Thumbnail
  • პიტერ დრუიტი საქართველოს რაგბის კავშირში 3 თვეა მუშაობს
  • რატომ უნდა გაიხსნას ექვსი ერის კარი ბორჯღალოსნებისთვის

დაახლოებით სამი თვეა, რაც 61 წლის ინგლისელი სპეციალისტი პიტერ დრუიტი საქართველოს რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორად მუშაობს. მას საქმის საქართველოდან შესრულებაში ხელი კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა, თუმცა ის მშობლიური ინგლისიდანაც აგრძელებს ქართული რაგბის მომავალზე ზრუნვას.

დრუიტის პირველი განცდებითა და სამომავლო გეგმებით მსოფლიო რაგბი დაინტერესდა და ოფიციალურ საიტზე მისი ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა.

პიტერმა ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც საქართველოსთვის ექვსი ერის კარი უნდა გაიხსნას და იმ გეგმებზე, რასაც ის საკუთარ თავსა და "ბორჯღალოსნებს" 2023 წლის მსოფლიო თასზე უსახავს.

პიტერ დრუიტს მაღალი სპორტული მიღწევების კუთხით საერთაშორისო დონეზე მუშაობის 20-წელიწადზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს, ახლა კი ის საკუთარ გამოცდილებას ქართულ რაგბის ახმარს. საქართველოში გატარებულ მცირე პერიოდში, ის მოხიბლა ქართველების რაგბისადმი სიყვარულმა და შესაძლებლობამ, რომ ეს ქვეყანა იქცეს ნამდვილ წამყვან სარაგბო ერად.

საქართველო წამყვან სარაგბო
ქვეყანად უნდა იქცეს

''ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკისა და უელსის დარად, აქაც აქვთ პრეტენზია, რომ რაგბი იქცეს ეროვნულ სპორტულ სახეობად და ნაკრების მხარდაჭერის დონის მიხედვით, დრუიტმა სწრაფად გაათვითცნობიერა საკუთარი როლი.

"ადრე ფეხბურთი იყო ნომერ პირველი სპორტი, თუმცა რაგბი სრულად შეესაბამება ქართველების ფსიქოლოგიას, პატივისცემისა და ურთიერთთანადგომის ღირებულებებს. მათ რაგბი სისხლში აქვთ'', - აღნიშნავს 61 წლის სპეციალისტი.

ორი ძირითადი მიმართულება

ინგლისელი საქართველოს რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების მენეჯერად თებერვლის შუა რიცხვებში დაინიშნა და რაგბი ევროპის ჩემპიონატზე "ბორჯღალოსნების" სამ თამაშს უყურა, სანამ კორონავირუსის პანდემიამ ზოგადად სპორტი არ შეაჩერა. მას შემდეგ ის დისტანციურად, ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით, დევონის საგრაფოში მდებარე საკუთარი სახლიდან მუშაობს და ცდილობს, ქართული რაგბი საუკეთესო გზაზე დააყენოს, რათა ამან შედეგი მომდევნო, 2023 წლის მსოფლიო თასზე მოიტანოს.

ამისათვის მას ორი საკვანძო მიმართულება აქვს: რაც შეიძლება მეტი თამაშის ორგანიზება ტიერ1 ქვეყნებთან და10-წლიანი ხელშეკრულება სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირთან, რამაც უნდა შეამციროს დონეთა სხვაობა საკლუბო და საერთაშორისო თამაშებში.

''უპირველესად, ჩვენ უკვე გვაქვს ივლისსა და ნოემბერში, შესაბამისად, სამხრეთ აფრიკისა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებებთან თამაშის შესაძლებლობა. მეორეს მხრივ, მიმდინარეობს მუშაობა გუნდის ჩამოყალიბებაზე, რომელიც რეგულარულად ითამაშებს ქარი ქაფზე. სამხრეთ აფრიკასთან გავაფორმეთ თანამშრომლობის 10-წლიანი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს იდეების გაცვლას მწვრთნელებისა და ფიტნესის სპეციალისტებისთვის, ასევე მსაჯებისთვის. ჩვენ მათთან რეგულარულად ვითამაშებთ 18 და 20-წლამდელთა ასაკში, ასევე იგეგმება ტესტები ეროვნული გუნდისთვის.

სამწუხაროდ, არსებული პრობლემის გამო, წელს ქარი ქაფში ჩართვის საკითხი შეჩერებულია, თუმცა ყველაფერი მზადაა იმ პერიოდისთვის, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება. რაც უფრო მეტს ვიმუშავებთ პირველი დონის ქვეყნებთან, მით უკეთესი. ნებისმიერი გეგმის განსახორციელებლად საჭიროა ადამიანური რესურსი, ფინანსები და ინფრასტრუქტურა, საქართველოში კი რამდენიმე შესანიშნავი ცენტრია, სრულად აღჭურვილი მოედნებით, შესანიშნავი სატრენაჟორო დარბაზებით, კონფერენც-დარბაზებით და საცხოვრებელი ბლოკებით.

თბილისში ეროვნული ნაკრებისთვის გვაქვს სანაკრებო ბაზა, რომელიც ისეთივე კარგია, როგორიც სხვა ნებისმიერ ქვეყანაში და ვცდილობთ, ყველაფერი ისევე პროფესიონალურად გავაკეთოთ, როგორც ეს პირველი დონის ქვეყნებში ხდება. ეს ქვეყანა მზადაა ფრთების გასაშლელად და ჩვენ ძალიან გვინდა იქ ტესტ-მატჩისთვის ინგლისის ნაკრების ჩაყვანა''.

ახალი ჰორიზონტები

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მუდმივ გამარჯვებულ საქართველოს სჭირდება ახალი გამოწვევები, რათა ის გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, ვიდრე 2019 წლის მსოფლიო თასზე ჯგუფში დაკავებული მეოთხე ადგილია - იმედგაცრუება 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, სადაც მოიგო ორი შეხვედრა და მიიღო 2019 წლის მსოფლიო თასის ავტომატური კვალიფიკაცია.

''ექვსი ერის ნაწილად ქცევა ოცნებაა და არის ბევრი მიზეზი, რის გამოც თბილისი საუკეთესო გუნდებისთვის განსაკუთრებულ ადგილად იქცევა. ისინი ფანატიკურად უდგებიან რაგბის. საქართველო-რუსეთის მატჩი 50-60-ათას მაყურებელს იზიდავს და იქმნება საუკეთესო ატმოსფერო. მათ არ ექნებათ ექვსი ერის მატჩების გაყიდვის პრობლემა'', - ამბობს დრუიტი.

მან ორჯერ მოაგებინა ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებს "გრანდ სლემი" და 16 წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, რის შემდეგაც იყო ჰონკონგი და უელსი. სწორედ უელსთან მუსაობისას ჰქონდა პირველი შეხება საქართველოსთან.

''უელსის ნაკრებთან ერთად, 20-წლამდელების ჩემპიონატზე სამი კვირა გავატარე და შევიგრძენი ადგილობრივი ხალხის ბუნება. მათ განსაკუთრებული მიდგომა აქვთ საქმის მიმართ და დაინტერესებული არიან წარმატების მიღწევით. საქართველოში მუშაობა ჩემთვის უდიდესი პატივია. იქ ყველამ გულთბილად მიმიღო და ძალიან მინდა მათთვის საუკეთესო სამსახურის გაწევა. ჩემი ამოცანაა, ყურადღება მივაქციო მაღალი მიღწევების განყოფილებას, ნაკრებების მწვრთნელებს, მსაჯებს, ფიზმომზადების, ანალიტიკისა და სამედიცინო სამსახურის პერსონალს.

ვინც შეცვლის ჰეიგს?
- ეს მთავარი კითხვაა

ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება მილტონ ჰეიგის შემცვლელის მოძებნა. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, ნაკრების დროებით მთავარ მწვრთნელად ლევან მაისაშვილი მუშაობდა და დრუიტი იმედოვნებს, რომ მომდევნო წლებში მაღალ დონეზე უფრო მეტი ქართველი სპეციალისტი გამოჩნდება.

''იქ რამდენიმე შესანიშნავი მწვრთნელია და ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი კონტრაქტის ამოწურვისას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ქართველი სპეციალისტების რიგი იდგება. კულისებში სამწვრთნელო შტაბის ჩამოსაყალიბებლად დიდი მუშაობა მიდის''.

2023 წლის ხედვა

არა აქვს მნიშვნელობა, ნაკრების მწვრთნელი ქართველი იქნება თუ უცხოელი, 2023 წლის მსოფლიო თასის მეოთხედფინალში გასვლა, დრუიტს მოჰგვრის კმაყოფილების შეგრძნებას, რადგან ეს იქნება მისი სამწლიანი მუშაობის საუკეთესო დაგვირგვინება.

2023 წელს მსოფლიო თასზე უკეთესად უნდა გამოვიდეთ

''ეს არის ჩვენი გეგმა და ვფიქრობ, თუ ის შესრულდება, მთელი ერი კმაყოფილი დარჩება. ვფიქრობ, ამის მიღწევაში ისიც დაგვეხმარება, რომ მსოფლიო თასი საფრანგეთში იმართება. ბოლო მსოფლიო თასზე, ნაკრებში 17-18 მორაგბე იყო ფრანგული კლუბებიდან და როდესაც შეჩვეული ხარ გარემოს და ატმოსფეროს, ეს ბევრი წინაღობის გადალახვაში გეხმარება. მაგრამ მანამდე კვალიფიკაცია გვაქვს გასავლელი. ჯერ მომავალი წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი უნდა მოვიგოთ და ესაა ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი".

კომენტარები

ბოლო ამბები