Thumbnail

უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი ხუთშაბათს აღმასკომის წევრებთან ერთად ითათბირებს. რა თქმა უნდა, ონლაინ. სანამ აღმასკომი საბოლოო გადაწყვეტილებებს მიიღებს, რაღაც-რაღაცები უკვე თითქმის გარკვეულია.

მაგალითად, BBC-ის ინფორმაციით, ევროპის ქალთა ჩემპიონატი, რომელიც 2021 წლის ზაფხულში, ინგლისში იყო დაგეგმილი, 2022 წელს გაიმართება. ტურნირი 6 ივლისს დაიწყება და 31 ივლისამდე გაგრძელდება. ქალთა ევრო 2021-ის გადადება პირველ რიგში იმის გამო გახდა აუცილებელი, რომ მამაკაცების ევროპის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წლისთვის გადაიტანეს. ჯერჯერობით უცნობია 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ბედი. ჯერჯერობით ტურნირი 2021 წლის ივნისშია დაგეგმილი და ისე ჩანს, რომ დიდ ევროსთან გადაიკვეთება (11 ივნისი-11 ივლისი).

როგორ გაგრძელდება ევროტურნირები?

ამ ვიდეო-კონფერენციაზე უნდა გადაწყდეს უეფას საკლუბო ტურნირების ბედიც. ჩემპიონთა ლიგა და ევროპალიგა ჯერჯერობით გაურკვეველი დროით შეჩერებულია. უეფა უპირატესობას ქვეყნების ეროვნული ჩემპიონატების დასრულებას ანიჭებს. ჩეფერინმა უეფას წევრ ქვეყნებს სამშაბათის ვიდეო-კონფერენციაზე კიდევ ერთხელ მისცა რეკომენდაცია, დაასრულონ თავიანთი სეზონები.

უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი

ხუთშაბათს აღმასკომმა უნდა გადაწყვიტოს, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნებში სეზონები ვერ დასრულდება. ჩეფერინი ასეთ მიდგომას აკრიტიკებს, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ქვეყანაში სეზონის დასრულება უფრო და უფრო არარეალური ხდება. აღმასკომმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ განაწილდება ასეთ შემთხვევაში ევროტურნირების საგზურები.

სანაკრებო მატჩები შემოდგომაზე

ველოდებით გადაწყვეტილებას სანაკრებო მატჩებთან დაკავშირებითაც. სექტემბერში დაგეგმილია ერთა ლიგის მატჩები, თუმცა ჩასატარებელია ევროპის ჩემპიონატის დარჩენილი პლეი-ოფიც, რომელიც მარტში უნდა გამართულიყო და რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს.

“მაყურებლებით, თუ მაყურებლების გარეშე, ეს ჯერ არ ვიცი, მაგრამ სექტემბერში სანაკრებო თამაშები ჩატარდება - ასეთია ჩემი პროგნოზი,” - ეს გერმანიის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივანის, ფრიდრიხ კურტიუსის სიტყვებია, რაც მან სამშაბათს, კონფერენციის შემდეგ თქვა.

საქართველოს ნაკრები, დიდი ალბათობით, სექტემბერში და ოქტომბერში 3-3 მატჩს გამართავს, ნოემბერში კი - ორს

უეფაში სექტემბერსა და ოქტომბერში ნაკრები გუნდებისთვის 3-3 მატჩზე ფიქრობენ, ნოემბერში კი 2-2 თამაშზე. ამაზე უეფამ ოთხშაბათს კლუბების გაერთიანება ECA-სთან იმსჯელა. თუ ასე გადაწყდა: საქართველოს ნაკრები სექტემბერში და ოქტომბერში 3-3 მატჩს გამართავს, ნოემბერში კი - ორს. 

გუნდები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის საგზურებისთვის იბრძვიან (მათ შორის, საქართველოს ნაკრები) ოქტომბერში მიიღებენ ნახევარფინალის ჩატარების შესაძლებლობას (მესამე სანაკრებო პაუზაზე), ხოლო ფინალები კი - დიდი ალბათობით, ნოემბერში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ მოდელი, რომლის მიხედვითაც, შემოდგომაზე ჯამში 8 სანაკრებო მატჩისთვის უნდა გამოიყოს დღეები, ირლანდიის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა.

კომენტარები

ბოლო ამბები