Thumbnail

ნიუკასლის არაბული ამბიციები - მწვრთნელად პოჩეტინო, ზღაპრული ხელფასით

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ნიუკასლის ახალი მფლობელები არგენტინელი სპეციალისტის მიწვევას აპირებენ
  • პოჩეტინო ფეხბურთში მესამე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ხდება

ნიუკასლი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე იდეალური კანდიდატის ძიების პროცესშია. ცნობილია, რომ ინგლისური კლუბი არაბი ინვესტორების ხელში გადადის, რომლებსაც “კაჭკაჭებისგან” ევროპის ტოპკლუბის შექმნა აქვთ განზრახული. 

ინგლისური მედიის ინფორმაციით, ნიუკასლის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სტივ ბრიუსის შემცვლელად, ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ტოტენჰემის ყოფილი თავკაცი მაურისიო პოჩეტინოა. გავრცელებული ხმებით, ნიუკასლის ახალი მფლობელები მზად არიან, 48 წლის არგენტინელ სპეციალისტს წელიწადში 19 მილიონი ფუნტი (დაახლოებით 21,7 მილიონი ევრო) გადაუხადონ. 

თუკი ხმები გამართლდება, მაურისიო პოჩეტინო მსოფლიო ფეხბურთში მესამე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება. ზემოთ დასახელებულ თანხაზე მეტს მხოლოდ დიეგო სიმეონეს (მადრიდის ატლეტიკო, 36,2 მლნ ფუნტი) და ხოსეპ გვარდიოლას (მანჩესტერ სიტი, 20 მლნ ფუნტი) უხდიან.

პოჩეტინო ტოტენჰემს 2014-19 წლებში წვრთნიდა და გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა

ასევე იუწყებიან, რომ თუკი ნიუკასლსა და პოჩეტინოს შორის შეთანხმება ვერ შედგება, გუნდს ჩინურ დალიან იფანის თავკაცს რაფაელ ბენიტესს ჩააბარებენ. ესპანელ სპეციალისტს ნიუკასლის მთავარ მწვრთნელად წარსულში უკვე უმუშავია - 2016-19 წლებში.

ჯერჯერობით ნიუკასლი ოფიციალურად ისევ მილიარდერ მაიკ ეშლის მფლობელობაშია. ცოტა ხნის წინ ის დათანხმდა საუდის არაბეთის სუვერენული ფონდისთვის, რომლის უკან ამ ქვეყნის პრინცი დგას, კლუბის 300 მილიონ ფუნტად მიყიდვას, თუმცა ინგლისის პრემიერლიგას გარიგება ჯერჯერობით არ დაუმტკიცებია.

ინგლისის პრემიერლიგა კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია. ტურნირში ჩატარებული 29 მატჩის შემდეგ, ნიუკასლს 35 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები