Thumbnail
  • '200 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და მე ჩემს პრობლემებზე ვიწუწუნო?'
  • ლეგენდარული ქართველი მორაგბის ინტერვიუ ფრანგულ Rugbyrama-სთან

ლეგენდარული ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე სახელოვანი კარიერის დასრულებას მიმდინარე სეზონის ბოლოს გეგმავდა, თუმცა, ასეთ დასასრულს ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა. კორონავირუსის პანდემიის გამო, საფრანგეთში სპორტული ღონისძიებები სექტებრამდე ვერ განახლდება. ეს, იმას ნიშნავს, რომ TOP 14-ის სეზონიც ჩაიშალა, მამუკას კი ტულონთან კონტრაქტი ივნისში ეწურება... გორგოძესთან ვრცელი ინტერვიუ პოპულარულმა ფრანგულმა ვებ-გვერდმა Rugbyrama გამოაქვეყნა.

თქვენი თვითიზოლაციის პერიოდი როგორ მიმდინარეობს?

რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო რთულია. 1-2 კვირა კიდევ ასატანია, თუმცა, როდესაც უქმობა 3, 4, 5 კვირა გრძელდება, ბევრი პრობლემა ჩნდება. საბედნიეროდ, კლუბმა სპეციალური ველოსიპედები, ტრენაჟორები და ყველა ის ატრიბუტი გამოგვიყო, რაც ვარჯიშების ჩასატარებლად არის საჭირო. ეს, ფორმის შენარჩუნების საშუალებას გვაძლევს და როცა ჩემპიონატი განახლდება, ბიჭები მზად იქნებიან.

გასული წლის ნოემბერში მუხლის ტრავმა მიიღეთ. ახლა, თავს როგორ გრძნობთ?

ტრავმა ვარჯიშის დროს მივიღე. მინდორი საუკეთესო მდგომარეობაში არ იყო და მუხლი დავიზიანე. ერთი შეხედვით, საგანგაშო არაფერი იყო და 10-15 დღეში ვარჯიში უნდა განმეახლებინა. სამწუხაროდ, საქმე უარესად წავიდა. ტრავმის 3 რეციდივი მქონდა და 10 დღე რამდენიმე კვირად იქცა, საბოლოოდ კი, 3-თვიანი პაუზა გამომივიდა.

წაიკითხერაგბის ქართველი ლეგენდა - როგორ თამაშობდა მამუკა გორგოძე

ამჟამად, TOP 14 შეჩერებულია. თქვენი აზრით, მოვლენები როგორ განვითარდება?

ვიცი, რომ საფრანგეთის რაგბის კავშირი და ლიგის ხელმძღვანელობა, რაც საჭიროა, ყველაფერს აკეთებენ. როდესაც ვირუსი უკან დაიხევს, რეაბილიტაცია უმოკლეს დროში უნდა მოხდეს. თუმცა, ახლა, უმთავრესი ადამიანების ჯანმრთელობაა. პირველ რიგში, სიკვდილიანობის პროცესმა უნდა იკლოს. ამისთვის, ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას.

და შემდეგ?

ცხადია, ეკონომიკური პრობლემები იქნება და სარაგბო სამყაროსაც მნიშვნელოვანი გამოწვევები ექნება, თუმცა, თუნდაც 1 ადამიანი სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მთლიანი ჩემპიონატი.

ტულონთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაქვთ, არადა, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ჩემპიონატის დასრულება ვეღარ მოხერხდება...

ეს, კარიერის ყველაზე ცუდი დასასრულია, რაც კი წარმომედგინა. რაგბის 16 წელია ვთამაშობ, სპორტის ამ სახეობისთვის ყველაფერი გავიღე და ახლა, ასეთი უსიამოვნო რამ ხდება: მორიგი ტრავმა და ვირუსი. როდესაც ამდენს ხანს თამაშობ და წასვლა ასე გიწევს, ნამდვილად გულდასაწყვეტია, თუმცა, ტრაგედია არაა. იმ ადამიანებმა რაღა უნდა თქვან, რომელთაც პანდემიის დროს მშობლები და ახლობლები დაკარგეს. და ამ დროს წუწუნი დავიწყო, რომ მინდორზე გამოსათხოვარ მატჩის ჩასატარებლად ვერ გავალ? ეს, ჩემი მხრიდან არაკეთილსინდისიერი საქციელი იქნებოდა.

ანუ შეგვიძლია გავიგოთ, რომ კარიერას ასე ასრულებთ?

მინდოდა, ის სეზონის ბოლოს დამესრულებინა...

არადა, თქვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, ერთ-ორ სეზონს კიდევ ითამაშებდით.

იმ მოთამაშეთა რიცხვს არ მივეკუთვნები, რომელთაც კარიერის დასრულების ეშინიათ და მზად არიან, ხელი ყველანაირ კონტრაქტს მოაწერონ. ყველაფერს აქვს ბოლო და ამ შემთხვევაში, ამას, ჩემზე უკეთ ვერავინ იგრძნობს.

მამუკა გორგოძე საქართველოს ნაკრების საუკეთესო მელელოვეა

და მაინც, საბოლოოდ გადაწყვეტილების მისაღებად რაიმე კონკრეტული დედლაინი ხომ არ გაქვთ?

ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: სეზონი დასრულებულია. ყოველ შემთხვევაში, ის ივნისამდე ნამდვილად ვერ გაგრძელდება, ჩემს კონტრაქტს კი ვადა სწორედ მაშინ ეწურება. ფაქტი ესაა და გულიც მწყდება, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავის შეცოდებას არავისთვის ვაპირებ. ვირუსმა უკვე 200 ათასზე მეტი ადამიანის სოცოცხლე შეიწირა და მე იმაზე როგორ დავიჩივლო, რომ ბოლო მატჩში ყვავილების თაიგულს ვერ გადმომცემენ? ასეთი ნამდვილად არ ვარ.

როგორ აგრძელებთ ვარჯიშს, როდესაც იცით, რომ მინდორზე გასვლა აღარ მოგიწევთ?

ჩემი პროგრამა მაქვს და მას მივყვები კონტრაქტის ბოლო დღემდე, მიუხადავად იმისა, რაგბს ვითამაშებ თუ არა. კლუბის მიმართ ვალდებულებებს ყოველთვის პირნათლად ვასრულებდი და ახლაც ასე იქნება. დამიჭერეთ, არავის სჭირდება ჩემთან დარეკვა და იმის გაგება, პატიოსნად ვიქცევი თუ არა. როდესაც TOP 14-ში თამაშობ, კარგ ანაზაღაურებას იღებ და თავს პროფესიონალ მორაგბედ მიიჩნევ, არასერიოზული ცხოვრების წესი უნდა დაივიწყო. გარწმუნებთ, ახლაც კარგ ფორმაში ვარ! ვერც კი ვიფიქრებდი, რომ 35 წლის ასაკში ასეთ კონდიციებში ვიქნებოდი.

თუკი თქვენი კარიერა მართლაც ასე დასრულდა, სამომავლოდ რას გეგმავთ?

მაშინვე საქართველოში დავბრუნდები და ვიცი, რომ ამით ჩემს ახლობლებს ძალიან გავახარებ. ახლა, ქვეყნისა და სამუშაოს შეცვლისთვის იდეალური დრო ნამდვილად არ არის, თუმცა, წუწუნს არც ამაზე ვაპირებ. ეს, იმ გამოწვევებთან შედარებით, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ჯანმრთელობის დაცვის სამსახურებს აქვთ, წვრილმანია. აქვე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ექიმებს, რომლებიც ვირუსთან ბრძოლისას თავს დებენ, მადლობა გადავუხადო. ისინი ნამდვილი გმირები არიან.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში გორგოძემ მხოლოდ 8 შეხვედრა ჩაატარა და 2 ლელო დადო. მან ბოლო შეხვედრა გასული წლის 31 ნოემბერს პოს წინააღმდეგ ჩაატარა. სულ, 2014 წლიდან მოყოლებული, მამუკას ტულონის მაისურით 110 მატჩი (11 ლელო) აქვს ჩატარებული, მანამდე კი, მონპელიეს (2005-2014) ღირსებას იცავდა: 168 მატჩი, 27 ლელო. გორგოძეს ბორჯღალოსანთა რიგებში 75 თამაშში 27 ლელო აქვს დადებული და ეს, საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

კომენტარები

ბოლო ამბები