Thumbnail
  • ყველა დროის უძლიერესი მილანი ამ დუეტთან ერთად შეიქმნა
  • არიგო საკიმ ზონური დაცვა ფრანკო ბარეზის გარშემო ააწყო
  • მალდინი უკეთესი ათლეტი იყო, ბარეზი პოზიციის არჩევის ხარჯზე თამაშობდა
  • მალდინი უფრო ხშირად მარცხენა ფლანგზე იყო, ბარეზი - ცენტრში

ფრანკო ბარეზი და პაოლო მალდინი მსოფლიო ფეხბურთისთვის იმდენად დიდი და ლეგენდარული სახელებია, რომ მათი წყვილში ხსენება თითქოს უხერხულიც კი არის. ორივე მათგანი ეტაპობრივი მოვლენაა ფეხბურთის ისტორიისთვის და ორივე მათგანი ყველა დროის საუკეთესო მცველებს შორის მოიხსენიება. წლების მანძილზე, ისინი მილანში ერთად თამაშობდნენ და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გაუვალ დაცვას ქმნიდნენ.

თუ არ გჯერათ, ჰკითხეთ იოჰან კრუიფს და მის ბარსელონას, ბაჯოს და მის იუვენტუსს, რომარიოს და მის ბრაზილიას - ამ დაცვის კარში გოლის გატანა თითქმის შეუძლებელი ამოცანა იყო!

ისტორიული დუეტი

ამ დუეტის ისტორიულობას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. მხოლოდ ტიტულების და სტატისტიკის ჩამონათვალიც საკმარისი იქნებოდა, რომ ფეხბურთისთვის მათი მნიშვნელობა გავიგოთ.

მათი კარიერა ჯამში 44 წელზე მეტს ითვლის. კიდევ ერთხელ: 44 წელზე მეტს!!! ფრანკო ბარეზის 20-წლიანი კარიერა ჰქონდა, პაოლო მალდინის კი - 24 წელზე მეტი. ერთად მათ 1621 თამაში აქვთ ჩატარებული. ამ ხნის მანძილზე, ამ დუეტს საერთო ჯამში 13 სკუდეტო და 8 ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული. სხვა ტიტულებს აღარც ჩამოვთვლი - აზრი არ აქვს, ერთ სტატიაში არც დაეტევა. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ თავისი კარიერის პიკში ისინი საკის და კაპელოს მილანის, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის, ლიდერები იყვნენ.

ლეგენდარული მილანი

მათ ისტორიულ მნიშვნელობას არიგო საკის რევოლუციაც განაპირობებს. ფრანკო ბარეზიმ საკუთარი თავი და პოზიცია საკის ხელში თავიდან მოიგონა. საკის რევოლუცია დაცვის ზონურ პრინციპს და პრესინგს ეფუძნებოდა. საკიმდე, დაცვაში კლასიკური ლიბეროთი თამაშობდნენ - ანუ, ორ ცენტრალურ მცველს შორის ერთი (ან შეიძლება ორიც, თუ სამი ცენტრალური მცველი იდგა) წინ იყო აწეული და მეტოქის ფორვარდს (ან ფორვარდებს) ერთი-ერთზე ეთამაშებოდა, მეორე, ე.წ. ლიბერო, დაცვის ხაზზე უკან იდგა და მთელ დაცვას აზღვევდა. ანუ ცენტრალური მცველები ერთმანეთისგან ჰორიზონტალურად კი არა, ვერტიკალურად იდგნენ.

ეს ახლა რთული წარმოსადგენია, თამაშგარე მდგომარეობის ახლანდელი წესებით თანამედროვე გუნდები ასე ვერ ითამაშებენ, თუმცა საკის მილანის ეპოქამდე დაცვა ათწლეულების მანძილზე სწორედ ასე თამაშობდა და საუკეთესო მცველები და დაცვის ფაქტობრივი ლიდერები სწორედ ე.წ. ლიბეროები იყვნენ.

📋 სხვა დუეტები

საკიმდე, ფრანკო ბარეზი თითქმის 10 წელი ლიბერო იყო - იმდენად მაგარი, რომ 22 წლის ასაკში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა - ენცო ბეარზოტმა 1982 წლის მუნდიალზე ის იუვეს ლეგენდის, გაეტანო შირეას შემცვლელად წაიყვანა.

საკიმ თავისი დაცვა ბარეზის უნიკალურ ორგანიზატორულ ნიჭზე ააწყო. ბარეზი წლების მანძილზე მიჩვეული იყო დაცვის ხელმძღვანელობას და პოზიციას ძალიან კარგად ირჩევდა. მან საკის ზონურ დაცვას ალღო იოლად აუღო და მილანის დაცვის გენერლად იქცა. ლიბეროს პოზიციაზე გატარებული წლები ბარეზის ეხმარებოდა თამაშის წაკითხვაში და პოზიციის შერჩევაში. ზონურ დაცვაში, რომელიც მაღლა ადის და აპრესინგებს, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თვისებებია. ერთი სიტყვით, ფრანკო ბარეზის გარეშე საკის რევოლუცია ვერ შედგებოდა.

