Thumbnail
  • მადრიდელებს იმედი აქვთ, რომ ბასკონია ტრანსფერს კრიზისის გამო დათანხმდება
  • რეალის კონკურენტი იტალიური მილანია, რომელსაც ასევე სერიოზული მიზნები აქვს

ესპანური ბასკონიას 28 წლის ქართველი კალათბურთელის თორნიკე შენგელიას მადრიდის რეალში ტრანსფერი სულ უფრო რეალური ხდება.

ის, რომ “სამეფო კლუბი” თოკოს გადაბირებით არის დაინტერესებული, ადრეც გაუწყეთ, ახლა კი, ახალ დეტალებს Defensacentral ავრცელებს.

როგორც ირკვევა, მადრიდელთა თავკაც პაბლო ლასო შენგელიას შეძენა ძალიან სურს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. ქართველი მძიმე ფორვარდის რეალში გადაბარგების შესახებ 2017 წელსაც იწურებოდა, თუმცა, მაშინ ტრანსფერი არ შედგა, ახლა, მადრიდელებს მე-2 მცდელობა ექნებათ.

თორნიკე შენგელიას მადრიდელთა წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშია

შეგახსენებთ, რომ თორნიკე ბასკონიაში 2014 წელს ჩაირიცხა, 2018 წლის ზაფხულში კი კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა და ამ დროში 6.5 მილიონი ევრო უნდა მიიღოს. რეალის შანსიც სწორედ აქ სჩანს.

“ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორც გადაიტანს მოსალოდნელ კრიზისს ბასკონია, რომელსაც დიდი ფინანსური შესაძლებლობები არ გააჩნია და შესაძლოა, ლიდერთან დამშვიდობება სწორედ ამიტომ მოუწიოს”, - წერს აღნიშნული ვებ-გვერდი.

მადრიდული გამოცემის აზრით, შენგელიას შემატების შემთხვევაში, რეალს ლეგიონერების კვოტასთან დაკავშირებული პრობლემებიც არ შეექმნება, რადგანაც გუნდში დიდი ცვლილებები იგეგმება.

“გადაწყვეტილია, რომ რეალის დატოვება მოუწევს სალაჰ მეჯრის და დიდი ალბათობით, კონტრაქტს არც ტრეი ტომპკინსს გაუგრძელებენ. გუნდის ფარქვეშ დამატებითი სივრცე გაჩნდება იმის გათვალისწინებითაც, რომ კარიერის დასრულებას აპირებს რეალის ვეტერანი ვარსკვლავი ფელიპე რეიესი”.

Defensacentral-ის ცნობით, აღნიშნულ ფონზე მადრიდელთა კიდევ ერთი საფიქრალი მილანს უკავშირდება. იტალიური გუნდი ქართველით დაინტერესებას ასევე ღიად გამოხატავს და ფინანსურადაც მძლავრად გამოიყურება, რაც მას რეალის უმთავრეს კონკურენტად აქცევს.

კომენტარები

ბოლო ამბები