Thumbnail
  • საფრანგეთის ნაკრებისა და პსჟ-ის ფორვარდმა თავისი საყვარელი გოლი დაასახელა
  • 21 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა ასევე დაასახელა საუკეთესო გოლი, რომელიც უნახავს

საფრანგეთის ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის ფორვარდი კილიან მბაპე მიიჩნევს, რომ თავისი კარიერის საუკეთესო გოლი მან ეროვნული გუნდის მაისურით, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში გამართულ მუნდიალზე საფრანგეთის ნაკრებმა გადამწყვეტ მატჩში ხორვატია ანგარიშით 4:2 დაამარცხა, მბაპემ კი თავისი გუნდის მე-4 გოლი შეაგდო.

"ჩემი საყვარელი გოლი ისაა, რომელიც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალში, ხორვატიის წინააღმდეგ გავიტანე. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გოლია, რომელიც დღემდე გამიტანია. ამოსარჩევად რთულია, რადგან მახსოვს ყველა ჩემი გოლი, მაგრამ რადგან ყოველთვის ვითვალისწინებ მატჩის მნიშვნელობას და მეტოქეს, სწორედ მას დავასახელებ", - ამბობს მსოფლიოს ჩემპიონი.

📺 მბაპეს გოლი ხორვატიის კარში

კილიან მბაპემ ასევე დაასახელა მისი აზრით საუკეთესო გოლი, რომელიც კი უნახავს. როგორც ირკვევა, ფრანგი თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდოს შედევრით არის აღფრთოვანებული, რომელიც რეალის ყოფილმა ვარსკვლავმა იუვენტუსის კარში შეაგდო - ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის ¼-ფინალში.

"საუკეთესო გოლი, რომელიც მინახავს? "მაკრატელათი" გატანილი რონალდოს გოლი ბუფონის კარში. მქონდა შესაძლებლობა, ჯანლუიჯის დავლაპარაკებოდი და მან მიამბო, რას გრძნობდა იმ მომენტში", - ამბობს 21 წლის ფრანგი ფეხბურთელი.

📺 რონალდოს სუპერგოლი

კილიან მბაპემ პარი სენ-ჟერმენის მაისურით ჩატარებულ 120 მატჩში 90 გოლი გაიტანა და 49 საგოლე პასი მიითვალა. საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში მის ანგარიშზე 34 შეხვედრაში გატანილი 13 გოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები