Thumbnail
  • საერთო ჯამურ ქულებით ლიონელ მესის 11 ფეხურთელი უსწრებს
  • საუკეთესოთა სიაში კრიშტიანო რონალდო არ არის

FIFA 20-ის საუკეთესო მოთამაშე 94 "ოვეროლით" ლიონელ მესია. არგენტინელის წინააღმდეგ თამაში როგორც რეალობაში, ისე ვირტუალურ ფეხბურთში ძნელია და მისი შეჩერება საკმაოდ რთული ამოცანაა. თუ ფიქრობთ, რომ საერთო სტატისტიკით და მონაცემით (მენტალობის, ფიზიკური მონაცემების, ტექნიკის, დარტყმის, პასის და სხვა მაჩვენებლების ჯამი) მესი საუეთესოა თამაშში, ცდებით. არგენტინელს ყველა მონაცემის შეკრებით ჯამში 2201 ქულა უგროვდება. გთავაზობთ 11 მოთამაშეს, რომლებსაც საერთო ჯამში მესიზე მეტი ჯამური ქულა აქვთ...

დავიდ ალაბა [2207]

პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ლიონელ მესიზე მეტი ჯამური ქულა აქვს მცველია. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მიუნხენის ბაიერნის განაპირა მცველს მესიზე მეტი საერთო ქულა უგროვდება. FIFA-ს ავსტრიელს კარგი დრიბლინგი აქვს და კარგ გადაცემებსაც ასრულებს, მისი გამოყენება ერთდროულად რამდენიმე პოზიციაზე შეიძლება, ალაბას სკამზე ალბათ არავინ არასდროს სვამს.

რაჯა ნაინგოლანი [2208]

შემდეგი მოთამაშე 84-იანი რაჯა ნაინგოლანია, ამ ჩამონათვალში მისი ხილვა ცოტა მოულოდნელია. ბელგიელი შემტევი ნახევარმცველია, რომელსაც კარგი შორეული დარტყმა აქვს. რაჯა ასევე ტექნიკური მოთამაშეა, მას თამაში ჩამშლელ ნახევარმცველადაც შეუძლია და დაცვაში საკმაოდ კარგია. ასე რომ, მისი პროდუქტიულად გამოყენება, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაშიც შეგიძლიათ.

მარკოს აკუნია [2214]

ვინ? დიახ, დიახ სწორად წაიკითხეთ. სპორტინგის არგენტინელ მარცხენა განაპირა მცველს საერთო ჯამში თანამემამულეზე მეტი ქულა აქვს. უცნაურია არა? გეთანხმებით. აკუნიას კარგად თამაში რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია. მისი დაყენება შეგიძლიათ მარცხენა ფლანგზე ყველგან (მცველად, ნახევარმცველად, გარემარბად), თუმცა მისი ძირითადი პოზიცია მარცხენა განაპირა მცველობაა. აკუნიას შუძლია ცენტრალურ და ჩამშლელ ნახევარმცველად თამაშიც. მარკოს აკუნია საერთო მონაცემების მიხედვით, FIFA 20-ში საუკეთესო არგენტინელი მოთამაშეა.

მარსელო [2214]

კიდევ ერთი მარცხენა განაპირა მცველი, რომელიც ჯამური ქულებით ლიონელ მესის უსწრებს. ალაბასგან განსხვავებით, მარსელო ძლიერია და ფიზიკური მონაცემებიც გამორჩეული აქვს. იგი თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული მოთამაშეა. გარდა დაცვითი ფუნქციების შესრულებისა, იგი ძალიან კარგია შეტევაში და მისი წინ აქტიური ჩართვა გუნდისთვის მომგებიანია.

ბრუნო ფერნანდეში [2215]

ბრუნო ფერნანდეში განსაკუთრებულად კარგი დაცვითი მახასიათებლებით არ გამოირჩევა, უკან თამაში მისი ძლიერი მხარე არა არის, თუმცა მას ძალიან კარგი ტექნიკური მონაცემები აქვს. პორტუგალიელით თამაშით სიამოვნების მიღება შეგიძლიათ.

ლუკა მოდრიჩი [2216]

შემდეგი მოთამაშე 2018 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული ლუკა მოდრიჩია. ხორვატ ნახევარმცველს პასების მაჩვენებელი მაღალ დონეზე აქვს. მოედნის ცენტრში იგი ერთ-ერთი საუკეთესოა. 

ალექს ტელესი [2218]

შემდეგ მოთამაშეს Ultimate Team-ის მოთამაშეები სიხარულით მიიღებენ. ეს ალექს ტელესია. პორტუს მოთამაშე ძალიან კარგია დაცვაში. აქვს დრიბლინგის მაღალი მაჩვენებელი, კარგად ასრულებს პასებს... ბრაზილიელ ფეხბურთელს თითქმის ყველაფერი აქვს, რაც FIFA-ში გჭირდებათ და გამოგადგებათ.

კევინ დე ბრუინი [2220]

მანჩესტერ სიტის მოთამაშე კევინ დე ბრუინი მოედნის ცენრტში ერთ-ერთი საუკეთესოა  თამაშში. ბელგიელს როგორც რეალურ, ისე ვირტუალურ ფეხბურთში ეფექტური გოლების გატანა შეუძლია. კევინს კარგი შორეული დარტყმა აქვს და კარგია ბურთის ართმევის დროსაც. სიტის მაესტროს საბოლოო ჯამში მესიზე მეტი ქულა აქვს.

პოლ პოგბა [2224]

კიდევ ერთი ფეხბურთელი ინგლისიდან და კერძოდ მანჩესტერიდან. მსოფლიოს ჩემპიონი პოლ პოგბა მესამეა ჯამური ქულების რაოდენობით. ფრანგს კარგად შეუძლია ბურთის კონტროლი და გრძელი გადაცემების შესრულება. იუნიტედის მოთამაშეს ძლიერი შორეული დარტყმა აქვს და მისი გამოყენებით, საჯარიმოს გარედან გოლების გატანა ხშირად შეგიძლიათ.

ანტუან გრიზმანი [2237]

ანტუან გრიზმანის მეორე ადგილზე ყოფნა ბევრისთვის უცნაურია. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი საკმაოდ მაღალი დონის კარგი მოთამაშეა, ასეთ პოზიციაზე მისი ნახვა ცოტათი უცნაურია. ანტუანს კარგი დარტყმა აქვს, იგი ტექნიკური მოთამაშეა.

არტურო ვიდალი [2247]

ბარსელონას კიდევ ერთი ფეხბურთელი და ლიონელ მესის თანაგუნდელი. ეს ჩილელი არტურო ვიდალია, რომელსაც როგორც ხედავთ, საუკეთესო ჯამური ქულა აქვს. ვიდალი ძლიერი ნახევარმცველია, რომელიც მოედნის ყველა მონაკვეთში კარგად თამაშობს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საერთო ჯამური ქულებით საუკეთესო არც ლიონელ მესია და არც კრიშტიანო რონალდო - პირველ ადგილზე ამ მხრივ ვიდალია!

EA FIFA 20 27 სექტემბერს გამოვიდა და მისი თამაში PC-ზე, Xbox One-ზე, PS4-სა და Nintendo Switch-ზეა შესაძლებელი. თამაშის სტანდარტული გამოშვების ყდაზე რეალ მადრიდის ვარსკვლავი ედენ აზარია გამოსახული, ჩემპიონთა გამოშვებაზე კი - ლივერპულელი ვირჯილ ვან დაიკი.

კომენტარები

ბოლო ამბები