Thumbnail

'მინდოდა, გამენადგურებინა' - საჭადრაკო ბრძოლები ონლაინ-სივრცეში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

მაშინ, როდესაც მსოფლიოს მოდებული პანდემიის გამო, საჭადრაკო ცხოვრებაც შეწყვეტილია, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა (ნორვეგია, 2863) გამოსავალი ნახა და მეგობრები ონლაინ-ტურნირზე მიიწვია.

გასაგებ მიზეზთა გამო, უცნაურ საჭადრაკო შეჯიბრზე არასტანდარტული ამბებიც მრავლად ხდება და მასზე ქვემოთ მოგითხრობთ, მანამდე კი, თვითონ ტურნირის რაობაზე ვთქვათ.

ნორვეგიელმა Magnus Carlsen Invitational-ზე შვიდი მეგობარი მიიწვია. ესენი ფაბიანო კარუანა (აშშ, 2835), დინ ლირენი (ჩინეთი, 2791), იან ნეპომნიაშჩი (რუსეთი, 2784), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2778), ანიშ გირი (ჰოლანდია, 2764), ჰიკარუ ნაკამარუ (აშშ, 2736) და ალირეზა ფიროუზა (ირანი, 2728) არიან.

ტურნირის ფორმატის თანახმად, პირველ ეტაპზე, მოჭადრაკეები ერთმანეთს 4 პარტიისგან შემდგარ რაპიდს (15 წუთი+10 წამი თითოეულ სვლაზე) თამაშობენ და გამარჯვებული 3 ქულას იღებს. თუკი შედეგი საყაიმო იქნა, ინიშნება არმაგედონი, სადაც მოგებულს 2 ქულა ერგება, დამარცხებულს კი – 1.

წრიული სისტემის შედეგებით 4 საუკეთესო მოჭადრაკე ბრძოლას უკვე ოლიმპიური სისტემით ნოკაუტ-ტურნირში განაგრძობს. 

შეჯიბრი 3 მაისამდე გასტანს, ამ დროისთვის კი, 3 ტურის პარტიებია ჩატარებული და 8.0 ქულით პირველ ადგილზე კარლსენია, 7.0 ქულა აქვს ნაკამურას, 6 – დინს, 5-5 – ვაშიე-ლაგრავს, ნეპომნიაშჩისა და კარუანას, გირსა და ფიროუზას კი ჯერ ქულაც არ აუღიათ.

ამ უკანასკნელის თამაშს ჭადრაკის სპეციალისტები განსაკუთრებით აკვირდებიან და ამას თავისი მიზეზები აქვს. 16 წლის ტალანტი მსოფლიო რეიტინგში უკვე 21-ე ადგილზე იმყოფება, ირანის ჩემპიონატი, სადაც ნიჭიერი მოჭადრაკეები არ აკლიათ, პირველად 12 წლის ასაკში მოიგო, 14 წლისა დიდოსტატი გახდა, შარშან კი, რაპიდში მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

სხვათა შორის, ათიოდ დღის წინ, ფიროუზამ უდიდესი სენსაცია შემოგვთავაზა, როდესაც ასევე ონლაინში ორგანიზებულ Banter Blitz Cup-ის ფინალში კარლსენს 8.5:7.5 სძლია და ნორვეგიელი შოკში ჩააგდო.

მაგნუსმა ის მარცხი ძალიან მძიმე გადაიტანა და ამჯერად, ირანელს სწორედ იმიტომ უხმო, რომ მასთან რევანში აეღო. ნორვეგიელისა და ირანელის დაპირისპირება მეორე ტურში შედგა და კარლსენმა 2.5:1.5 მოიგო.

“მინდოდა, ის, გამენადგურებინა”, - ასე გამოეხმაურა მაგნუსი ალირეზასთან დაპირისპირებას, რაც ფავორიტის მოტივაციას ყველაზე კარგად ასახავს, თუმცა კი, მის ამ ფრაზას საჭადრაკო სამყაროში მაინცდამაინც კარგი გამოხმაურება არ მოჰყოლია.

მე-3 ტურში მცირე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი და ამ შემთხვევაშიც, ერთ-ერთ მთავარ როლში ირანელი მოჭადრაკე იყო.

აშშ-ს სახელით მოთამაშე ჰიკარუ ნაკამარუსთან ჭიდილის დროს, ფიროუზას ინტერნეტთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. რეგლამენტის თანახმად, ამ დროს, თამაში ჩერდება და მხოლოდ ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრის შემდეგ ახლდება.

თუმცა, ნაკამურამ ჩათვალა, რომ მას ავტომატური გამარჯვება ერგებოდა და ათწუთიან შესვენებაზე გავიდა. ვინაიდან სადაო სიტუაცია შეიქმნა, ტურნირის არბიტრმა ყაიმის დაფიქსირება გადაწყვიტა, ამან კი, ალირეზას პროტესტი გამოიწვია.

ის თვლიდა, რომ უკეთესი პოზიცია ჰქონდა და პარტიის გაგრძელებას ითხოვდა, თუმცა, საკმაოდ ხანგრძლივი დებატების შემდეგ, არბიტრის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

როგორც სჩანს, ამან ფიროუზაზე უარყოფითად იმოქმედა და მან დარჩენილი 3 პარტია წააგო, საბოლოოდ კი, ნაკამურასთან 0:5.3:5 დამარცხდა.

თავისი საწუხარი აქვთ უჩვეულო ტურნირის მაყურებლებსაც, რომლებიც მოჭადრაკეებს დაუდევარ ქცევაში ადანაშაულებენ. გულშემატკივრები წერენ, რომ სათანადო დონეზე კამერა მხოლოდ კარლსენს აქვს დაყენებული და მისი გამოსახულება ნორმალურად მოდის, სხვებთან კი მხოლოდ შუბლები და წარბები სჩანს, არადა, ჭადრაკის ქომაგებისთვის მათი საყვარელი მოთამაშეების მიმიკებისთვის თვალის მიდევნება ცალკე სიამოვნებაა.

ვთქვათ ისიც, რომ არასამართლიანი თამაშის პრინციპების თავიდან ასაცილებლად, ყველა მოჭადრაკეს ოთახში დამატებითი კამერა აქვს დამონტაჟებული, სადაც მისი ქცევები კონტროლდება. ტურნირის მთავარი მსაჯი – ბერძენი პანაიოტის ნიკოლოპულოსი მკაცრად აკონტროლებს, რომ მონაწილეებს კომპიუტერში მხოლოდ სათამაშო პროგრამა ჰქონდეთ გახსნილი და ხელი არ წაუცდეთ იმ ვებ-გვერდებისკენ, სადაც ამა თუ იმ პოზიციისთვის საუკეთესო სვლის მოძიება შეიძლება.

ჭადრაკის ფედერაცია და კომპანია ევროპაბეთი პარტნიორები 2020 წლის იანვარში გახდნენ. ევროპაბეთი ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.

ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კომენტარები

ბოლო ამბები