Thumbnail
  • მაურისიო პოჩეტინო ტოტენჰემში დაბრუნებაზე ოცნებობს
  • მანამდე, ყველაზე რეალური მისი ნიუკასლში დასაქმებაა

მიუხედავად იმისა, რომ მისი გათავისუფლებიდან ბევრი თვე გავიდა, მაურისიო პოჩეტინო ტოტენჰემზე ჯერ კიდევ ბევრს ფიქრობს. არგენტინელი დღემდე გულდაწყვეტილია და არ მალავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს სპურსში დაბრუნება სურს.

“პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ იმ დღიდან, როცა კლუბი დავტოვე, ტოტენჰემში დაბრუნება ჩემი ოცნება გახდა. ვოცნებობ, დავბრუნდე და დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო,” - განაცხადა პოჩეტინომ BT Sport-თან ინტერვიუში.

'ზუსტად ვიცი, რომ სანამ მოვკვდები, მინდა, ტოტენჰემში კიდევ ერთხელ ვიმუშავო და ამ კლუბს ტიტული მოვაგებინო!'

48 წლის არგენტინელმა ტოტენჰემი გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, სადაც ლივერპულთან 0:2 დამარცხდა. ახალი სეზონი სპურსმა ძალიან ცუდად დაიწყო, რის გამოც პოჩეტინო ნოემბერში გაათავისუფლეს და მის ნაცვლად ჟოზე მოურინიო დანიშნეს. არგენტინელი მას მერე უმუშევარია.

“შესაძლოა, 5 წელიწადში დავბრუნდე, ან იქნებ 10 წელიწადში, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ სანამ მოვკვდები, მინდა, ტოტენჰემში კიდევ ერთხელ ვიმუშავო და ამ კლუბს ტიტული მოვაგებინო. მინდა ვიგრძნო, რას ნიშნავს ტოტენჰემთან ერთად ტიტულის მოგება, რადგან ამ კლუბს დაუჯერებლად მაგარი ფანები ჰყავს.” - ამბობს პოჩეტინო.

პოჩეტინო ტოტენჰემს 2014-19 წლებში წვრთნიდა და გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა

ინგლისური მედიის ინფორმაციით, მაურისიო პოჩეტინო ნიუკასლის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე განიხილება. ცნობილია, რომ ინგლისური კლუბი არაბი ინვესტორების ხელში გადადის, რომლებსაც “კაჭკაჭებისგან” ევროპის ტოპკლუბის შექმნა აქვთ განზრახული და ტოპ-მწვრთნელთან ერთად, ტოპ-ფეხბურთელებიც სურთ. გავრცელებული ხმებით, ნიუკასლის ახალი მფლობელები მზად არიან, 48 წლის არგენტინელ სპეციალისტს წელიწადში 19 მილიონი ფუნტი (დაახლოებით 21,7 მილიონი ევრო) გადაუხადონ.

კომენტარები

ბოლო ამბები