Thumbnail

ტოჩინოშინი და გაგამარუ ისევ დაქვეითდნენ - მაისის ბაშო ჩაშლის პირასაა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ტოჩინოშინი მე-11 მაეგაშირა გახდა, გაგამარუ კი უკვე მე-4 დივიზიონშია
  • კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამო, ნაცუ ბაშო, შესაძლოა, გაუქმდეს

იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული რეიტინგი იგივე ბანძუკე გამოაქვეყნა, სადაც ორივე ქართველ სუმოისტს უკუსვლა შეეხო.

მაკუუჩის განახლებული ბანძუკე

თავდაპირველად, ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილ ლევან გორგაძეზე ვთქვათ, რომელიც უმაყურებლოდ ჩატარებულ მარტის ბაშოზე მე-9 მაეგაშირას წოდებით წარსდგა და უარყოფით ბალანსს (6 მოგება, 9 მარცხი) ვერ გადაურჩა.

შედეგად, ქართველი სეკიტორი კლასიფიკაციაში 2 პოზიციით დაქვეითდა და მაისის სუპერტურნირზე დასავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობა მოუწევს.

მოგეხსენებათ, დიდი ხანია, ტოჩინოშინს ტრავმები აწუხებს, რაც მას დოჰიოზე სრული დატვირთვით გარჯის საშუალებას არ აძლევს, ამდენად, სამომავლოდ რაიმე პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია.

იდენტური ვითარება გვაქვს თეიმურაზ ჯუღელთან იგივე გაგამარუსთან დაკავშირებითაც, რომელმაც ქრონიკული ტრავმის გამო, მარტის ბაშო საერთოდ გამოტოვა და ახალ რეიტინგში უკვე რანგით მე-4 დივიზიონში აღმოჩნდა. გაგამარუს სანდანმეში 28-ე საფეხური ერგო, თუმცა, დიდი შანსია, დოჰიოზე ვერც მაისში ვიხილოთ.

სხვა საქმეა, რომ მოახლოებული ტურნირი შესაძლოა საერთოდაც ჩაიშალოს, რისი მიზეზიც მსოფლიოს მოდებული კორონავირუსია.

შეგახსენებთ, რომ ნაცუ ბაშო 10 მაისს უნდა დაწყებულიყო, პანდემიის ფონზე კი, ახალ ვადად 24 მაისიდან 7 ივნისამდე პერიოდი დაითქვა. ამასთან, გაუქმდა აპრილში დაგეგმილი ყველა ერთობლივი ვარჯიში, სპარინგი თუ ტურნე.

სიტუაცია ორიოდ დღის წინ კიდევ უფრო გართულდა, როდესაც კორონავირუსი ოიაკატა ტაკადაგავას, ძურიოს დივიზიონის წევრ ჰაკუიოძანსა და კიდევ ოთხ რიკიშის დაუდგინდა, რომელთა ვინაობაც არ ხმაურდება.

53 წლის მწვრთნელი სწორედ ჰაკუიოძანის აღმზრდელია, მის შეგირდებს შორის კი, უმაღლესი მაკუუჩი დივიზიონის 2 ბინადარი – რიუდენი და კაგაიაკიც იმყოფება, რაც რისკებს ძალიან ზრდის.

დღევანდელმა რეიტინგმა ყველაზე მეტად ასანოიამა გაახარა, რომელსაც ოძეკის წოდება მიანიჭეს

მოსალოდნელია, რომ იაპონიის სუმოს ასოციაცია გადაწყვეტილების მიღებას ბოლო წუთამდე გაწელავს, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში, კალენდარი კიდევ უფრო აირევა.

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, არსებული პაუზის შენარჩუნება ქართველი სუმოისტებისთვის სასურველი უნდა იყოს, რადგანაც მათ ფორმაში შესასვლელად მეტი დრო ექნებათ.

ვთქვათ ისიც, რომ ამ დროისთვის, იაპონიაში 13 441 ადამიანია ინფიცირებული, 372 კი გარდაიცვალა. მსოფლიოს მასშტაბით, გაცილებით საგანგაშო ციფრები გვაქვს: 3 006 113 ინფიცირებული და 207 265 გარდაცვლილი.

კომენტარები

ბოლო ამბები