Thumbnail

დრეიმონდ გრინი: კევინ დურანტს ყველაფერი ღიად უნდა ეთქვა!

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • გოლდენ სტეიტის ფორვარდი მისი ყოფილი თანაგუნდელის საქციელით უკმაყოფილოა
  • გრინის აზრით, 2018/19 წლების სეზონში დურანტის გაურკვევლობამ გუნდი აზარალა 

გოლდენ სტეიტ უორიორსის ფორვარდი დრეიმონდ გრინი მიიჩნევს, რომ კევინ დურანტის გაურკვევლობა კარიერასთან დაკავშირებით, 2018/19 წლების სეზონში გუნდზე ცუდად აისახა. 

გრინის აზრით, დურანტს გადაწყვეტილება უნდა მიეღო, ეცნობებინა ის თანაგუნდელებისთვის და არ უნდა დაეტოვებინა ყველაფერი საიდუმლოდ. დრეიმონდმა პარალელი 1997/98 წლების ჩიკაგოში არსებულ სიტუაციასთან გაავლო, რომლის მოთამაშეები ღიად ამბობდნენ, რომ გუნდის დატოვებას აპირებდნენ.

"კევინი უნდა გამოსულიყო და ყველაფერი ღიად ეთქვა. ეს ვითარება მხოლოდ მას არ ეხებოდა. როდესაც მე და კლეი ტომპსონს მომავალზე გვკითხეს, გულწრფელად ვთქვით, რომ კლუბში კარიერის ბოლომდე დავრჩებოდით. შემდეგ ჩვენც და სხვებსაც გვეკითხებოდნენ კევინის შესახებ. და ასე მეორდებოდა ყოველდღე. 

ჩიკაგოში კი ასეთი გაურკვევლობა არ ყოფილა", - ამბობს გრინი.

შეგახსენებთ, რომ კევინ დურანტმა გოლდენ სტეიტი სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა და ბრუკლინ ნეტსში გადავიდა. მანამდე ფორვარდმა უორიორსთან ერთად ზედიზედ ორჯერ NBA-ს ჩემპიონობა იზეიმა - 2017 და 2018 წლებში.

30 წლის დრეიმონდ გრინი გოლდენ სტეიტში 2012 წლიდან გამოდის და მასთან ერთად ჩემპიონობა სამჯერ აქვს მოპოვებული - 2015, 2017 და 2018 წლებში. 

ამჟამად NBA-ს რეგულარული ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია. გოლდენ სტეიტი 65 მატჩი 15 მოგებით დასავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-15 ადგილზეა. ბრუკლინ ნეტსი 64 მატჩში 30 მოგებით აღმოსავლეთში მე-7 პოზიციას იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები