფორვარდით თამაშობდა. დელ პიერო, ვიალი და რავანელი მოედანზე ერთად გამოდიოდნენ. სწორედ ‘პინტურიკიო’ იყო ის მოთამაშე, რომელიც, ფაქტობრივად, მთელ მოედანზე მოძრაობდა, უკან ჩამოდიოდა, ფლანგებზე გადადიოდა და სიღრმიდან იწყებდა შეტევებს. ის სრულყოფილი ფეხბურთელი იყო.

ამ წლებში მან იუვესთან ერთად ყველაფერი მოიგო - ჩემპიონთა ლიგა, ყველა შიდა იტალიური ტურნირი, სუპერთასი, საკონტინენტთაშორისო თასი. გადამწყვეტი გოლები მუდამ მისი იყო - რივერ პლეიტთან მატჩის ბოლოს სწორედ მან გაიტანა.

გოლი მატჩის ბოლოს რივერ პლეიტთან

სუპერთასზე პსჟ-ს იუვემ ორ თამაშში 10 გოლი გაუტანა და აქედან რამდენიმე დელ პიეროსი იყო, დორტმუნდთან ლიგის ფინალში ჯადოსნური გოლით იუვე თამაშში დააბრუნა, შემდეგ წელს კი ნახევარფინალში, მონაკოსთან ჰეთთრიკით იუვე ლიგის ზედიზედ მესამე ფინალში გაიყვანა.

ამ პერიოდის გოლებიდან ერთი განსაკუთრებით მიყვარს - მისი პირველი, დიდი საერთაშორისო გოლი, ლიგის მეოთხედფინალში, რეალის წინააღმდეგ. იუვეს ‘სანტიაგო ბერნაბეუზე’ პირველი თამაში მაშინ სულ ახალგაზრდა ვუნდერკინდის, რაულის გოლით ჰქონდა წაგებული, საპასუხო მატჩში დელ პიერომ ჯარიმით ორი თამაშის ჯამში გაათანაბრა. ეს ჩემი პირველი დიდი ემოცია იყო. 1996 წელს თბილისში იტალიის ჩემპიონატს არ აჩვენებდნენ. იმ თაობის ბავშვებმა ფეხბურთი ჩემპიონთა ლიგით და დიდი სანაკრებო ტურნირებით ვიცოდით. ამ გოლით ჩემთვის დელ პიერო დაიბადა - კაცი, რომელიც ყველაზე რთულ სიტუაციებში რაღაც განსაკუთრებულს გააკეთებს და გუნდს გადაარჩენს.

ტრავმის მიღების მომენტში ის მხოლოდ 23 წლის იყო და ფაქტია, რომ საუკეთესო წლები წინ ჰქონდა. ჯვარედინი იოგების ორმხრივი ტრავმა სპორტში ახლაც ურთულესი მოსარჩენია. ის სამუდამოდ ცვლის მოთამაშის ათლეტიზმს. ამ ტრავმის შემდეგ ვერასოდეს ბრუნდები ისეთი, როგორიც მანამდე იყავი. იმ წლებში, როცა მედიცინა უფრო ნაკლებად იყო განვითარებული, ეს ტრავმა კიდევ უფრო მძიმედ მიიჩნეოდა. დელ პიერომ არამხოლოდ 9 თვე გამოტოვა, არამედ განსხვავებული მოთამაშე დაბრუნდა - სისწრაფის და ფეთქებადობის დიდი ნაწილი დაკარგა, სათამაშო ზონა შეუმცირდა.

ამ ტრავმის შემდეგ ის პლანეტის საუკეთესო სამეულის კაცი უკვე აღარ იყო, ამ ტრავმამ დელ პიეროს საუკეთესო წლები წაგვართვა. მას თავისი თამაშის საფუძვლიანად შეცვლა მოუწია.

ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არის დელ პიერო ასეთი დიდი, ისიც არის, რომ მან ამ ტრავმის შემდეგ საკუთარი თავი თავიდან შექმნა - ახლებურად დაიწყო თამაში, უფრო მეტად ინტელექტის, თამაშის გაგების და ეშმაკობის ხარჯზე. ის იშვიათი დიდი ფეხბურთელია, რომელსაც განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემები არ ჰქონია და ამის მიუხედავად, ამდენი წელი უმაღლეს დონეზე ითამაშა.

სტეფანო ერანიო და დელ პიერო [1995]

ინძაგი, ტაკინარდი და დელ პიერო [1999]

ექსტრაორდინალური კარიერა

ზემოთ დელ პიერო ზიდანის და რონალდოს კონტექსტში ვახსენე. იტალიურ ფეხბურთში ჩაუხედავ გულშემატკივარს შეიძლება ეს შედარება გაუკვირდეს. მარტივ რამეს ვიტყვი: იმ წლებში, როცა ზიზუ და ალექსი იუვეში ერთად თამაშობდნენ, გუნდის მთავარი ვარსკვლავი დელ პიერო იყო. მისი ტრავმის შემდეგ, მხოლოდ ზიდანთან ერთად, იუვემ სეზონი სრულად ჩააგდო, სერია A ცხრილის შუაში დაასრულა და ინტერტოტოს თასზე როსტელმაშთან მოუწია თამაში.

რონალდოს ინტერი და დელ პიეროს იუვეც ერთმანეთის მთავარი კონკურენტები იყვნენ. გამარჯვებული ყოველთვის ერთი იყო - დელ პიერო და იუვენტუსი.

პინტურიკიოს იუვენტუსში 19-წლიანი კარიერა ჰქონდა და მთელი ამ ხნის მანძილზე, მუდამ გუნდის ლიდერი იყო. ასეთი ხანგრძლივი კარიერა შემტევი მოთამაშისთვის უპრეცენდენტო ფენომენია.

ამდენი წელი პიკზე დარჩენას წარმოუდგენელი პროფესიონალიზმი და თამაშის უკიდეგანო სიყვარული სჭირდება. რონალდოს ჯადოქრობებთან ერთად მუდამ ვიცოდით ისტორიები ვარჯიშებზე მის სიზარმაცეზე, გართობის სიყვარულზე და ზედმეტ წონაზე. ეს ყველაფერი ქრონიკული ტრავმებით მთავრდებოდა. რონალდოს არაფერს ვერჩი - მისი ლეგენდა ამ ყველაფრის ფონზე დაიწერა. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ 19 წელი იუვესნაირ გუნდში ლიდერად ყოფნას ბევრი ისეთი რამ სჭირდება, რაც ეკრანზე არ ჩანს.

Come te nessuno mai

იუვეს გულშემატკივრების ერთი გამოთქმა დელ პიეროზე ყველაფერს გეუბნება: come te nessuno mai - როგორც შენ, არასდროს, არავინ! სწორედ ამიტომ, რამდენი გოლიც არ უნდა შეაგდოს კრიშტიანომ, რამდენჯერაც არ უნდა ჩაიცვან იუვეს 10-ნომრიანი მაისურა კარლოს ტევესმა და პაულო დიბალამ, იმ ადგილთან, რაც დელ პიეროს იუვეს გულშემატკივრების გულებში უჭირავს, ახლოს მაინც ვერ მივლენ. უბრალოდ იმიტომ, რომ ეს ისტორია საერთოდ არ არის ფეხბურთზე.

დელ პიერომ თავისი კარიერის მანძილზე ქცევის, მორალის და ფასეულობების ის  მსოფლმხედველობითი სისტემა შექმნა, რაც მას ასე განსაკუთრებულს ხდის. ალბათ სწორედ ამიტომ, ის ხალხი, ვინც ფეხბურთის ყურება დელ პიეროსთან ერთად დაიწყო, ფეხბურთს და დანარჩენ სამყაროსაც ამ ფასეულობების და მორალის პერსპექტივიდან აღიქვამს.

სათქმელს გავამარტივებ: ამ კაცმა თავის საყვარელ გუნდში 19 წელი ითამაშა და წასვლაზე არასოდეს უფიქრია. ახლა ალბათ ფრანჩესკო ტოტი გაგახსენდათ - კიდევ ერთი დიდი და ერთგული კაცი. მაშინ გეტყვით, რომ ტოტი რომაში ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო, დელ პიეროს კი ტურინში კარიერის მანძილზე არაერთხელ ჰქონია მომენტები, როდესაც ის იმ პატივისცემას ვერ იღებდა, რასაც იმსახურებდა. მაგალითად, ფაბიო კაპელო ორი წლის მანძილზე ხშირად სკამზე სვამდა. ალექს დელ პიერო თადარიგში წარმოგიდგენიათ? ანუ, ის მაშინაც კი რჩებოდა, როდესაც ლოგიკა და პრაგმატიზმი წასვლას ითხოვდა. მაშინაც კი, როდესაც სრული უფლება ჰქონდა, ნაწყენი ყოფილიყო.

არასოდეს, არავის ახსოვს მისი ჩივილი, თუნდაც ერთი კონფლიქტი, ერთი სიტყვა მაინც, რაც მის პროფესიონალიზმს და ერთგულებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა. კაპელოს ისე დაუმტკიცა, რომ ცდებოდა, როგორც სჩვევია. ინტერთან საჩემპიონო თამაშზე სკამიდან გამოვიდა და ის ჯარიმა გაიტანა, რომელიც ფაქტობრივ ჩემპიონობას ნიშნავდა... შემდეგ ენა გამოუყო 'სან სიროსაც' და ყველას, ვისაც მასში ეჭვი შეჰქონდა. ალბათ თავად კაპელოსაც.

მორიგი საჩემპიონო გოლი ინტერთან

მისი იუვესადმი ერთგულების ყველაზე მთავარი მომენტი 2006 წელს და კალჩოპოლის უკავშირდება. დღეს იუვე სადაც არის და რა გუნდიც არის, ეს დელ პიეროს დამსახურებაა. ის არამხოლოდ დარჩა მაშინ, როცა ყველა გარბოდა, არამედ ისე დარჩა, რომ ყველას მაგალითი მისცა. ზუსტად მახსოვს, როცა მან თქვა, რომ ყველა შემთხვევაში დარჩებოდა, მაშინ იუვე სერია B-შიც კი არ იყო, ოფიციალურად სერია C-ში უნდა ეთამაშა - ასეთი იყო სასამართლოს თავდაპირველი გადაწყვეტილება.

ხელფასის 90 პროცენტით შემცირებასაც უსიტყვოდ დათანხმდა. ის პირველი იყო და სწორედ მისი მაგალითის შემდეგ გადაწყვიტეს დარჩენა ჯერ ჯიჯი ბუფონმა და პაველ ნედვედმა, შემდეგ დავიდ ტრეზეგემ და მაურო კამორანეზიმ. რომ არ ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება, იუვეს დაბრუნება ევროპული ფეხბურთის ელიტაში კიდევ უფრო გრძელი და მტკივნეული პროცესი იქნებოდა.

ბოლო წლებში კონტრაქტს საერთოდ ისე აფორმებდა, რომ ხელფასის თანხას კლუბი თვითონ წერდა. პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ ასეა - მისთვის ფული არასოდეს ყოფილა მთავარი.

ბოლოს დარჩენა კიდევ უნდოდა. თუნდაც 1 წელი და თუნდაც უხელფასოდ. მან და ანდრეა ანიელიმ რაღაც ვერ გაიყვეს, თუ ვერ მოილაპარაკეს. ზუსტად რა მოხდა, არავინ იცის. ორივე მხარე ამ უთანხმოებას დღემდე ძალიან ღირსეულად, ზედმეტი და არადელიკატური კომენტარების გარეშე, მალავს. დელ პიეროს და იუვეს ისტორია იმდენად დიდია, რომ თუნდაც პატარა და ბუნდოვან ლაქებს არ იმსახურებს.

ზემოთ ტოტი ვახსენე და რომას მენეჯმენტი მას ბოლომდე კარგად რომ ვერ მოექცა, ეს ყველამ ვიცით. თვითონ ტოტი მოგვიყვა. აი დელ პიეროს კი ერთი სიტყვაც არ უთქვამს ისეთი, თავის გუნდს ოდნავ მაინც რომ მიაყენებდა ჩრდილს.

იუვეს მუზეუმში და გასახდელში რომ ჩადიხარ, ბევრი პლატინი, სივორი და ბაჯოა - პოსტერები, მათი სიტყვები და გოლები. დელ პიეროც იქ არის. თუმცა ჩემი აზრით, კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს - იუვეს მასზე დიდი კაცი არ ყოლია.

ფასეულობების და მორალის თვალსაზრისით, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ამბავი ისაა, 2001 წლის 18 თებერვლით რომ თარიღდება. რამდენიმე დღის წინ მამა გარდაეცვალა და კლუბმა უფლება მისცა, არ ეთამაშა. იუვე ბარის ხვდებოდა გასვლაზე, საჩემპიონო რბოლისთვის 3 ქულა აუცილებლად საჭირო იყო. თვითონვე ითხოვა, რომ თამაშის უფლება მიეცათ, 0:0-ზე თამაშის ბოლოს, შეცვლაზე შევიდა და ეს გოლი გაიტანა...

ეს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლია, მამამისს ეძღვნება. ჩვენებურ ქართულ მორალში ასეა - განსაკუთრებული გლოვა განსაკუთრებულ პატივისცემას ნიშნავს. სხვანაირადაც შეიძლება შევხედოთ: განსაკუთრებული პატივი იმით სცა, რომ გაიტანა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მოედანზე გასვლა მაშინ შეძლო, როცა ბევრი ვერ შეძლებდა.

გოდო თუ პინტურიკიო?

პინტურიკიო მე-15 საუკუნის მხატვარია და ეს მეტსახელი დელ პიეროს ლეგენდარულმა ჯანი ანიელიმ შეარქვა. პინტურიკიო იტალიურად ‘პატარა მხატვარს’ ნიშნავს, დელ პიეროც ისე თამაშობდა, თითქოს ხატავდა. ანიელის სხვა ლოგიკაც ჰქონდა - მის სუბორდინაციაში რობერტო ბაჯო რაფაელი იყო, დელ პიერო კი პინტურიკიო - პატარა მხატვარი, რომელიც იუვეს მომავალი უნდა ყოფილიყო.

წლების შემდეგ კიდევ ერთი მეტსახელი გამოჩნდა, ამჯერად უსიამოვნო. მისი ავტორი კვლავ ჯანი ანიელი იყო - 'გოდო'. სამუელ ბეკეტის პიესის (გოდოს მოლოდინში) მიხედვით, ეს ის პერსონაჟია, რომელსაც მუდამ ელოდებიან, თუმცა არასოდეს არ ჩანს. ეს მეტსახელი 2000-იანების დასაწყისით თარიღდება - ანუ, ეს ის წლებია, როდესაც დელ პიერო მძიმე ტრავმის შემდეგ თავისი თამაშის დაბრუნებას ცდილობს. ეს ნელი და მტკივნეული პროცესი იყო - რამდენიმე სეზონი ალექსს ძალიან უჭირდა. კარლო ანჩელოტი, რომელიც ამ წლებში იუვეს წვრთნიდა, თავის წიგნში წერს, რომ ალექსს ეს მეტსახელი ძალიან არ უყვარდა. მართალიცაა: დელ პიერო ის კაცი იყო, რომელიც ყოველთვის ყველაზე გადამწყვეტ სიტუაციებში ჩანდა.

ეს მეტსახელი დღეს არავის ახსოვს - იმიტომ, რომ დელ პიერო დაბრუნდა. გუნდში ის კაცი მივიდა, ვინც მისთვის მეორე მამა იყო - მარჩელო ლიპი. ზიდანი წავიდა და ლიპიმაც კიდევ ერთხელ ახალი, დომინანტი იუვენტუსი შექმნა - ისევ დელ პიეროს (და პაველ ნედვედის) გარშემო. სიმბოლური იყო, რომ სამწლიანი ლოდინის შემდეგ, 2002 წლის 5 მაისს, საჩემპიონო თამაშში ალექსმაც გაიტანა, თანაც უდინეში, იმ სტადიონზე, სადაც ის ტრავმა მიიღო. 5 მაისი იუვენტინოებისთვის მისტიკური დღეა - ამ გუნდის ხასიათს და სულს გამოხატავს, ბოლომდე ბრძოლის და არდანებების კულტურას და ამ დღის ნაწილი დელ პიეროც უნდა ყოფილიყო.

დაბრუნების თუ შემობრუნების გოლი, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, ამ პერიოდით თარიღდება. ლიპის იუვენტუსი ‘გალაქტიკოების’ რეალს მასპინძლობდა, ლიგის ნახევარფინალში. აქეთ დელ პიერო და ნედვედი, იქით ზიდანი, ფიგუ, რონალდო და რაული - მოკლედ, ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავები ერთ თამაშში. იუვემ მოიგო და თამაშის ყველაზე ჯადოქრული და დიდი მომენტი სწორედ დელ პიეროს უკავშირდებოდა.

როგორც სჩვევია, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში გამოჩნდა და თავისი კვალი დატოვა.

მარჩელო ლიპი და 2006 წლის ზღაპარი

ნაკრებში მისი ისტორია, ისეთი იყო - it’s complicated რომ ეთქმის. 1996 წელს არიგო საკიმ ექსპერიმენტირება გადაწყვიტა და ბაჯო-დელ პიეროს ეპოქაში გუნდი ჯანფრანკო ძოლაზე ააწყო. ამ იდეიდან კარგი არაფერი გამოვიდა. ამის შემდეგაც, ალექსს არცერთ დიდ ტურნირზე არ ჰქონია შანსი, რომ რომელიმე მწვრთნელს ნაკრების ერთპიროვნული ლიდერობა მიეცა. 98 წლის მუნდიალზე დელ პიერო რონალდოსთან და ზიდანთან ერთად ტურნირის მთავარი ვარსკვლავის რანგში ჩავიდა. თუმცა, სეზონის მიწურულს მიღებული ტრავმის გამო ფორმაში არ იყო, ჩვეულებრივზე ცუდად ითამაშა, მისი კონკურენტი რობი ბაჯო უკეთესად გამოიყურებოდა. ორივეს ერთად თამაში 'სკუადრა აძურას' მაშინდელმა მწვრთნელმა ჩეზარე მალდინიმ ვერ გარისკა.

2000 წელს, უკვე დიდი ტრავმის შემდეგ, დელ პიერო თავის თავს ნაკლებად ჰგავდა, გუნდის ლიდერად კი ტოტი იქცა. დელ პიერომ ფინალში ორი ისეთი მომენტი ვერ გამოიყენა, რომელიც უნდა შეეგდო. ერთი გოლი და იტალია გარანტირებულად ჩემპიონი იყო. წაგება მას დაბრალდა და მისთვის ეს ყველაზე მწარე მარცხი გახლდათ.

ამის შემდეგაც, ჯოვანი ტრაპატონი უფრო ტოტიზე აკეთებდა აქცენტს, ორივეს ერთად არ ათამაშებდა. 2006 წლის მუნდიალის წინ, იუვენტუსში კაპელოც იშვიათად ენდობოდა. შესაძლოა, საერთოდ მუნდიალს მიღმა დარჩენილიყო. თუმცა, იტალიას ისეთი კაცი წვრთნიდა, რომელსაც ფეხბურთიც და ადამიანებიც თვით კაპელოზე და ტრაპატონიზე მეტად ესმის - მარჩელო ლიპი.

ლიპიმ მიიყვანა იუვენტუსში. იმისთვის, რომ დელ პიეროს ეთამაშა, იმ ეპოქის საუკეთესო იტალიელი რობერტო ბაჯო გაუშვა გუნდიდან და იუვეს ლიდერობა ალექსს მისცა. დელ პიეროს გზა სწორედ ლიპიმ გაუხსნა და ეს მისი ცხოვრების ყველაზე სწორი არჩევანი იყო. ლიპის იუვენტუსი სწორედ ‘პინტურიკიომ’ აქცია თავისი პერიოდის უძლიერეს გუნდად.

ლიპიმ დელ პიერო მუნდიალზე წაიყვანა და სათამაშო დროც მისცა - ხან ტოტისთან ერთად, ხანაც მის ნაცვლად. გერმანიასთან გადამწყვეტ მომენტში შემოიყვანა და მანაც ის გოლი შეაგდო, რომელზეც წლების შემდეგ იტყვის, რომ მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

ამ გოლიდან რამდენიმე დღეში მას კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დარტყმა მოუწევს - მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, პენალტების სერიაში. ლიპი მას კიდევ ერთხელ ენდო - ‘მაესტრომ’ ყველაფერი გათვალა: ‘პირველი ოთხიდან ერთს ბუფონი აიღებს, მეოთხე შენ იქნები’ - იმიტომ, რომ დელ პიეროს პენალტი ყოველთვის გოლია. მეხუთე ფაბიო გროსო უნდა ყოფილიყო და ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ლიპიმ ისეთი რაღაცები იცოდა, რასაც სხვები ვერ ხედავენ. ‘sei l’uomo dell’ ultimo minuto’ - შენ ბოლო წუთების კაცი ხარ', უთხრა გროსოს, პალერმოს მარცხენა მცველს, რომელსაც მანამდე პენალტი ალბათ საერთოდ არ ჰქონდა დარტყმული.

იტალიისთვის ზღაპრად ქცეულ მუნდიალზე დელ პიეროს თავისი როლი ჰქონდა, რომლის მერეც ვერავინ იტყვის, რომ მისი სანაკრებო კარიერა არ შედგა.

ისე, როგორც სხვა ვერ თამაშობს

დელ პიეროს განსაკუთრებულობას მისი სტილიც განსაზღვრავდა. მის გოლებს რომ უყურებ, თითქოს ჩვეულებრივი, სტანდარტული გოლი არც აქვს გატანილი. ცოტა ვინმე თუ მინახავს, ვისაც ბურთის დარტყმის მისებური ტექნიკა ჰქონდეს - ბურთი ისე მიფრინავს, თითქოს შიგნით მართვის მექანიზმია - ჰაერში იჭრება და მოძრაობას იცვლის.

მისი საყვარელი მანევრი ყველამ იცოდა - მარცხნიდან ცენტრისკენ შეიწევს და შორეულ კუთხეში დაარტყამს. ეს ზუსტად იცოდნენ, მაგრამ ამის ცოდნას რა აზრი ჰქონდა!? მაინც ისე ურტყამდა, რომ მეკარეს შანსი არ ჰქონდა.

დელ პიეროს იუვეში 290 გოლთან ერთად 134 საგოლე პასი აქვს შესრულებული - მეტოქის ნახევარზე ყველაფერი ეხერხებოდა - გოლები, ასისტები, სტანდარტები, შეტევის დაწყება და დასრულება, ნებისმიერ ზონაში სახიფათო იყო. მისნაირად, მის სტილში და მის მსგავსად ფეხბურთს არავინ თამაშობდა.

ნიუკასლთან თამაშის წინ [1997]

ტურინში ვარჯიშზე [2000]

ტურინში ვარჯიშზე [2000]

გულშემატკივართან შეხვედრა ტურინში [2000]

კოვერჩანოს ბაზა [2001]

ფოტოსესია ტურინში [2001]

ფოტოსესია ტურინში [2001]

ფოტოსესია ტურინში [2001]

ფოტოსესია ტურინში [2001]

ფოტოსესია ტურინში [2001]

დელ პიერო მაიამიში [2001]

დელ პიერო მაიამიში [2001]

კრიზისის წლები

2006 წლის მუნდიალს კალჩოპოლი, სერია B და იუვეს კრიზისის წლები მოჰყვა. რომ არა ეს, მისი მოგებული ტიტულების რაოდენობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა. უცნაურია, მაგრამ თუკი მანამდე დელ პიერო ის ვარსკვლავი იყო, რომელსაც ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ, სწორედ ამ წლებში მისი ლეგენდარული სტატუსი საბოლოოდ გამყარდა.

სწორედ ამ პერიოდით თარიღდება კიდევ ერთი შედევრი გოლი რეალთან და დუბლი ბერნაბეუზე, როცა რეალის გულშემატკივარმა აპლოდისმენტებით გააცილა.

ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი

ალექს დელ პიერო არ შეიძლება ფეხბურთიდან წაგებული წასულიყო. მის ბოლო სეზონში გუნდის მწვრთნელად ანტონიო კონტე მივიდა. კონტეს მებრძოლ, ათლეტურ, მორბენალ და აგრესიულ გუნდში დელ პიერომ თავისი სტილი და ადგილი რთულად იპოვა. არც უმართლებდა - თითქოს ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა. ასე გაგრძელდა 7 თვე. თავისი გოლით ყველაზე მნიშვნელოვან დროს დაბრუნდა - ინტერთან თამაშში გამოვიდა და გაიტანა, კომენტატორიც ამას გვეუბნება - ალექს დელ პიერო ყველაზე დიდი და გადამწყვეტი მომენტების კაცია.

მისი გოლებიდან ბევრი მახსოვს და მიყვარს. ყველაზე საყვარელი მისი ბოლოსწინა გოლია. იუვე და მილანი ქულა-ქულაში იყვნენ მთელი მეორე წრე, კონტე ყველას დაპირდა, რომ იუვე ბოლო 14-დან 14 თამაშს მოიგებდა. 8 მოგების შემდეგ, ყველაზე რთული ტესტი იყო ლაციოსთან საშინაო მატჩი. ვერმოგება და ცხრილში ლიდერი მილანი იქნებოდა.

1:1 პირველი ტაიმის შემდეგ. იუვე უტევდა და უტევდა, მომენტს მომენტზე ქმნიდა, მაგრამ ლაციოს მეკარეს, ფედერიკო მარკეტის კარიერის თამაში ჰქონდა. ტურინში ამ სეზონის მერე, შემდეგ წლებში, ზედიზედ რამდენჯერმე ვიყავი - ყოველთვის, როცა მეტოქის მეკარე მაგარ ბურთს იღებდა, ტრიბუნებზე ‘come il Diabolo Marchetti' (როგორც ის სატანა მარკეტი) არაერთხელ გამიგია. მარკეტი იუვეს ტიფოზების ფსიქოლოგიური ტრავმა იყო.

მატჩის ბოლოს, როცა ყველაფერი წაგებული ჩანდა, კონტემ მოედანზე დელ პიერო შეუშვა. ეს იყო მომენტი, როცა თვით ანდრეა პირლომაც დაკარგა სიმშვიდე და ელეგანტურობა, როცა თვით არტურო ვიდალმაც ბრძოლა შეწყვიტა. სტადიონი ისტერიკაში იყო - ყველაფერი იკარგებოდა. მატჩის ბოლოს ჯარიმა დაინიშნა - კარიდან შორს. ზუსტად მახსოვს, რას ვგრძნობდი, როცა ბურთთან დელ პიერო მივიდა. მხოლოდ მისი იმედი მქონდა კი არა, ვიცოდი, რომ თუკი სამყაროში რაიმე სახის სამართლიანობა არსებობდა, უნდა გაეტანა. მისი ბოლო სიტყვა ასეთი უნდა ყოფილიყო - იუვეს ჩემპიონობა მისი გოლის გარეშე არ გამოვიდოდა. დაარტყა და გაიტანა.

იუვე ჩემპიონი გახდა, ამას კიდევ 7 ისტორიული 'სკუდეტო' მოჰყვა - ეს დომინანტი იუვე, რომელსაც ახლა ვუყურებთ, იმ გოლით დაიბადა.

დღე, რომელიც თითქოს არ უნდა დამდგარიყო

დელ პიერო რომ წავიდა, მთელი სტადიონი ტიროდა. ზეიმი და ტრაგედია ერთად. იმ თაობისთვის, რომელიც დელ პიეროზე გაიზარდა, ეს ერთბაშად უცნაური და მტკივნეული ამბავი იყო. ფეხბურთის ყურება და სიყვარული დელ პიეროთი დავიწყეთ, ჩვენი ესთეტიკა და ფასეულობები დელ პიერომ ჩამოაყალიბა და 19 წელი მუდამ ჩვენთან ერთად იყო. თითქოს არც გვჯეროდა, რომ შეიძლებოდა, ოდესმე წასულიყო. მთელი ამ ხნის განმავლობაში მას ჰქონდა უნარი ჯადოქრობის, სასწაულის მოლოდინი შეექმნა. უყურებდი თამაშს და მის მაგიას ელოდებოდი. მის გარეშე ფეხბურთი სხვანაირი გახდა, მუდმივი მონატრების და სიცარიელის შეგრძნება დატოვა.

იუვეს თამაშებზე თითქოს თვალით ისევ ვეძებ.

კომენტარები

ბოლო ამბები