Thumbnail

‘მოურინიოს აშენებული ბენიტესმა დაანგრია!’ - მატერაციმ კონფლიქტი გაიხსენა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მარკო მატერაციმ იმ პერიოდზე ისაუბრა, როცა ინტერს რაფა ბენიტესი წვრთნიდა
  • ყოფილი მცველის აზრით, ესპანელი დიდი მწვრთნელი არასდროს ყოფილა

მარკო მატერაცი ხალხის საყვარელი ფეხბურთელი არასდროს ყოფილა - პირიქით, ის უფრო მეტს სძულდა, ვიდრე უყვარდა. 1.93 მეტრი სიმაღლის ცენტრალური მცველი თუ სადმე უყვარდათ, პირველ რიგში მილანის ინტერში, სადაც მან 10 წელი (2001–2011) ითამაშა. 

სწორედ მატერაცია მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი გმირიც და, სხვათა შორის, არა იმიტომ, რომ ფინალში ზინედინ ზიდანი მის გამო გააძევეს. მისი შეფასებისას ბევრს ავიწყდება, რომ მატერაციმ იტალიის ნაკრებში მაშინ ტრავმირებული ალესანდრო ნესტა შეცვალა და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ‘სკუადრა აძურას’ მთავარი მწვრთნელი მარჩელო ლიპი მაშინ ნესტას დაშავების გამო არ წუწუნებდა. გარდა იმისა, რომ დაცვაში ფაბიო კანავაროსთან ერთად კარგად იდგა, მატერაციმ ჯერ ჯგუფურ ეტაპზე ჩეხეთს გაუტანა მნიშვნელოვანი გოლი (ანგარიში გახსნა), ფინალში კი საფრანგეთთან, ანგარიში სწორედ მისი გოლით გათანაბრდა. პლუს, მარკომ პენალტიც ზუსტად დაარტყა.

დღეს უკვე 46 წლის მარკო მატერაციმ ინტერის ის პერიოდი გაიხსენა, როცა ‘ნერაძურის’ რაფა ბენიტესი წვრთნიდა და ესპანელი სპეციალისტი დიდი გუნდის განადგურებაში დაადანაშაულა.

'მოთამაშეებთან ყველგან პრობლემები ჰქონდა და რა, ყოველთვის ფეხბურთელები იყვნენ დამნაშავეები?'

“როდესაც ის დრო მახსენდება, როცა ინტერს ბენიტესი წვრთნიდა, ნაკლებად ვფიქრობ იმაზე, რომ მან ცუდად დაიწყო და ძალიან ცუდად დაასრულა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ბენიტესმა საერთოდ ვერაფერი შეძლო. რაფამ დაანგრია ყველაფერი, რაც ჟოზე მოურინიომ შექმნა! მწვრთნელის საქმიანობა დადებითად მაშინ უნდა შეფასდეს, თუ მას აქვს ფეხბურთელების მიმართ ემპათიკური გაგება. ბენიტესმა ლიდერები გაწია და ლოგიკურია, რომ პრობლემები შეექმნა.” - უთხრა მატერაციმ Chanasoccernet-ს.

ჟოზე მოურინიო და მარკო მატერაცი

მარკო ბენიტესის მიღწევებს არ აკნინებს: “როცა კაცს ლივერპულთან ერთად ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული, გასაგებია, რომ ფეხბურთი ესმის, მაგრამ ინტერში ჩემთან ჰქონდა პრობლემა, ნაპოლიში პაოლო კანავაროსთან, რეალში რონალდოსთან და კიდევ ვიღაცასთან. და რა, ყოველთვის ფეხბურთელები იყვნენ დამნაშავეები?”

რაფა ბენიტესი ინტერში 2010 წელს, ლივერპულის შემდეგ მივიდა და მისი მილანური კარიერა იმავე წელს დასრულდა...

ვიდეო, რომელიც ასახავს, თუ როგორ ემშვიდობება მატერაცი ჟოზე მოურინიოს, ალბათ ნანახი გაქვთ, მაგრამ მაინც: 

კომენტარები

ბოლო ამბები