Thumbnail
  • გიორგი ჭყოიძემ ლელო სარასენსი დატოვა და პენზის ლოკომოტივს შეუერთდა
  • საქართველოს ნაკრების მორაგბე რაგბის კავშირის პრესსამსახურს ესაუბრა

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე ახალი რუბრიკა გაჩნდა, რომელიც დიდი 10-ის კლუბების კაპიტნებს გვაცნობს.

პირველი სტუმარი გიორგი ჭყოიძეა, რომელიც პენზის ლოკომოტივში გადასვლამდე, ლელო სარასენსის კაპიტანი იყო. მასთან ერთად გუნდმა 10-დან 6 მატჩი მოიგო, ერთხელ ფრედ ითამაშა და 3-ჯერ დამარცხდა.

ლელო სარასენსი ამ დროისთვის ჩემპიონატს 48 ქულით ლიდერობს. "ბორჯღალოსანი" ჭყოიძის გამოკლება გუნდისთვის ძალიან დიდი დანაკლისი იქნება. გიორგი ლელოში 14 წელი თამაშობდა და ბოლო ორ სეზონში გუნდის კაპიტანი იყო. ის რუსულ კლუბში 2021 წლის ბოლომდე დარჩება.

ფოტო 📷/ Rugby.ge

ჩემი ცხოვრება – ლელო!

''ლელო ჩემთვის მთელი ცხოვრება, ოჯახია, რადგან ყველაფერი, რაც ადამიანმა უნდა შეითვისოს, სწორედ მანდ ვისწავლე. შევიძინე უამრავი მეგობარი, ნათესავი, კარგი ადამიანი, რომელთაც მასწავლეს, როგორ ვიარო ცხოვრების გზაზე.

როდესაც მოედანზე მერაბ კვირიკაშვილთან ერთად გადიხარ (ყველაზე დიდ ვარსკვლავთან, ვის მხარდამხარაც აქამდე მითამაშია) და  ხარ კაპიტანი, ეს ძალიან დიდი და რთული პასუხისმგებლობაა.

როდესაც მწვრთნელები ასეთ ნდობას გიცხადებენ, უბრალოდ ვალდებული ხარ, ეს ნდობა გაამართლო, მოედანზე გუნდი მართო და სწორი გადაწყვეტილებები მიიღო. ვფიქრობ, ცუდი კაპიტანი არ ვიყავი (იცინის), კარგი შედეგები გვქონდა და დარწმუნებული ვარ, ეს ამბები რომ არ მომხდარიყო, წინ უკეთესი გველოდა", - ამბობს ჭყოიძე.

ერთნაირი პასუხისმგებლობით

კაპიტნობა ჭყოიძისთვის უცხო ნამდვილად არაა. როგორც ჩანს, ეს მისი ერთგვარი ნიჭია. ზემოთ ნახსენებ ახალგაზრდულ ნაკრებებში, გარდა პირველი წლისა, ის გუნდის წარმატებული კაპიტანი იყო და საქართველოს სახელით არაერთ წარმატებას მიაღწია.

''ახალგაზრდულ ნაკრებში თუ კაცთა გუნდში, როდესაც კაპიტანი ხარ, პასუხისმგებლობა ორივეგან ერთნაირია, უბრალოდ, განსხვავება დეტალებშია - იქ საქართველოს სახელს ვიცავდი, აქ კი მშობლიური კლუბისას".

მიმდინარე სეზონში ჩატარებული შეხვედრებიდან, ჭყოიძე ქუთაისში, "აია არენაზე", მასპინძლებთან მოპოვებულ გამარჯვებას (21:16) გამოარჩევს.

''პირველ ტურში აიასთან თბილისში დავმარცხდით და რევანში გვქონდა ასაღები. ძალიან ცუდ ამინდში ვთამაშობდით და პირველი ტაიმის შემდეგ ვაგებდით, თუმცა შესვენების შემდეგ თამაშის შემობრუნება მოვახერხეთ და დაძაბულ შეხვედრაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ. ქუთაისში ყოველთვის ძნელია გამარჯვების მოპოვება, ჩვენ კი ამ მოგებით მეორე ადგილზე გადავედით და ლიდერთან ჩამორჩენა 2 ქულამდე შევამცირეთ''.

აწყობილი სისტემით

მართალია სეზონის დასრულება ვერ მოხერხდა და თავად მორაგბესაც სხვა კლუბში მოუხდა გადასვლა, თუმცა ის ჩემპიონატის განვლილი ნაწილით კმაყოფილია და დარწმუნებულია, რომ გუნდს ამ სეზონში ჩემპიონობის მოპოვების ძალიან კარგი შანსი ექნებოდა.

''ეს იყო ერთგვარი დაბრუნება იმ წლებისა, როდესაც ლელო სარასენსი ზედიზედ ოთხჯერ გახდა ჩემპიონი. კარგი სეზონი გვქონდა და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ პირველ ადგილზე ვართ. გული მწყდება, ჩემპიონატი რომ ვერ გაგრძელდა, რადგან დარწმუნებული ვარ, ბოლოში ძალიან კარგი შედეგი გვექნებოდა".

ლელო სარასენსი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 2000-იანი დასაწყისში აღზევდა და 2004 წელს პირველად გახდა ქვეყნის ჩემპიონი. სწორედ ამ დროს მივიდა გუნდში გიორგი ჭყოიძე. მას შემდეგ გუნდმა კიდევ 5-ჯერ იზეიმა პირველობა - ჯერ 2009 წელს და მერე ზედიზედ ოთხჯერ - 2013-2016 წლებში. აღსანიშნავია, რომ არც მანამდე და არც მას შემდეგ, მსგავსი სერია არცერთ გუნდს არ ჰქონია.

ჭყოიძე მიიჩნევს, რომ ეს იმ სისტემის დამსახურებაა, რომელიც კლუბის პრეზიდენტმა ბათუ კევლიშვილმა და მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა შეიმუშავეს.

''ეს სისტემის დამსახურებაა! ლელოს სტრუქტურაში, თბილისის სხვადასხვა უბანში ძალიან ბევრი ბავშვი ვარჯიშობს. მათ პირველი გუნდის მორაგბეები ავარჯიშებენ, რომლებიც მუდამ ზრუნავენ კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ეს ბავშვებისთვის დიდი სტიმულია.

მეც ვმუშაობდი ბავშვებთან 7 წლის განმავლობაში. ახალგაზრდა მწვრთნელები დიდ ენერგიას და შრომას ვდებთ ამ საქმეში. ბავშვთა და ჭაბუკთა გუნდები იმ სისტემით ვარჯიშობენ, რომელიც პირველ გუნდშია დანერგილი და ინტეგრირება მარტივად ხდება".

ფოტო 📷/ Rugby.ge

კომფორტულად პირველ მწვრთნელთან

გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, ჭყოიძე ხშირად იცვლის პოზიციას და ხან კვაჭად, ხანაც შერკინების შემკვრელად თამაშობს. ხასიათიდან გამომდინარე, საკუთარ თავს ის უფრო 2 ნომრად მოიაზრებს, თუმცა მზადაა, ნებისმიერი დავალება შეასრულოს.

"ჩემთვის 2 ნომერზე თამაში უფრო კომფორტულია, რადგან ვდგავარ პირველ ხაზში, მიწევს მეტი ორთაბრძოლა და ეს ძალიან მსიამოვნებს".

სწორედ კვაჭის პოზიციაზე შედგა ჭყოიძის სანაკრებო დებიუტი 2017 წლის თებერვალში და მას შემდეგ 11 კეპი მოიხვეჭა. განვლილ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მან განსაკუთრებით ბევრი თამაში ჩაატარა და "ბორჯღალოსნების" შედეგით კმაყოფილია, თუმცა როგორც ყოველთვის, მეტის მოლოდინი აქვს.

"წელს ნაკრებში ბევრ ახალგაზრდას მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. სასიამოვნოა, რომ მეც დიდი დრო გავატარე მოედანზე. მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი იყო, რომელთანაც რაგბის თამაში დავიწყე, გუნდში საუკეთესო სიტუაცია გვქონდა და მეც კომფორტულად ვგრძნობდი თავს.

ვფიქრობ, კარგი თამაშები ჩავატარეთ და ვულოცავ ლევანს ასეთ შედეგს. ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის კარგი იქნებოდა, რუსეთთანაც რომ გვეთამაშა, რადგან დარწმუნებული ვარ, ამ შეხვედრაში ახალგაზრდა თაობასთან ერთად თავს ბოლომდე გამოვავლენდით".

მას შემდეგ, რაც გიორგი ჭყოიძემ კარიერა პენზის ლოკომოტივში გააგრძელა, ლელო სარასენსის კაპიტანი პირველი ქართველი ცენტურიონი და ''ბორჯღალოსანთა'' საუკეთესო მექულე, მერაბ კვირიკაშვილი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები