Thumbnail
  • სკოტი პიპენი სუპერვარსკვლავი იყო, თუმცა შესაფერის ყურადღებას ვერ იღებდა
  • მისი მართვა მხოლოდ ფილ ჯეკსონს შეეძლო
  • მთავარი პრობლემა ცუდად გაფორმებული კონტრაქტი იყო

სკოტი პიპენი NBA-ში გამორჩეულად რთული ხასიათის კაცია. გასულ კვირაში, სერიალ The Last Dance-ის მეორე ეპიზოდში ყურადღება სწორედ ამაზე გამახვილდა. ერთის მხრივ, ის თავისი თაობის ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო - პიპენის გარეშე არ იქნებოდა ჩიკაგოს 6 ჩემპიონობა. ამაზე დავაც არ ღირს. მეორე მხრივ კი, მას შეეძლო, უარი ეთქვა ბოლო შეტევის წინ პარკეტზე გამოსვლაზე. მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლო სროლა მას არ მისცეს.

რომ არა ფილ ჯეკსონი...

ეს იყო 1994 წელს, პლეი ოფში, პატ რაილის ნიუ იორკ ნიქსის წინააღმდეგ. ფილ ჯეკსონმა ტაიმაუტზე ბოლო სროლა ტონი კუკოჩს მისცა. ჯორდანი ამ დროს უკვე წასულია - ანუ, ეს სროლა წესით პიპენს ეკუთვნოდა. გაბრაზებულმა პიპენმა პარკეტზე გასვლაზე საერთოდ უარი განაცხადა. თვალცრემლიანმა ბილი კარტრაიტმა პიპენს უღრიალა - მას არ შეეძლო გაეგო, თუ რატომ იქცეოდა ასე ეგოისტურად პარკეტზე ყველაზე არაეგოისტი მოთამაშე. წლების შემდეგ კარტრაიტი იტყვის, რომ მის კარიერაში ეს ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო.

ტონი კუკოჩმა ის სროლა ჩააგდო, პიპენმა ბოდიში მოიხადა, ფილ ჯეკსონმა კი ეს ამბავი დაივიწყა. ჯეკსონი ძენ-მასტერად მხოლოდ იმიტომ არ არის წოდებული რომ კალათბურთი ესმის კარგად. კალათბურთზე არანაკლებ, თუ უკეთ არა, მას ადამიანების ესმის. პიპენის, მისი შინაგანი სამყაროს, მისი ეჭვების და კომპლექსების შესახებ ჯეკსონმა ყველაზე მეტი იცოდა.

პიპენს უმაღლეს დონეზე ჰქონდა ჩატარებული 12 სეზონი: სტაბილურად იყო NBA-ს 5 საუკეთესო მოთამაშეს შორის; 1992 წლის ‘დრიმ თიმში’ მხოლოდ ჯორდანს ჩამოუვარდებოდა; იყო საუკეთესო მცველი ლიგაში - ძალიან სწრაფი და 221-სანტიმეტრიანი გაშლილი ხელების სიგრძით ვერავინ ფარავდა მასზე მეტ მანძილს დაცვაში; ყოველთვის მეტოქის საუკეთესო ვარსკვლავებს იცავდა; თამაშში სტაბილურად 20 ქულას აგროვებდა; მოხსნებიც ეხერხებოდა, პასებიც და ბურთის გათამაშებაც; 95 წელს ჯორდანის გარეშე, პიპენმა ჩიკაგოს სეზონში 55 თამაში მოაგებინა, რაც ელიტური შედეგია.

მაიკლ ჯორდანი: 'როცა 'დრიმ თიმმა' შეკრება დაიწყო, პიპენი ყველას ერთ-ერთი რიგითი ვარსკვლავი ეგონა. როდესაც აღმოაჩინეს, რეალურად რა მაგარია, ძალიან გაუკვირდათ.'

ამის მიუხედავად, ის ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაფასებული მოთამაშე იყო. ჯორდანის ჩრდილში ყოფნას კიდევ იტანდა, თუმცა, მუდამ განიცდიდა, რომ MJ-ის ფაქტორის გამო, მისი თამაში კუთვნილი ყურადღების გარეშე რჩებოდა. როცა გუნდში ტონი კუკოჩი მივიდა, რომელიც ბულსის მენეჯმენტის აზრით ჯორდანის შემდეგ გუნდის მეორე ვარსკვლავი უნდა გამხდარიყო, კონფლიქტი უფრო აშკარა გახდა. პიპენმა ჩიკაგოს ხელმძღვანელობას ეს არ აპატია. მას კუკოჩი დაუფარავად სძულდა და ბულსის მენეჯმენტზეც წლების განმავლობაში ნაწყენი იყო.

მას თავისი სიმართლე ჰქონდა. თუნდაც ჯორდანის ფაქტორის მიღმა, ყველას ახსოვს სტივ კერის საჩემპიონო სროლა 97 წლის ფინალებში, მაგრამ იშვიათად თუ ვინმე ახსენებს მის ჩაჭრას იუტასთან, რომელიც ტონი კუკოჩის ჩატენვით დასრულდა. არადა, არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტი იყო.

პიპენის მართვა მისი წყენებით და ეჭვებით მხოლოდ ფილ ჯეკსონს შეეძლო. წლების განმავლობაში ის ახერხებდა, რომ პიპენი დაებალანსებინა, მოტივირებული ჰყოლოდა და მის გაბრაზებას გუნდის თამაში არ შეეწირა.

მთავარი პრობლემა - ფული

კარგად რომ გაიგო, რა ხდებოდა პიპენის თავში, მისი ბავშვობა უნდა იცოდე. იგი არკანზასში, ძალიან პატარა და ძალიან ღარიბ ქალაქში, ჰამბურგში დაიბადა. 12-შვილიან ოჯახში მეთორმეტე ბავშვი იყო, მამამისი ქაღალდის ქარხანაში მუშაობდა და ინსულტის შედეგად პარალიზებული დარჩა, მოძრაობის უნარი დაკარგა, მაშინ, როცა სკოტი ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში დადიოდა. 11 წლის იყო, როდესაც მისმა ძმამ ხერხემალი დაიზიანა და ასევე პარალიზებული აღმოჩნდა. პიპენს ამ პირობებში, ორ პარალიზებულ ადამიანთან ერთად მოუწია ცხოვრება.

სუპერვარსკვლავებზე ხშირად გაიგებთ ისტორიას, რომ ძალიან უჭირდა და კალათბურთი მისთვის ამ გაჭირვებიდან გაქცევის გზა გახდა. პიპენის შემთხვევაში ეს ასე არ ყოფილა. მას ვარსკვლავობაზე ოცნებაც კი არ ჰქონია. უბრალოდ უნდოდა, რომ ღატაკი არ ყოფილიყო. ძალიან დაბალრეიტინგულ, ცენტრალური არკანზასის კოლეკში სტიპენდია მიიღო და მისი ოცნება ადგილობრივი კალათბურთის გუნდის ადმინისტრატორობა იყო. თამაშიც ისე უბრალოდ, სიტუაციურად, გასართობად დაიწყო.

პიპენი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ათლეტი იყო

მოკლედ, სკოტი პიპენისთვის კალათბურთი მთელი ცხოვრების ოცნება არ ყოფილა, უფრო ფულის შოვნის წყარო იყო. არადა, მოხდა ისე, რომ ის იმდენს ვერ შოულობდა, რამდენსაც იმსახურებდა. პირველი ჩემპიონობის წინ ის თავისი ხელფასით (800 000 დოლარი) იმდენად უკმაყოფილო იყო, რომ გაფიცვის მოწყობა სცადა სეზონის წინ. არადა, მის კონტრაქტს ვადა მხოლოდ მომდევნო წელს გასდიოდა.

ახალი კონტრაქტი მან არცთუ ჭკვიანურად გააფორმა. დაახლოებით 3-მილიონიან ხელფასს იმდენად დახარბდა, რომ 7-წლიან კონრაქტს მოაწერა ხელი. არადა, ჩიკაგოს მფლობელმა ჯერი რეინსდორფმა გააფრთხილა, რომ უკეთესი იქნებოდა, კონტრაქტი ნაკლებ ვადაზე ყოფილიყო გაწელილი. მას შეეძლო, რამდენიმე წელიწადში კიდევ ერთი ახალი კონტრაქტი გაეფორმებინა უკეთესი პირობებით. თუმცა პიპენს უნდოდა, თავი მშვიდად ეგრძნო და რაც შეიძლება გრძელი კონტრაქტი გააფორმა. ბავშვობის ტრავმების შემდეგ, პიპენს არასოდეს ჰქონია სუპერვარსკვლავური თვითრწმენა და თავდაჯერება. მას უნდოდა, რაც შეიძლება სწრაფად ეგრძნო თავი მშვიდად და გარანტირებული მომავალი ჰქონოდა.

ჯერი რეინსდორფი სკოტი პიპენს კონტრაქტის გაფორმების წინ: 'შენს თავს ზედმეტად იაფად აფასებ'.

ლიგაში გუნდების სახელფასო ფონდი 90-იანებში ძალიან სწრაფად იზრდებოდა. პიპენის 3-მილიონიანი ხელფასი კონტრაქტის დასაწყისში კარგად გამოიყურებოდა, თუმცა მალევე ხელფასებმა ისე მოიმატა, რომ მისი და ჯორდანის ბოლო სეზონის წინ, ის თავისი ხელფასით მხოლოდ 122-ე ადგილს იკავებდა ლიგაში. რაც ყველაზე უარესია, ის მხოლოდ მე-6 იყო თავის გუნდში.

წლების მანძილზე, პიპენს თავისივე სისულელე ძალიან აბრაზებდა. ჩიკაგო თავისი ინიციატივით კონტრაქტის პირობებს არ აუმჯობესებდა და ისიც მუდამ უკმაყოფილო იყო. შეუძლებელია, ბედნიერი იყო, როცა გუნდში მეორე მოთამაშე ხარ, ხელფასი კი ყველას შენზე მეტი აქვს.

ჯორდანი და პიპენი

ბოლო სეზონის წინ, პიპენმა დემონსტრაციულად, პროტესტის ნიშნად, ზედ სეზონის წინ გაიკეთა ოპერაცია, რომელიც ზაფხულში შეეძლო გაეკეთებინა. ამის გამო სეზონის პირველი ნაწილი გამოტოვა. ჩიკაგოს მის გარეშე ძალიან უჭირდა, ჯორდანი უკმაყოფილი იყო, ერთადერთი ისევ ფილ ჯეკსონმა გაუგო. ძენ მასტერმა იცოდა მისი რთული ბავშვობის ამბავი და ხვდებოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის ფინანსები. პიპენს ლიგაში No Tippin Pippen-ს ეძახდნენ - იმდენად ძუნწი იყო, რომ არასოდეს იძლეოდა რესტორნებში დამატებით თანხას, ე.წ. თიფს, რაც ამერიკული კულტურის განუყოფელი ნაწილია.

ტრავმის მერე გუნდში უმტკივნეულოად დაბრუნებაში მას ჯეკსონი დაეხმარა. ის წელი კიდევ ერთი, რიგით მეექვსე ჩემპიონობით დასრულდა. მომდევნო ზაფხულს კი პიპენმა ჰიუსტონთან 70-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა.

კომენტარები

ბოლო ამბები