Thumbnail

ძალოსნობის ფედერაცია ოლიმპიური ნაკრებისთვის ვარჯიშის უფლებას ითხოვს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ძალოსნობის მსოფლიო ფედერაცია ჩემპიონატების გაუქმებას არ გეგმავს
  • კახი კახიაშვილმა მთავრობას მიმართა, რომ ნაკრებს ვარჯიშის საშუალება მიეცეს

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის გვერდზე ფედერაციის პრეზიდენტის მიმართვა გამოაქვეყნდა. სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, კახი კახიაშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიო ძალოსნობის ფედერაცია ჩანიშნული ტურნირების გაუქმებას არ აპირებს და შემოდგომაზე ძალოსნებს რამდენიმე ტურნირზე გამოსვლა მოუწევთ.

კახიაშვილი ითხოვს, რომ ოლიმპიურ ნაკრებს მოსამზადებელი შეკრების ჩატარების უფლება მიეცეს. ფედერაციის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ სპორტულ ბაზის გამოყოფის შემთხვევაში, ნაკრები იქნება საკარანტინო მდგომარეობაში და დაიცავს სოციალურ დისტანციას.

📋 მეტი ამ თემაზე: 

ნაკრების წევრების ფორმაში შესვლას გარკვეული დრო დასჭირდება. შესაბამისად, მათ ვარჯიში დროულად უნდა განაახლონ, რათა შემოდგომის ტურნირებს მზად შეხვდნენ. შეგახსენებთ, რომ ბოლოს ქართველმა ძალოსნებმა რომში გამართულ მსოფლიო თასზე იასპარეზეს, სადაც ლაშა ტალახაძემ და ანტონ პლესნოიმ 6 ოქროს მედალი მოიგეს.

კახი კახიაშვილის მიმართვა საქართველოს მთავრობასა და სპორტის ხელმძღვანელობას:

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ქვეყანაში COVID 19-ის გავრცელების საშიშროების გამო თავიდანვე ითვალისწინებს მედიცინის წარმომადგენლებისა და მთავრობის მიერ გაცემულ რეკომენდაციებსა და განკარგულებებს. ძალოსნობის ყველა ასაკობრივი ნაკრები გუნდის წევრებმა თავიდანვე შეწყვიტეს შეკრებები და ვარჯიშს შინ, სახლის პირობებში განაგრძობენ.

მოგეხსენებათ, გადაიდო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები, სპორტის ზოგიერთი სახეობის წარმომადგენლებმა საერთოდ გააუქმეს წლეულს გასამართი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები თუ სხვა საერთაშორისო ასპარეზობები, თუმცა არის გამონაკლისებიც.

ყოველ შემთხვევაში, ძალოსნობის საერთაშიროსო ფედერაცია ითვალისწინებს, რომ სპორტის ეს სახეობა უკონტაქტოა, რაც გამორიცხავს მეტოქესთან უშუალო შეხებასა და ძალოსანს მხოლოდ შტანგასთან აქვს საქმე.

ამიტომაც, ჩვენი საერთაშორისო ფერდერაცია არ გეგმავს არცერთი ჩემპიონატის გაუქმებას და შემოდგომაზე ძალოსნებს არაერთი საერთაშორისო ასპარეზობა ელით. იმის გათვალისწინებით, რომ წინ გველოდება ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშები, გთხოვთ, რომ ჩვენს ოლიმპიურ ნაკრებს მისცეთ მოსამზადებელი შეკრების ჩატარების უფლება.

მოგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაგვიშვებთ რომელიმე სპორტულ ბაზაზე, ჩვენი გუნდი იქნება საკარანტინო მდგომარეობაში და დაიცავს სოციალურ დისტანციას. ზოგიერთი ქვეყნის ნაკრები უკვე შეუდგა მზადებას ჩემპიონატებისთვის, ჩვენ კი ისევ სახლის პირობებში ვვარჯიშობთ, რაც მოყვარულისთვის დასაშვებია, თუმცა პროფესიონალურ დონეზე შეუძლებელია სპორტული ფორმის შენარჩუნება. ვშიშობთ, ჩვენი სპორტსმენები სავარჯიშო ფორმის აღდგენას დიდ დროს მოანდომებენ, რაც საბოლოოდ შედეგებზეც იქონიებს გავლენას. იმედი გვაქვს თქვენი გულისხმიერების.

საქართველოს მთავრობას და სპორტის ხელმძღვანელობას მიმართვა-თხოვნა საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ქვეყანაში...

Posted by Georgian Weightlifting Federation საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია on სამშაბათი, 28 აპრილი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები