Thumbnail
  • რუსეთის მორაგბეთა ნაკრების უელსელი თავკაცი თბილისში არშემადგარ მატჩზე
  • ლინ ჯონსის აზრით, ბორჯღალოსნების დამარცხება რუსების მთავრესი ამოცანაა

რაგბი ევროპის ჩემპიონატში ბორჯღალოსნების მეტოქე რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა, უელსელმა ლი ჯონსმა რუსულ მედიას ინტერვიუ მისცა და საქართველოსთან მეტოქეობაზე ელაპარაკა. 

“ბორჯღალოსნებს” რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში, 14 მარტს, თბილისში, რუსეთის ნაკრებისთვის უნდა ემასპინძლათ, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, შეხვედრა ბოლო მომენტში გადაიდო. საქართველოს დედაქალაქში ჩამოსული რუსეთის ნაკრები უკან უთამაშებელი გაბრუნდა, მისი უელსელი მწვრთნელი კი პირდაპირ სამშობლოში გაემგზავრა.

ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები ვადამდე გახდნენ

"თბილისიდან დაბრუნების შემდეგ, უელსში ვიმყოფები და ოთხი კვირაა შინ ვარ. აქ ვითარება ისეთივეა, როგორც ყველგან. სახლიდან მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში გავდივართ. 

რუსეთის ნაკრებისთვის ძალიან  მნიშვნელოვანია საქართველოსთან თამაში. თუკი გვსურს, ვისწავლოთ ასეთი ნაკრებების დამარცხება, რაც შეიძლება ხშირად უნდა ვითამაშოთ მათთან. იძულებითი პაუზა ჩვენთვის ერთის მხრივ კარგიცაა. ის ტრავმირებული საკვანძო მოთამაშეები, რომლებიც ოთხი კვირის წინ თამაშში მონაწილეობას ვერ შეძლებდნენ, გამოჯანმრთელდებიან. 

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქრთველოს დამარცხებაა, რომელსაც 1993 წლიდან მოყოლებული, ვერ ვუგებთ. თუ არ გვექნება ასეთი მიზანი, ვერც შედეგებს გავაუმჯობესებთ. თუკი ვისწავლით ისეთ დონეზე თამაშს, რომ საქართველოს ვაჯობოთ, მსოფლიო თასზე მოხვედრაც აღარ გაგვიჭირდება და საერთაშორისო დონეზეც წინსვლა გვექნება", - ამბობს უელსელი სპეციალისტი, რომელიც რუსეთის ნაკრებს 2018 წლის აგვისტოდან წვრთნის.

ლინ ჯონსის ხელმძღვანელობით რუსებმა 2019 წლის მსოფლიო თასზე ითამაშეს

ბოლო ინფორმაციით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ტურის შეხვედრა, რომელშიც საქართველომ რუსეთს უნდა უმასპინძლოს, შესაძლოა, ოქტომბრის მიწურულს გაიმართოს

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ტურნირში, "ბორჯღალოსნებს" ოთხივე მატჩი მოგებული აქვთ და უახლოეს მდევრებს - პორტუგალიასა და ესპანეთს 10-10 ქულით უსწრებენ, ამდენად, პირველობას ვეღარავინ შეეცილება. რუსეთის ნაკრები 4 მატჩში 2-2 მოგება-წაგებით ჯგუფში მეოთხე ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები