Thumbnail
  • ESPN-ის ანონიმური გამოკითხვის შედეგები
  • ფუნქციონერები უპირატესობას ლუკა დონჩიჩს ანიჭებენ
  • ზაიონ უილიამსონი და ტრეი იანგი ანონიმურ გამოკითხვაში დამარცხდნენ

ESPN-მა NBA-ს 20 ფუნქციონერს შორის გამოკითხვა ჩაატარა. კითხვა ასე ჟღერდა: რომელი ახალგაზრდა კალათბურთელის გარშემო ააწყობდით გუნდს?

20 გამოკითხული შეფიდან, 17-მა ლუკა დონჩიჩი (დალას მავერიკსი) დაასახელა, ზაიონ უილიამსონი (ნიუ ორლეანს პელიკანსი) კი მხოლოდ ერთმა აირჩია! დანარჩენი ორის არჩევანი კი მემფისის ჯა მორანტია. ასარჩევ მოთამაშეებს შორის ტრეი იანგიც (ატლანტა) იყო, მაგრამ ფუნქციონერებისთვის ის მხოლოდ მესამე და მეოთხე არჩევანი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა ანონიმური იყო.

“დონჩიჩს შეუძლია, ნებისმიერ გუნდს ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან მოაგებინოს. ვფიქრობ, ლუკა არა მარტო შეინარჩუნებს ამ დონეს, არამედ კიდევ უფრო ძლიერი გახდება,” - ეს ერთ-ერთი შეფის სიტყვებია დასავლეთ კონფერენციიდან.

თუმცა, მას ყველა არ ეთანხმება. აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ფუნქციონერი, რომელმაც არჩევანი მორანტის სასარგებლოდ გააკეთა, ამბობს: ”ლუკა ძალიან კარგია, მაგრამ ფიქრობ, რომ მისგან უკვე ყველაფერი ვნახეთ. ის, რაც ვნახეთ, ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ დიდ პროგრესს არ ვუწინასწარმეტყველებ. მე ვირჩევ მორანტს, რადგან მას განსაკუთრებით სროლების გაუმჯობესება შეუძლია და ასევე, თანაგუნდელებსაც დაეხმარება პროგრესში. მიმაჩნია, რომ მას ორივე კალათთან შეუძლია თამაშზე დიდი გავლენის მოხდენა.”

ზაიონ უილიამსონს კი უკვე კრიტიკულად უყურებენ: “დიდია შანსი, რომ ზაიონი ტრავმიანი მოთამაშე აღმოჩნდეს. თუ ტრავმებს ხშირად არ მიიღებს, ულაპარაკოდ ტოპ-კალათბურთელი გახდება, მაგრამ უილიამსონთან დაკავშირებით რისკი ჯერჯერობით ძალიან მაღალია,” - განუცხადა ESPN-ს დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთმა ფუნქციონერმა.

ანონიმური გამოკითხვის საბოლოო შედეგები ასეთია:

📌 ლუკა დონჩიჩი 20-დან 17-მა პირველ ადგილზე გაიყვანა, 3-მა კი - მეორეზე. ქულების ჯამი: 77.

📌 ზაიონ უილიამსონი 20-დან 1-მა გაიყვანა პირველ ადგილზე, 11-მა მეორეზე, 7-მა მესამეზე და 1-მა მეოთხეზე. ქულების ჯამი: 52.

📌 ჯა მორანტი 20-დან 2-მა გაიყვანა პირველ ადგილზე, 6-მა მეორეზე, ცხრამ მესამეზე და 3-მა მეოთხეზე. ქულების ჯამი: 47.

📌 ტრეი იანგი 20-დან არცერთმა გაიყვანა პირველ, ან მეორე ადგილზე. 4-მა დაასახელა მესამე ადგილზე და 16-მა მეოთხეზე. ქულების ჯამი: 24.

კომენტარები

ბოლო ამბები