Thumbnail
  • ვასილ კაკოვინი რასინგში არ რჩება
  • 30 წლის პირველხაზელს TOP 14-ში სამი კლუბის ვარიანტი აქვს

ფრანგული TOP 14-ის მონპელიე კორონავირუსის პანდემიის გამო, შეწყვეტილ ჩემპიონატში 17 ტურის შემდეგ მე-8 პოზიციაზეა და პლეი ოფის საგზურისთვის იბრძვის. 

rugby-transferts.com-ის ინფორმაციით, ახალი სეზონიდან მონპელიეში კიდევ ერთი ქართველი მორაგბე შეიძლება ვიხილოთ - ვასილ კაკოვინი. 30 წლის პირველახაზელს ფრანგულ ბრივსა და ტულუზში უთამაშია, ახლა კი რასინგის წევრია. 

კაკოვინს სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება გუნდთან და უკვე გადაწყვეტილია, რომ ის რასინგში არ რჩება. ჯერ კიდევ მარტში ფრანგული Figaro წერდა, რომ ის უკლუბოდ არ დარჩებოდა, რადგან მხოლოდ TOP 14-დან სამი შემოთავაზება ჰქონდა: ბორდო, ლიონი და მონპელიე. როგორც ჩანს, არჩევანი მონპელიეზე კეთდება. 

ვასილ კაკოვინი ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში მონპელიემ ახალგაზრდა 9 ნომერს, გელა აფრასიძეს კონტრაქტი 2023 წლამდე გაუხანგრძლივა. აი, მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე კი სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს. მიქაუტაძეს მძიმე ტრავმა აქვს და კიდევ გარკვეული დრო გაუცდება. 

ამ სეზონში მომპელიეს შემადგენლობაში 14-14 თამაშში მიიღეს მონაწილეობა კოტე მიქაუტაძემ და მიხეილ ნარიაშვილმა, 11-ში ლევან ჩილაჩავამ, 8-ში უშანგი ჭეიშვილმა, 4-ში გელა აფრასიძემ. ორჯერ მოირგო მონპელიეს მაისური ლუკა აზარიაშვილმა, ერთხელ - ალექსანდრე ჭიჭაშვილმა. ჩილაჩავამ და აფრასიძემ თითო ლელოც გაიტანეს TOP 14-ის სეზონში. ვასილ კაკოვინმა რასინგში 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 17 ტურის მერე რასინგი მე-3 პოზიციაზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები