Thumbnail

მტრობა, რომელიც სპორტზე მეტი იყო - მუჰამედ ალი ჯო ფრეიზერის წინააღმდეგ

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ალი-ფრეიზერის ტრილოგია კრივის ისტორიაში უდიდესი დაპირისპირებაა
  • ალის დისკვალიფიკაციის დროს ფრეიზერი ეხმარებოდა
  • მათ პირველ ბრძოლას 'საუკუნის მატჩი' ეწოდა
  • სამი ბრძოლიდან ორი ალიმ მოიგო, ერთი - ფრეიზერმა
  • თრილერი მანილაში კრივის ისტორიაში ყველაზე ეპიკური ბრძოლა იყო

ალი-ფრეიზერის ომები კრივის ოქროს ხანაა. სწორედ ამ პერიოდში მიიპყრო სპორტის ამ სახეობამ მთელი მსოფლიოს ყურადღება. ამ დაპირისპირებას თავისი კონტექსტი აქვს, რაც მას კრივის და ზოგადად სპორტის საზღვრებს მიღმა ათავსებს. ეს იყო მსოფლმხედველობითი კონფლიქტი, კონფლიქტი ხასიათებს შორის. უფრო მეტიც: ეს დაპირისპირება გამოხატავდა კონფლიქტს თავად ამერიკული საზოგადოების შიგნით. სწორედ ამიტომ, ალი ფრეიზერის წინააღმდეგ უფრო მეტია, ვიდრე სპორტული ამბავი.

ჯო ფრეიზერი, 1996 წელი: 'სიმართლე ის არის, რომ მისი ნაწილ-ნაწილ გაგლეჯვა ისევ მინდა. მეკითხებიან, ვარ თუ არა მასზე ისევ გაბრაზებული - მით უმეტეს ახლა, როცა ასაკშია და პარკინსონს ებრძვის. მისი პრობლემები არ მედარდება. როდესაც ღმერთი ალის თავისთან მოუხმობს, მის საფლავს გავხსნი და ხელმეორედ დავწვავ.’

ორი განსხვავებული გზა და ხასიათი

ფრეიზერის და ალის გზები რინგზე მათ პირველ შეხვედრამდე, ბევრად უფრო ადრე გადაიკვეთა. ალი 1960 წელს რომში გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ფრეიზერი კი 4 წლის შემდეგ - ტოკიოში. მათ შორის ასაკში სხვაობა მხოლოდ 2 წელი იყო, თუმცა მათი კარიერის დასაწყისი განსხვავებული აღმოჩნდა. ალი, მაშინ ჯერ კიდევ კასიუს კლეიდ წოდებული, თავიდანვე ძალიან ფერადი, ქარიზმატული და ხმაურიანი იყო. ხალხს იგი იოლად უყვარდა და მანაც, თავისი იმიჯის წყალობით, მალევე მოიპოვა ვარსკვლავური სტატუსი.

1964 წელს მან, სრულიად მოულოდნელად, სონი ლისტონი დაამარცხა და სულ ახალგაზრდა, 22 წლის ასაკში, მძიმე წონაში ჩემპიონი გახდა. ბრძოლის შემდეგ, რინგზევე, ის იმ ჟურნალისტებს მიუბრუნდა, რომლებიც ბრძოლის წინ წინასწარმეტყველებდნენ, რომ ლისტონი მას ცემაში მოკლავდა და მიაძახა: ‘ახლა თქვენივე სიტყვების შეჭმა მოგიწევთ, მთელი მსოფლიო შევძარი! უდიადესი ვარ, ყველაზე ლამაზი ქმნილება, ვისაც კი უცხოვრია!’

ალიმ ლისტონი დაამარცხა

ჯო ფრეიზერის გზა ბევრად უფრო რთული იყო და მხოლოდ იმიტომ, რომ მას ალის ბუნებრივი ქარიზმა, ენერგეტიკა და შოუმენური ნიჭი არ ჰქონდა. მას შემდეგაც კი, რაც ის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, მას თავისი ოჯახის რჩენა ნორმალურად არ შეეძლო. ‘ოლიმპიურ მედალს ვერ შეჭამ’ - ასე ერქვა ფრეიზერზე დაწერილ იმდროინდელი გაზეთის სტატიას. ის სამსახურს ვერ პოულობდა და იმ ზამთარს, შობას, ფრეიზერის შვილებს საჩუქრები ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჟურნალისტმა გაუკეთა.

მრავალი წლის შემდეგაც, ჯო ფრეიზერი, რომელიც 2006 წელს HBO-ს დოკუმენტური ფილმის ჩაწერისას, ფილადელფიაში თავისივე ჯიმის მეორე სართულზე, პატარა ოთახში ცხოვრობს, ალის ვერ პატიობს, რომ გარკვეულწილად მან თავისი კარიერა ფრეიზერის ხარჯზე ააგო. Smokin’ Joe ალიზე ნაკლები მებრძოლი არ ყოფილა, თუმცა ალი ისტორიას ოფიციალურად შემორჩა, როგორც ‘The Greatest (უდიადესი)', ფრეიზერი კი - მხოლოდ ერთ-ერთი დიდი ჩემპიონია.

ალი და ფრეიზერი

ჯო ფრეიზერი (როცა 1996 წლის ატლანტის თამაშებზე ოლიმპიური ცეცხლის ანთების პატივი მუჰამედ ალის შეხვდა): "ის რასისტი იყო და ‘თეთრები’ არ უყვარდა. 1964 წლის ოლიმპიური ჩემპიონი მეც ვარ და რატომ არ უნდა ამენთო ოლიმპიური ცეცხლი!?."

2011 წელს, როცა ფრეიზერი გარდაიცვალა, მისი ქონება 100 000 ამერიკულ დოლარად შეფასდა - საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი ამერიკული სტანდარტისთვის. Smokin’ Joe-ს დაკრძალვის ხარჯები საერთოდაც ფლოიდ მეივეზერმა გადაიხადა.

სულ რამდენიმე წელიწადში, როცა ალი გარდაიცვალა, მისი ქონება დაახლოებით 80 მილიონს შეადგენდა. განსხვავება ბევრად მეტია, ვიდრე მათ შორის რინგზე სხვაობა იყო.

რა ვერ აპატია ფრეიზერმა ალის

ფრეიზერი ალალი, მართალი და მაგარი კაცი იყო. სწორედ ამიტომ, ყოველთვის ფიქრობდა, რომ ალიმ ის ადამიანურად დააღალატა. ამიტომაც გახდა მათი დაპირისპირება ასე პირადული.

1964 წელს ალი მუსლიმი გახდა და აგრესიულ და ნახევრადკრიმინალურ დაჯგუფებას, Black Muslims-ს შეუერთდა. ამ ნაბიჯს რელიგიასთან საერთო ბევრი არაფერი ჰქონდა. 60-იანი წლები რასიზმის, სეგრეგაციის, ვიეტნამის ომის და ამერიკულ საზოგადოებაში შიდა კონფლიქტის პერიოდია. რასიზმი ალისთვის ყოველთვის ძალიან მტკივნეული საკითხი იყო. ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ ის მხოლოდ ‘თეთრებისთვის’ განკუთვნილ რესტორანში არ შეუშვეს. მანაც, გაბრაზებულმა, მედალი მდინარე ოჰაიოში ჩააგდო. თანაბარი უფლებებისთვის ბრძოლა მის ცხოვრებაში მთავარი ომი იყო.

ისლამი იმ დროს ამერიკულ რეალობაში ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლის რელიგია იყო. აფროამერიკელების ისლამი ‘თეთრების’ ქრისტიანობის წინააღმდეგ - დაახლოებით ასე იფუთებოდა ეს ამბავი. ისლამის მიღება ელიტების, ისტებლიშმენტის, არსებული სოციალური და საზოგადოებრივი წყობის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავდა. ალის რიტორიკაც სწორედ ამას ეფუძნებოდა - ის სისტემის წინააღმდეგ წავიდა.

1966 წელს მან ჯარში გაწვევაზე და ვიეტნამის ომში მონაწილეობაზე უარი თქვა. ეს დიდი სკანდალი იყო - ვიეტნამის კამპანია ბოლომდე დისკრედიტირებული ჯერ კიდევ არ იყო. ალი ქვეყნის მოღალატედ იქცა. მას მოკრივის ლიცენზია წაართვეს და 3 წლის მანძილზე არცერთი ბრძოლა არ გაუმართავს.

ამ პერიოდში ალის ისე უჭირდა, რომ კოლეჯებში საჯარო ლექციებს და შეხვედრებს ატარებდა, რათა ცოტა ფული მაინც ეშოვა. მის გვერდზე ჯო ფრეიზერი იდგა. Smokin’ Joe ალის ფულით არაერთხელ დაეხმარა, პრეზიდენტ ნიქსონს თავისი კონკურენტისთვის ლიცენზიის დაბრუნების თხოვნითაც მიმართა, თავისი ფეხით მივიდა საკრივო კომისიის სხდომაზე და ყველგან და ყოველთვის იცავდა ალის. ადამიანურად, კაცურად, როგორც გინდათ დაარქვით, ჯო ფრეიზერი მართალი და ღირსეული კაცი იყო.

ალის დისკვალიფიკაციის შემდეგ ჩემპიონი ჯო ფრეიზერი გახდა

ალი პირველი იყო, ვინც კრივი დიდ შოუდ, Entertainment-ად აქცია. ამ პროცესში ის თავის ოპონენტებს ბოლომდე უსწორდებოდა - სონი ლისტონს ‘სუნიან დათვს’, უწოდებდა და პირდებოდა, რომ ბრძოლის მერე ზოოპარკს მიაბარებდა; ფლოიდ პატერსონს ‘კურდღელად’ მოიხსენიებდა. ალის მხრიდან მსგავსი თავდასხმა არავის უკვირდა, თუმცა ჯო ფრეიზერს გაუკვირდა და ეწყინა კიდეც. სწორედ იმიტომ, რომ გაჭირვების წლებში იშვიათი კაცი იყო, ვინც ალის მხარში ამოუდგა. მისთვის ეს ღალატი და უღირსი საქციელი იყო. Smokin’ Joe კრივს ბიზნესად არასოდეს აღიქვამდა.

ალი მას აბრალებდა, რომ მისი დისკვალიფიკაციის პერიოდში ჩემპიონობა მოიპარა და უღირსი ჩემპიონი იყო. ფრეიზერი მისთვის მის მჩაგვრელ სისტემასთან ასოცირდებოდა, სახალხოდ ‘გორილას’, სულელს’, ‘მახინჯს’ და კიდევ ბევრ სხვა ძალიან შეურაცხმყოფელ რამეს ეძახდა. მათი პირველი შეხვედრის დროისთვის, ამერიკაში საზოგადოებრივი განწყობები შეიცვალა: ვიეტნამის ომი დისკრედიტებული აღმოჩნდა, რასიზმი და სეგრეგაცია სირცხვილად იქცა, სისტემის წინააღმდეგ ახალგაზრდების ბრძოლა კი - ნორმად.

ალი, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ საზოგადოებისთვის მოღალატე იყო, წინასწარმეტყველად, ცვლილებების სიმბოლოდ იქცა. ის იყო კაცი, რომელმაც მთელი თავისი კარიერა და ცხოვრება იმ იდეებისთვის დადო სასწორზე, რაც შემდეგ მთელი ამერიკისთვის ასე პოპულარული გახდა. ეს ხალხი, მისი პირადი გულშემატკივარი, ალისთან ერთად ჯო ფრეიზერს დაესხა თავს. მას უსტვენდნენ, მის შვილებს სკოლაში შეურაცხყოფას აყენებდნენ, ოჯახს სიკვდილით ემუქრებოდნენ.

ლაპარაკში ფრეიზერს ალისთან შანსი არ ჰქონდა

ალი: 'ჯო ფრეიზერმა თავისი სახე გარეული ცხოველების ფონდს უნდა ათხოვოს. ის ისეთი მახინჯია, რომ მასთან შეხვედრის დროს უსინათლოებიც კი ქუჩის მეორე მხარეზე გადადიან. მარტო მახინჯი კი არა, სუნიანიც. რას იფიქრებენ ჩვენზე?! მის გამო ჩვენზე იფიქრებენ, რომ ცხოველები ვართ.'

ყველაზე შეურაცხმყოფელი კი ის იყო, რომ ალი, რომელსაც მთელი ამერიკა უსმენდა, ფრეიზერს სახალხოდ, წლების მანძილზე Uncle Tom-ად იხსენიებდა.

Uncle Tom - ყველაზე დიდი შეურაცხყოფა

ჰარიეტ ბიჩერ სტოუს ‘ბიძია ტომის ქოხი’ ქართულ რეალობაში, რატომღაც, საბავშვო წიგნია. ქართული ‘ბიძია თომა’ ანუ Uncle Tom აფროამერიკელებისთვის ტრავმის და ჩაგვრის სიმბოლოა. Uncle Tom მათთვის ის კაცია, რომელიც მენტალურადაც დამონებულია, ბრძოლის, წინააღმდეგობის, სურვილიც კი აღარ აქვს და თავის მჩაგვრელებს მდუმარედ ემსახურება. Uncle Tom აფროამერიკელისთვის დღემდე ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა.

ალიმ და ფრეიზერმა 4 წლის მანძილზე სამჯერ იჩხუბეს. მთელი ამ დროის მანძილზე, ალი თავის ოპონენტს ‘თეთრების’, სისტემის დაქირავებულ მსახურად და მონად წარმოაჩენდა. ეს ძალიან უსამართლო იყო.

მესამე ბრძოლის წინ - მანილაში

თავად ალი, აფროამერიკული სტანდარტით, საშუალო ფენის ოჯახში აღიზარდა. მის ოჯახს შეეძლო იმის ფუფუნება ჰქონოდა, რომ დედას არ ემუშავა და თავისი დრო შვილების აღზრდისთვის დაეთმო.

თუ ვინმე იყო აფროამერიკელთა ჩაგვრის და მათი ბრძოლის სიმბოლო, ეს ჯო ფრეიზერი იყო. მისი ცხოვრების გზა ჰოლივუდური კინოს სცენარს გავს. ჯო ოჯახში მე-12 შვილი იყო, სამხრეთ კაროლინის პატარა ქალაქ ბიუფორტში დაიბადა და გაიზარდა, რომელსაც ‘ამერიკის შიმშილის დედაქალაქს’ უწოდებდნენ. მისი მშობლები თეთრკანიანი ფერმერის პლანტაციებში, მიწაზე მუშაობდნენ. მამამისს მარცხენა ხელი არ ჰქონდა და როდესაც ხელით მიწას ხნავდა, პატარა ჯო მას ამ დროს ეხმარებოდა. სწორედ აქედან მოდის მისი მომაკვდინებლად ძლიერი ცაციის ამბავი - მამამისის ამპუტირებული მარცხენა ხელის გამო, მოხვნის დროს დაწოლა უფრო მეტად ჯოს მარცხენა ხელზე იყო. უფრო მარტივად რომ ვთქვა - ხარებს მარჯვენა ხელით მამამისი რუბენი მართავდა, მარცხენა ხელით - ჯო. მათი საკუთარი მიწა იმდენად უნაყოფო იყო, რომ მასზე ხორბალიც არ მოდიოდა - მხოლოდ ბამბა და საზამთრო.

ფრეიზერი ალიზე: 'ის მუდამ გეტოებზე ლაპარაკობს, მაგრამ რა იცის მან გეტოების შესახებ?!'

ეს ფაქტობრივი მონათმფლობელობა იყო. როდესაც ერთ-ერთმა ადგილობრივმა ფრეიზერის მშობლები დაჭრა, მისმა პატრონმა ის ციხიდან მალევე გამოაშვებინა - მხოლოდ იმიტომ, რომ კარგი მუშახელი სურდა და ამის შემდეგ თავის მიწაზე უფრო მეტს ამუშავებდა.

1950 წელს ოჯახმა ტელევიზორი იყიდა. სამეზობლო ფრეიზერებთან იკრიბებოდა და კრივს უყურებდა. სწორედ მაშინ უწინასწარმეტყველა ბიძამ 6 წლის ჯოს, რომ ის შემდეგი ჯო ლუისი იქნებოდა. თავისი ფიზიკური ძალით ის ბავშობიდან გამოირჩეოდა - სკოლაში სხვა ბავშვები მას სენდვიჩს ჩუქნიდნენ, რათა ‘ბულინგისგან’ და ჩაგვრისგან დაეცვა ისინი.

ჯო ფრეიზერი: 'თუკი ვინმეს ჩაგვრაში გამოვიჭერდი, ის ძალიან ინანებდა - ‘ბილი ბოი’ (ასე ეძახდნენ ჯოს ბავშვობაში) ყველას ჭკუას ასწავლიდა.'

ბიძის ამ შენიშვნის შემდეგ, მეორე დღესვე ხელნაკეთ ტომარაზე ვარჯიში დაიწყო. შემდეგი წლების მანძილზე თავის ეზოში დარტყმას მუდამ ავარჯიშებდა.

15 წლის იყო, როდესაც ფერმის პატრონს, ჯიმ ბელამის დაუპირისპირდა, რომელმაც სხვა აფროამერიკელი მოზარდი ქამრით გაამათრახა. დედამისმა ურჩია: 'თუ ‘თეთრებს’ ვერ ეგუები, მაშინ წადი, არ მინდა, რამე მოგივიდეს.'

15 წლის ჯომ კოკა კოლას პლანტაციებზე და მშენებლობებზე მუშაობით წასასვლელი ფული იშოვა, ბარგი ჩაალაგა და ფილადელფიაში ჩავიდა.

იქ ის თავიდან მძიმედაც შრომობდა, მანქანებსაც იპარავდა და ხორცის საწყობში დაკიდებულ ნაჭრებზე ვარჯიშობდა კიდეც (მოგვიანებით, სწორედ ეს სცენა აიღეს ‘როკის’ გადაღების დროს).

ფილადელფია კრივისთვის საკულტო ქალაქია - ამ სპორტის უდიდესი ტრადიციებით. დღემდე, ამერიკის ყველაზე გაჭირვებულ მეგაპოლისად მიიჩნევა - ფილადელფიაში უბრალო და მშრომელი ხალხი ცხოვრობს. ჯო ფრეიზერიც თავისიანებში მოხვდა. სიცოცხლის ბოლომდე ამ ქალაქში ცხოვრობდა და ალბათ ყველაზე მეტად გამოხატავდა ფილადელფიის სულსა და ფასეულობებს.

სწორედ ფილადელფიაში გახდა იგი Smokin’ Joe. მწვრთნელი რინგზე გასვლის წინ ეუბნებოდა: 'გადი და ისე გააკეთე, რომ შენმა ხელთათმანებმა ბოლი გამოუშვას.'

ჯო ფრეიზერის ცხოვრება ყველაზე სტანდარტული აფროამერიკული ისტორიაა - ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლის ამბავი. ფრეიზერი აფროამერიკული საზოგადოების სიმბოლო უნდა ყოფილიყო, ალიმ კი ისე ქნა, რომ ის სრულიად უსაფუძვლოდ მოღალატედ გამოიყვანა. ლაპარაკში ფრეიზერი ალის ვერ მოუგებდა. ხალხმაც მას დაუჯერა და რატომღაც მოხდა ისე, რომ ალი აფროამერიკელთა ბრძოლის და პროტესტის სიმბოლოდ იქცა, ფრეიზერი კი მის მოწინააღმდეგედ. 'მან მე ჩემი ხალხი გადამკიდა' - წლების შემდეგაც Smokin’ Joe ალის ამას არ პატიობდა.

მუჰამედ ალი: 'ჯო ფრეიზერი არის Uncle Tom. ის მტრებზე მუშაობს’.

ჯო ფრეიზერი: "კლეიმ იცოდა ჩემი ცხოვრების გზა. იცოდა, რა გავიარე, იცოდა მთელი ის ტანჯვა, რაც მე, როგორც აფროამერიკელმა გადავიტანე. იცოდა, სად გავიზარდე, ამის მიუხედავად, მან მეც და ჩემი შვილებიც მაინც დასაცინად გვაქცია. ჩემზე ამბობდა, რომ მე ‘თეთრი ჩემპიონი’ ვარ შავი კანის ქვეშ.’

საუკუნის ბრძოლა

სწორედ ამ მოცემულობით შეხვდნენ ისინი ერთმანეთს. კრივში ტერმინ ‘საუკუნის ბრძოლას’ ხშირად გაიგებთ. ეს ტერმინი 1971 წლის 8 მარტიდან მოდის. ბრძოლას ნიუ იორკი და მისი ლეგენდარული ‘მედისონ სკვერ გარდენი’ მასპინძლობდა. ეს იყო მოვლენა, რომელმაც კრივი მთელი მსოფლიო სპორტის ეპიცენტრში დააყენა. ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი რომ წარმოიდგინოთ, სწორი ასოციაცია გექნებათ. მეტიც, ეს ბრძოლა სოციალური და კულტურული ფენომენი გახლდათ. იმდროინდელი ამერიკის მთელი პოლიტიკური და გასართობი ინდუსტრიის ელიტა აქ იყო. ბილეთის შეძენა მხოლოდ მას შეეძლო, ვისაც სოლიდური კონტაქტები ჰქონდა. ადამიანები სხვების დასანახად მიდიოდნენ - ამ ბრძოლის ნახვა სოციალურ სტატუსს ნიშნავდა.

ბრძოლის კადრები შემორჩენილია და თავისი ვარსკვლავური ატმოსფეროთი და გაპრანჭულობით უფრო ოსკარის დაჯილდოებას ჰგავს.

ორივე მოკრივე ბრძოლისთვის გარანტირებულ 2.5 მილიონ დოლარს მიიღებდა - იმ დროისთვის კოლოსალურ თანხას. ორივე მათგანი დაუმარცხებელი იყო - ალი დისკვალიფიკაციამდე იყო მძიმე წონის ჩემპიონი, ფრეიზერმა კი ეს ტიტული მისი სამწლიანი დისკვალიფიკაციის დროს მოიპოვა.

ალი თოკებთან ფრეიზერი შეტევაზე

ორივე მათგანს განსხვავებული სტილი ჰქონდა - ალი ერთი თავით უფრო მაღალი იყო და მთელი 13 სანტიმეტრით გრძელი ხელები ჰქონდა. ის უკეთ მოძრაობდა და საუკეთესო იყო დისტანციის კონტროლში. ფრეიზერი უფრო აგრესიული იყო და სახიფათო მოკლე მანძილზე, უფრო მეტად ეხერხებოდა შეტევა და მეტი ბრძოლა ჰქონდა ნოკაუტით დასრულებული. განსაკუთრებით სახიფათო მისი ლეგენდარული მარცხენა ჰუკი იყო.

Smokin’ Joe რინგზე მოძრაობით განთქმულ ოპონენტს დაპირდა, რომ ვერ დაუსხლტებოდა: 'რინგი გახდება შენთვის უფრო და უფრო პატარა, მე კი უფრო და უფრო დიდი'.

მოკრივეებმა 15 რაუნდი იომეს. ფრეიზერი უკეთესი იყო. მე-11 რაუნდში მაგრად მოარტყა, მე-15 რაუნდში მარცხენა ჰუკი და ნოკდაუნი. საბოლოოდ, ქულებით გამარჯვება.

ჯო ფრეიზერი: "როცა ბრძოლა დასრულდა, ვუთხარი, დღეს შენ ჭკუა გასწავლე.’

ალი: ‘არავის შეუძლია დაარტყას ისე მაგრად და ისე ძლიერად, როგორც ჯო ფრეიზერს.’

მეორე ბრძოლა და ჯორჯ ფორმენი

ისინი მძიმე წონაში საუკეთესოები თითქმის 10 წელი იყვნენ. თუმცა პირველი ბრძოლის შემდეგ, მათ შორის ჯორჯ ფორმენი შეიჭრა. 1973 წელს ფორმენმა იამაიკაში ფრეიზერი სასტიკად გალახა - 6-ჯერ დააგდო ორ რაუნდში. ალი-ფრეიზერის შემდეგი ბრძოლა ისევ ნიუ იორკში გაიმართა. გამარჯვებული ფორმენთან საჩემპიონო ბრძოლის გამართვის უფლებას მიიღებდა. მათი ეს შეხვედრა შედარებით ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა. ალიმ 12 რაუნდის შემდეგ ქულებით გაიმარჯვა.

პოსტერი მეორე ბრძოლის წინ

ამას კი მოყვა ზაირის ჯუნგლებში ალის ფორმენთან ბრძოლა და ისტორიული გამარჯვება. ფრეიზერთან მესამე ბრძოლის წინ ალი უკვე ცოცხალი ლეგენდა იყო.

თრილერი მანილაში

1975 წლის 1 ოქტომბერს ფილიპინებში, მანილაში, კრივის ისტორიაში ალბათ ყველაზე ეპიკური ბრძოლა შედგა. ჯო ფრეიზერს ალის ლეგენდის მოსპობა სურდა - ეს მისი ბოლო შანსი იყო. კრივი ისეთი სპორტია, შეიძლება ერთმა ბრძოლამ მთელი კარიერა შეცვალოს. ასე მოხდა მანილაშიც: 38-გრადუსიან სიცხეში, ფაქტობრივად, კონდიცირების გარეშე ორივე მოკრივე 14 რაუნდის განმავლობაში ბრუტალურად ცემდა ერთმანეთს.

ერთმანეთის მოსპობის, ანგარიშების გასწორების სურვილი ყველაფერზე მეტი იყო. ალის აღიარებით, ეს ბრძოლა იყო ‘სიკვდილთან ყველაზე ახლოს მდგომი რამ’. წლების შემდეგ, როცა ალის კითხავენ, ნანახი აქვს თუ არა მას ამ ბრძოლის ვიდეოვერსია, ის უპასუხებს, რომ არანაირი სურვილი არ აქვს ჯოჯოხეთის ნახვის.

ალი: 'ჩვენ მანილაში ჩემპიონები ჩავედით - მე და ჯო ფრეიზერი. უკან ორი მოხუცი კაცი დავბრუნდით.'

ფორმენთან განადგურების შემდეგ, ცოტას თუ სჯეროდა ჯო ფრეიზერის. ბრძოლის დასაწყისშივე გაირკვა, რომ ისინი ცდებოდნენ. ალიმ პირველსავე რაუნდში უთხრა: 'მე მითხრეს, რომ შენ უკვე დამთავრებული იყავი'.

'გატყუებდნენ' - მიიღო Smokin’ Joe-ს მოკლე პასუხი.

პირველი რაუნდები ალიმ მოიგო, შუა რაუნდები ფრეიზერის სასარგებლოდ წავიდა. მე-12 რაუნდში ალი დაბრუნდა და ფრეიზერს მარცხენა თვალი ისე დაუზიანა, რომ ვეღარ ხედავდა. ამას მარჯვენა თვალში მიღებული კიდევ ერთი დარტყმა მოჰყვა. ფრეიზერმა მხედველობის დიდი პროცენტი დაკარგა. მისი მხედველობა დაახლოებით 10 პროცენტით იყო შენარჩუნებული, თუმცა მაინც იბრძოდა. მე-13 და მე-14 რაუნდებში ალის ტოტალური უპირატესობა ჰქონდა, ფრეიზერი ვეღარ ხედავდა, დარტყმებს იღებდა, ფეხზე რჩებოდა და მაინც არ ნებდებოდა. მე-15 რაუნდის წინ, ედი ფატჩმა, ფრეიზერის მწვრთნელმა, მას რინგზე გასვლის საშუალება არ მისცა. მას ეშინოდა, რომ ბრძოლა შესაძლოა Smokin’ Joe-ს სიკვდილით, ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით დასრულებულიყო. უკეთესი მდგომარეობა არც მეორე კუთხეში იყო - ალის მიღებული დარტყმების შემდეგ ფილტვებში სისხლი ჩაექცა და არც მის მწვრთნელებს სურდათ ბრძოლის გაგრძელება.

ფრეიზერი ბოლომდე ითხოვდა, მისთვის მე-15 რაუნდში ბრძოლის უფლება მიეცათ. ალიმ გაიმარჯვა. მთელი მომდევნო წლების მანძილზე, ჯო ფრეიზერი არაერთხელ იტყვის: შანსი რომ მისცენ, მანილაში იმ საღამოს დაბრუნდებოდა და ბოლო რაუნდსაც იბრძოლებდა, მიუხედავად იმისა, რომ ის თითქმის ვეღარ ხედავდა და ალის ბრუტალური დარტყმების მიღება უწევდა.

ისტორიული ფოტო - ალი ფრეიზერის ცაციას იცილებს

ჯო ფრეიზერი: 'ჩვენ გლადიატორები ვიყავით. მე ის არ დავინდე და არც მან დამინდო. მე ის არ მიყვარს, მაგრამ უნდა ვაღიარო, რინგზე კაცია! მანილაში ისეთები დავარტყი, რომ ეს დარტყმები შენობას დაანგრევდა. მან ის დარტყმები მიიღო და მათი ატანა შეძლო. ასეთ კაცს პატივისცემა ეკუთვნის. მე ის სახლში უარესი გავუშვი, ვიდრე ჩამოვიდა - ის ლაპარაკობდა მანილაში სიკვდილზე და არა მე.'

ალი: ‘ისე იღლები, რომ ასეთ მომენტებში შენს თავს ეკითხები: ‘ამას რატომ ვაკეთებ? მენტალურად იმდენი ენერგია გიჯდება, რომ ეს მთლიანად გცვლის. ჩემ თავს ვეკითხებოდი: ‘რა მინდა, რატომ ვიბრძვი ამ არაადამიანურად ძლიერი კაცის წინააღმდეგ?! ღმერთმა დაიფაროს ჯო ფრეიზერი - ის დიდი კაცია!’

მთავარი ამბავი კი ბრძოლის შემდეგ მოხდა: ალიმ ფრეიზერის შვილს, მარვისს მის გასახდელში შესვლა სთხოვა. როდესაც მარვისი შევიდა, ალი იწვა, გასიებულ თვალებს ვერ ახელდა, სიცხის გამო დეჰიდრიზაცია ჰქონდა, ტუჩი გახეული და მთელ სხეულზე სისხლიანი ლაქებით და ჩალურჯებებით. მან ადგომა და ხელის ჩამორთმევაც კი ვერ შეძლო. ალიმ მარვისს უთხრა: 'მამაშენს გადაეცი, რომ ყველაფერი, რაც მასზე ვთქვი, სერიოზულად არ მითქვამს. მამაშენი მაგარი კაცია. მე იმ დარტყმებს ვერ ავიტანდი, რაც მან დღეს აიტანა.'

ფრეიზერმა ალის ბოდიში არ მიიღო: 'რინგზე ვინც არის დაამტკიცა. ისეთ დარტყმებს გაუძლო, რომლებიც ბეტონს გახვრეტდნენ. მაგრამ, ადამიანურად, თავის ეგოს ვერ გადააბიჯა. რატომ მარვისს? თავად ჩემთვის უნდა ეთქვა პირში!.'

ბრძოლის შემდეგ ალის კარიერის დასრულება სურდა - მისი თქმით, მთელი სხეული სტკიოდა. ფრეიზერის კარიერაც დასასრულისკენ წავიდა. მანილაში მისი ბოლო დიდი ბრძოლა იყო.

შერიგება, რომელიც ბოლომდე ვერ შედგა

მანილას შემდეგ, ორივე მათგანი, ერთმანეთის, როგორც მებრძოლის მიმართ პატივისცემას გამოხატავდა. ადამიანურად კი, ფრეიზერმა ალის კიდევ ათწლეულები არ აპატია. ალიმ მას არაერთხელ მოუბოდიშა და აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს მხოლოდ ბრძოლის მედიაში უკეთ გასაყიდად აკეთებდა. Smokin’ Joe მის ბოდიშებს ისევ არ იღებდა - მაშინაც კი, როცა ალის პარკინსონის დაავადებამ მოძრაობა და მეტყველება შეუზღუდა.

პირიქით, ფრეიზერი აღნიშნავდა, რომ პარკინსონით ღმერთმა დასაჯა ალი იმისთვის, რასაც ამბობდა. კაცი, რომელიც ყველაზე მეტს და ყველაზე ხმამაღლა ლაპარაკობდა, პარკინსონმა დაადუმა. ალის პასუხი ისეთი იყო, როგორიც ძალიან დიდი კაცის პასუხი შეიძლება იყოს: 'მე მთელი ცხოვრება გამოცდის წინაშე ვიდექი. ჩემი სიმამაცე იცდებოდა, ჩემი გამბედაობა, ჩემი ნებისყოფა. ახლა ჩემი მოთმინება გამოიცდება.'

ალის პარკინსონი ბრძოლის დროს თავში მიღებულმა დარტყმებმა გამოიწვია. ფრეიზერი ბევრი წლის შემდეგ, Sports Illustrated-თან ინტერვიუში სიამაყით ამბობდა, რომ არავისგან მოხვედრია ალის იმაზე მეტი და იმაზე მაგრად, როგორც ჯო ფრეიზერისგან და აჩვენებდა თავის მუშტებს: ‘ჯო ფრეიზერებმა' (ასე უწოდებს თავის დარტყმებს) ქნა ეს.’

ფრეიზერი: ‘სამჯერ ვიბრძოლეთ. ორი მან მოიგო, ერთი - მე. მაგრამ ახლა თუ შეხედავთ, დაინახავთ მოგებული ვინც არის. მე!’

მათი ბრძოლებიდან 26 წლის შემდეგ, ალიმ ‘ნიუ იორკ თაიმსთან’ ინტერვიუში კიდევ ერთხელ მოიბოდიშა: 'ბევრი რამ ვთქვი, რაც არ უნდა მეთქვა. ბევრი ისეთი რამ ვუწოდე, რაც არ უნდა მეწოდებინა. ბოდიშს ვიხდი - ეს მხოლოდ ბრძოლების პრომოუშენისთვის გავაკეთე.'

მას შემდეგ, რაც ფრეიზერმა ეს ბოდიშიც არ მიიღო, გაბრაზებულმა ალიმ ითხოვა, მისთვის გადაეცათ, რომ ის ისევ გორილაა...

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე

ფრეიზერმა ალის მხოლოდ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 2009 წელს აპატია. ორივე მათგანი აღიარებდა, რომ მათმა ომებმა კრივის ისტორია შექმნა. რომ არ ყოფილიყო ჯო ფრეიზერი, არც ალის ლეგენდა იქნებოდა და თავად Smokin Joe-ც უფრო ნაკლებად ეპიკურად შემორჩებოდა ისტორიას.

2011 წელს, ჯო ფრეიზერის სიკვდილის შემდეგ, ალიმ ერთ-ერთმა პირველმა მიუსამძიმრა მის ოჯახს და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, დაკრძალვაზეც მივიდა. ჯო ფრეიზერის ეპიტაფიად კი ალის ძალიან დიდი სიტყვები დარჩა - ისე, როგორც მხოლოდ მას შეეძლო ეთქვა:

‘თუკი ოდესმე ღმერთი მიმიხმობს საღვთო ომისთვის, მინდა, რომ ჯო ფრეიზერი ჩემს გვერდით იბრძოდეს.'

კომენტარები

ბოლო ამბები