Thumbnail

ბარსელონას აიაქსის მეკარე სურს - ანდრე ონანა არ მალავს, რომ მიდის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსელონა ამსტერდამის აიაქსის მეკარე ანდრე ონანათი ინტერესდება
  • 24 წლის კამერუნელი ღიად აცხადებს, რომ კლუბის შეცვლას აპირებს 

ბარსელონა ამსტერდამის აიაქსის მეკარე ანდრე ონანას დამატებით არის დაინტერესებული. 
ნიდერლანდური მედიის ცნობით, კატალონიელებმა 24 წლის კამერუნელი მეკარის თაობაზე აიაქსს წინადადებით უკვე მიმართეს. 

იუწყებიან, რომ ბარსელონამ აიაქსს მეკარის სანაცვლოდ სამი ფეხბურთელი შესთავაზა: ნეტუ, კარლეს ალენია და რიკი პუიგი (ან ალექს კოლიადო). თავის მხრივ, ამსტერდამელებს ანდრე ონანას სანაცვლოდ, რომელსაც კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, 40-45 მილიონი ევროს მიღება სურთ. 

ანდრე ონანასთვის კატალონიური კლუბი უცხო არ არის

ბარსელონა ერთადერთი კლუბი არაა, რომელსაც აიაქსის მეკარის გადაბირება სურს. ონანასადმი ინტერესს ლონდონის ჩელსისა და პარი სენ-ჟერმენსაც მიაწერენ.

თავად მეკარემ ჟურნალისტებთან ღიად განაცხადა, რომ კლუბის შეცვლას უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იმედოვნებს.

"არასწორად არ გამიგოთ, აიაქსში ძალიან ბედნიერი ვარ და მადლობელი ვარ კლუბის. აქ ხუთი ბრწყინვალე წელიწადი გავატარე, მაგრამ შემდეგი ნაბიჯის გადადგმის დრო მოვიდა. ეს აიაქსთან შარშან შევათანხმეთ. ჯერჯერობით არ ვიცი, რა მოხდება, თუმცა ჩემი ამბიცია გასაგებია", - ამბობს ონანა, რომელიც ირწმუნება, რომ ამსტერდამის კლუბთან დადებული ჯენტლმენური შეთანხმება მას აძლევს უფლებას, 2020 წლის ზაფხულში ტოპკლუბში წავიდეს.

ტერ შტეგენს ბარსელონაში შესაძლოა ახალი კონკურენტი გამოუჩნდეს

ანდრე ონანა სამუელ ეტო’ოს აკადემიის აღზრდილია და 2010 წელს ის ბარსელონას სისტემაში აღმოჩნდა, თუმცა კლუბის მთავარ გუნდში არასდროს უთამაშია. ონანამ აიაქსის შემადგენლობაში, რომელშიც 2015 წლიდან გამოდის, ნიდერლანდების ჩემპიონობა, ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო, ითამაშა ევროპალიგის ფინალსა და ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში.

2019/20 წლების ერედევიზიეში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა, ონანამ 24 მატჩში ითამაშა, საიდანაც 8-ში კარი მშრალად შეინახა.

კომენტარები

ბოლო ამბები