Thumbnail

‘შეუშვით ფანები სტადიონზე!’ - ლემანმა კორონავირუსი დაამარცხა და იდეა აქვს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

გერმანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, იენს ლემანმა კორონავირუსი გადაიტანა. ამის შესახებ მან გაზეთ ‘ბილდთან’ ინტერვიუში ისაუბრა. “დაახლოებით დღენახევარი მქონდა არცისე მაღალი ტემპერატურა და მახველებდა. კორონავირუსი დამიდასტურდა და ორკვირიანი კარანტინის შემდეგ გამოვჯანმრთელდი.” - განაცხადა ლემანმა.

50 წლის ლემანის თქმით, მისთვის კორონავირუსი უფრო იოლი გადასატანი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვეულებრივი გრიპი. “თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ასე გადაიტანს. სიფრთხილე, რა თქმა უნდა, აუცილებელია,” - ამბობს იენსი.

'თუკი ტრიბუნებზე ყოველი მეოთხე სკამი იქნება დაკავებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ფანები დისტანციას დაიცავენ'

ინტერვიუში ლემანმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ის ფუნქციონერები, რომლებიც გერმანიის ჩემპიონატის უმაყურებლოდ გაგრძელებაზე ფიქრობენ: “დიახ, მე ისევ ჩემს აზრზე ვარ და ვითხოვ, რომ როცა სეზონი განახლდება, ფანები სტადიონზე გარკვეულწილად დაუშვან. სიმართლე გითხრათ, ამის საწინააღმდეგო მყარი არგუმენტები ჯერ ვერ მოვისმინე. წარმოიდგინეთ, თუკი ტრიბუნებზე ყოველი მეოთხე სკამი იქნება დაკავებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ფანები დისტანციას დაიცავენ. ხოლო ის, ვინც ამ დისტანციას დაარღვევს, სტადიონიდან გააძევონ და ფეხბურთზე დასწრება აუკრძალონ.”

შეგახსენებთ, რომ გერმანიის საფეხბურთო ლიგას (DFL) სეზონის მაისში განახლების იმედი აქვს - ოღონდ, მაყურებლების გარეშე.

“მიუნხენის ‘ალიანც არენაზე’ 70 000 მაყურებელი ეტევა. რატომ არ შეიძლება, რომ 20 000 შევუშვათ და ისინი ისე განვათავსოთ, რომ ერთმანეთთან ახლოს არ იყვნენ? ფაქტია, უნდა მოვიმოქმედოთ რაღაცები იმისათვის, რომ ეკონომიკამ გამოიღვიძოს. ეს ეხება ყველაფერს და მათ შორის, ბუნდესლიგასაც,” - თქვა ლემანმა ჯერ კიდევ 19 აპრილს, Sport1-ის გადაცემა Doppelpass-ში.

კომენტარები

ბოლო ამბები