Thumbnail
  • ქართველ სპორტსმენებს ლიცენზიები ოთხ სახეობაში აქვთ მოპოვებული
  • ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2021 წლის ზაფხულში ჩატარდება

როგორც ცნობილია, წლეულს ტოკიოში დაგეგმილი ზაფხულის ოლიმპიური თამაშები საგაისოდ გადაიდო. მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის გამო, XXXII ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება.

და რა მდგომარეობაა მომავალი ტურნირის ლიცენზიანტებთან დაკავშირებით? როგორც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დღევანდელი განცხადებიდან ვგებულობთ, ამ დროისთვის, ჩვენს ქვეყანას 8 დადასტურებული ლიცენზია აქვს.

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) წევრ ფედერაციებს ოფიციალურად აცნობა, რომ შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატისა და პან-ამერიკული თამაშების შედეგების მიხედვით განაწილებული საგზურები ძალაში რჩება.

ამგვარად, იაპონიაში წასვლა უკვე განაღდებული 4 ქართველ მოჭიდავეს აქვს. ესენი ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში გიორგი მელია (97 კგ.) და იაკობ ქაჯაია (130 კგ.) არიან, თავისუფალში კი – ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ.).

დანარჩენი ლიცენზიებისთვის მოჭიდავეებს ბუდაპეშტსა და სოფიაში წლეულს მარტსა და აპრილში დანიშნულ საკვალიფიკაციო ტურნირებზე უნდა ებრძოლათ, თუმცა, პანდემიის გამო, ეს შეჯიბრებები 2021 წლის გაზაფხულისთვის გადაიდო და სავარაუდოდ, სხვა სახეობებშიც ძირითადი ბრძოლები იგივე დროს წარიმართება.

გარდა მოჭიდავეებისა, ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია დადასტურებულად მოპოვებული აქვთ ნინო სალუქვაძეს (ტყვიის სროლა), გიორგი მუჯარიძეს, ლაშა ღულელაურსა (ორივე – მძლეოსნობა) და სახილ ალახვერდოვს (კრივი).

მოგვიანებით, ლიცენზიებს ველოდებით ძიუდოში, ძალოსნობაში, ფარიკაობაში, ტანვარჯიშისა და საწყლოსნო სახეობებში, კარატეში, ჩოგბურთში, კანოეში, ტრიატლონში, მშვილდოსნობასა და კიდევ სპორტის რამდენიმე სახეობაში.

შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებლობის წლებში ყველაზე მეტი – 40 ქართველი ოლიმპიელი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე (2016) გამოვიდა. 36-36 ოლიმპიელი გვყავდა ატლანტასა (1996) და სიდნეიში (2000), ხოლო ყველაზე ნაკლები, 33 სპორტსმენი – ათენში (2004).

კომენტარები

ბოლო ამბები