Thumbnail

'ამაზე ფულის დადება შეგიძლიათ' - ხაბიბის პროგნოზი ფერგიუსონი-გეიჯის წინ

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ხაბიბის პროგნოზით, ბრძოლას გეიჯი მოიგებს
  • ის ფერგიუსონისთვის სტილისტურად უხერხული მეტოქეა

გადადებული UFC 249 9 მაისს გაიმართება. სპორტის მოყვარულებისთვის ეს დიდი საჩუქარია - ბოლო თვენახევრის განმავლობაში ეს პირველი დიდი სპორტული ღონისძიება იქნება.

ამერიკაში სამხრეთის შტატებმა შეზღუდვები თითქმის მთლიანად მოხსნეს და დანა უაითს კუნძულის ქირაობა და სხვა ორიგინალური გეგმების განხორციელება არ მოუწევს. ბრძოლა სრულიად ლეგალურად შედგება. ეს ბრძოლა ფლორიდაში, ჯეკსონვილში გაიმართება.

მთავარი ამბავი ტონი ფერგიუსონი და ჯასტინ გეიჯის ბრძოლაა. ხაბიბის უარის შემდეგ ფერგიუსონმა გარისკა ყველაფრით, რასაც ბოლო წლებში მიაღწია და გეიჯისთან ბრძოლას დათანხმდა. გამარჯვებული ხაბიბთან საჩემპიონო ბრძოლას შემოდგომაზე გამართავს - ასეთია დანა უაითის დაპირება.

ბრძოლის წინ ხაბიბის მენეჯერმა ალი აბდელაზიზმა მისი კლიენტის პოტენციურ მეტოქეებზე პროგნოზი გააკეთა. მისი თქმით, ხაბიბი ფიქრობს, რომ ამ ბრძოლას გეიჯი 2-3 რაუნდში მოიგებს, რადგან სტილისტურად იგი ფერგიუსონისთვის უხერხული მეტოქეა. იქვე დაამატა, რომ ხაბიბის პროგნოზში ეჭვის შეტანა არ ღირს: "ხაბიბი დარწმუნებულია, რომ მისი შემდეგი ოპონენტი გეიჯი იქნება. მას სჯერა, რომ ჯასტინი ტონის ნოკაუტში ჩააგდებს. მისი პროგნოზები ხდება ხოლმე. ამაზე შეგიძლიათ ფული დადოთ. ხაბიბი ისეთ რაღაცებს ხედავს, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ".

შერეული ბრძოლების სამყაროში ფავორიტად ტონი ფერგიუსონი მიიჩნევა, თუმცა ყველა თანხმდება, რომ მას წინ ძალიან რთული ბრძოლა ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები