Thumbnail

დანიამ შესაძლოა ევრო 2020-ს ვეღარ უმასპინძლოს - მიზეზი უცნაურია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • დანიამ შესაძლოა ევრო 2020-ის მატჩების მასპინძლობა ვერ მოახერხოს
  • დანიის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტის თქმით, ამის შანსი 50/50-ზეა
  • უცნაურია, მაგრამ მიზეზი არა კორონავირუსი, არამედ ტურ დე ფრანსია

დანიამ შესაძლოა უარი თქვას ევრო 2020-ის მატჩების მასპინძლობაზე, რომელიც გეგმის თანახმად, კოპენჰაგენში უნდა ჩატარდეს. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპის ჩემპიონატი, რომელიც წელს ზაფხულში უნდა გამართულიყო, უეფამ ერთი წლით, 2021 წლის ზაფხულისთვის გადაავადა. სწორედ ამ დროს დანიაში ველორბოლა "ტურ დე ფრანსის" რამდენიმე ეტაპის ჩატარებაა დაგეგმილი.

დანიელები დარწმუნებულნი არ არიან, რომ ორივე ტურნირის ორგანიზებას მოახერხებენ და როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში საფრთხის ქვეშ საფეხბურთო მატჩების ჩატარება დგება.

"კოპენჰაგენში მატჩების ჩატარების ალბათობა 50/50-ზეა. მზად ვართ, ჩავატაროთ ისინი, მაგრამ ამას ვერ მოვახერხებთ პარტნიორების უპირობო მხარდაჭერის გარეშე. დარწმუნებული მაშინ ვიქნები, როდესაც საბოლოო შეთანხმებას დავდებთ", - აქვეყნებს Sky Sports დანიის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტის იესპერ მიოლერის სიტყვებს. 

ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელიც უეფას 12 წევრი ასოციაციის 12 ქალაქში უნდა ჩატარდეს, 2021 წლის 11 ივნისს უნდა დაიწყოს და 11 ივლისს დასრულდეს. მიუხედავად ამისა, უეფამ ტურნირს სახელწოდება შეუნარჩუნა - ევრო 2020.

დანია B ჯგუფში ბელგიის, ფინეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად გამოდის. ჯგუფურ ეტაპზე დანიელთა შეხვედრებს კოპენჰაგენმა "პარკენზე" უნდა უმასპინძლოს.

კონტინენტის რიგით მე-16 პირველობის ფინალური სტადიის მონაწილე 20 ნაკრები უკვე ცნობილია და ჯგუფებიც დაკომპლექტებულია (არასრულად). კიდევ 4 საგზურისთვის ბრძოლას 16 ნაკრები, მათ შორის საქართველოც აგრძელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები