Thumbnail
  • საფრანგეთში დაგეგმილი ტურნირის წილისყრა 30 ნოემბერს ჩატარდება
  • საქართველოს ნაკრებს, დიდი ალბათობით, ევროპა 1-ის სტატუსი ერგება

სარაგბო ვებ-გვერდმა Rugbypass.com 2023 წლის მსოფლიო თასის წილისყრის წინ გუნდების განთესვაზე ისაუბრა და ვარაუდი გამოთქვა, რომ პროცედურა სწორედ დღევანდელი სტატუს-კვოს გათვალისწინებით წარიმართება.

აღნიშნული დასკვნის გაკეთების საშუალებას ის სიტუაცია იძლევა, რომელიც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო შეიქმნა.

მოგეხსენებათ, დაახლოებით თვენახევარია, ფაქტობრივად ყველა სპორტული ტურნირი შეჩერებულია და დიდია შანსი, წლეულს, შეჯიბრებების სრულფასოვანი აღდგენა ვერც მოხდეს.

ამ შემთხვევაში, მომავალი მსოფლიო თასის წილისყრა, არსებული რეიტინგის მიხედვით შედგება, რაც ორ “სიკვდილის ჯგუფს” მოგვცემს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს საფრანგეთში დაგეგმილ ტურნირზე თამაში გასული მსოფლიო თასის 12 საუკეთესო ნაკრებს უკვე დაბევებული აქვს.

ესენი სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ინგლისი, უელსი, ირლანდია, ავსტრალია, საფრანგეთი, იაპონია, შოტლანდია, არგენტინა, ფიჯი და იტალია არიან.

მიმდინარე კლასიფიკაციაში შოტლანდიასა და არგენტინას, შესაბამისად, მე-9 და მე-10 ადგილები უკავიათ და მათ იმედი ჰქონდათ, რომ მდგომარეობას ექვს ერზე, რაგბი ჩემპიონშიპზე, საზაფხულო თუ საშემოდგომო ტესტებზე წარმატებული თამაშით გაიუმჯობესებდნენ.

ფიჯისთან გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებს საგზური უკვე ჯიბეში ექნებოდა

თუმცა, თუკი სპორტული ცხოვრება ვერ განახლდა, “ნარშავები” და “პუმები” მე-3 კალათში ჩარჩებიან, რთულ ჯგუფებში მოხვდებიან და პლეი-ოფში გასვლა ისევ ძალიან გაუჭირდებათ.

მსოფლიო თასი 2023-ის თავმჯდომარე კლოდ ატჩერმა განაცხადა, რომ წილისყრის პროცედურის გადადება არ იგეგმება და ის, გეგმისამებრ, 30 ნოემბერს ჩატარდება.

და რომელ კალათაში შეიძლება ვიხილოთ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები? თუკი ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულეს და ამის ალბათობა, ძალიან დიდია, ისინი ევროპა 1-ის სტატუსს მიიღებენ და მე-4 კალათაში იქნებიან.

ცხადია, ეს უკუსვლაა, რადგანაც გასულ მსოფლიო თასზე ქართველი მორაგბეები მე-3 კალათაში იყვნენ.

თუ საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე პირველობა დათმო და მე-2 ადგილზე გავიდა, საფრანგეთში წასვლის შანსი მაინც ექნება, რადგანაც რეპეშაჟში გადავა და იქ წარმატების შემთხვევაში, წილისყრის წინ მე-5 კალათაში მოხვდება.

შეგახსენებთ, რომ “ბორჯალოსნებმა” მსოფლიო თასზე პირველად 2003 წელს ითამაშეს და მას შემდეგ, არცერთი ტურნირი (2007, 2011, 2015, 2019) არ გამოუტოვებიათ.

მსოფლიო თასი 2023, გუნდების სავარაუდო განთესვა

1-ლი კალათა: სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ინგლისი, უელსი.
მე-2 კალათა: ირლანდია, ავსტრალია, საფრანგეთი, იაპონია.
მე-3 კალათა: შოტლანდია, არგენტინა, ფიჯი, იტალია.
მე-4 კალათა: აფრიკა 1, ევროპა 1, ოკეანეთი 1, ამერიკა 1.
მე-5 კალათა: ოკეანეთი 2, ამერიკა 2, რეპეშაჟი 1, რეპეშაჟი 2.

კომენტარები

ბოლო ამბები