დემეტრიო ალბერტინი, რობერტო დონადონი და ფრანკო ბარეზი

თუ ბარეზი ამ რევოლუციის ცენტრში იდგა, მაშინ სულ ახალგაზრდა პაოლო მალდინი მისი მხოლოდ რიგითი მონაწილე იყო.

რამდენიმე წლის შემდეგ, ფაბიო კაპელომ საკის გუნდი გადაიბარა და ნაკლებად რევოლუციური, თუმცა არანაკლებ ძლიერი გუნდი და სისტემა შექმნა. კაპელო უფრო მეტად კონსერვატულ დაცვას ანიჭებდა უპირატესობას და მისი გუნდები უფრო მჭიდროდ, საჯარიმოს მახლობლად, ტრადიციულ იტალიურ სტილში იცავდნენ თავს. ამით მილანი და მისი დაცვა უარესი არ გამხდარა. კაპელოს მთავარი დასაყრდენიც ფრანკო ბარეზი და პაოლო მალდინი იყვნენ.

რამდენიმე სტატისტიკური დეტალი: 1987-88 წლების სეზონში საკის მილანმა მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ 14 გოლი გაუშვა; 1994-1995 წლებში უკვე კაპელოს მილანმა მთელ სეზონში მხოლოდ - 15 გოლი მიიღო; 1991-1993 წლებში მილანი 58 მატჩის მანძილზე დაუმარცხებელი იყო იტალიაში და 93 წლის სკუდეტო მარცხის გარეშე მოიგო - თანაც, მხოლოდ 21 მიღებული გოლით.

იმავე 1994 წელს, მილანის დაცვის წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში საერთოდ ვერაფერი გააწყო 90-იანების საუკეთესო შემტევმა გუნდმა - იოჰან კრუიფის, რომარიოს და სტოიჩკოვის ბარსელონამ (4:0 მილანის სასარგებლოდ). სულ ორიოდე თვის შემდეგ კი, ბარეზის და მალდინის იტალიას 120-წუთიან მუნდიალის ფინალში რომარიოს და ბებეტოს ბრაზილიამ კარში სულ ორიოდეჯერ დაურტყა!

ერთნაირები და განსხვავებულები

ორივე ამ მოთამაშეს მსგავსი კარიერიული გზა ჰქონდა - დაკავშირებული მხოლოდ ერთ კლუბთან. ბარეზი 17 წლის ასაკში მივიდა მილანში, უკვე 22 წლის ასაკში კაპიტანი გახდა და 15 წელი, კარიერის დასრულებამდე, გუნდის უპირობო ლიდერი იყო. მას თამაში ჯანი რივერას გვერდითაც მოუწია, სერია B-ში დაქვეითებული ‘როსონერიც’ ნახა და შემდეგ უკვე ბერლუსკონის, საკის და კაპელოს ეპოქასაც მოესწრო.

ნომერი 3 და 6 მილანს ამ დუეტის საპატივცემულიდ ხმარებიდან ამოღებული აქვს

მალდინის დებიუტი ასევე ძალიან ადრე, 16 წლის ასაკში ჰქონდა (მცველისთვის 16-17 ასაკში დებიუტი ფენომენალური მოვლენაა). ბარეზის წასვლის შემდეგ, 12 წელი სწორედ იგი იყო მილანის კაპიტანი. ის 'ნიდერლანდური სამეულის' პერიოდსაც მოესწრო და ანჩელოტის მილანთან ერთადაც ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალები.

მალდინი და ბარეზი წლების მანძილზე იტალიის ნაკრების კაპიტნებიც იყვნენ. 90-იანების ვარსკვლავურ მილანსა და ‘სკუადრა აძურაში’ კაპიტნობა მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა - ეს ორივე ფეხბურთელი თავისი პირადი თვისებებით, ხასიათით და ავტორიტეტით გამორჩეული იყო.

ორივე მათგანი თავისი თაობის უპირობო ლიდერი გახლდათ, თუმცა მათ ლიდერობის განსხვავებული სტილი ჰქონდათ. მალდინი იტალიური ფეხბურთის ლეგენდის, ჩეზარე მალდინის შვილია, მილანში გაიზარდა და ბავშვობიდან მაღალ სოციალურ ფენას განეკუთვნებოდა. ის ყოველთვის ძალიან ელეგანტური, დახვეწილი და არისტოკრატული იყო, კარგად ეხერხებოდა კომუნიკაცია მოედანზეც და მის ფარგლებს მიღმაც და დღესაც სასიამოვნო მოსაუბრეა. თუ მალდინი სიტყვით იყო ლიდერი, ფრანკო ბარეზი - მაგალითით. იგი ცოტას, იტალიელისთვის ძალიან ცოტას ლაპარაკობდა, პირქუში, ხისტი და მუდამ უხასიათო მოთამაშე იყო. მაგალითს ის თავისი შრომისმოყვარეობით, დისციპლინით და ხასიათის სიმტკიცით აძლევდა სხვებს. კარიერის დასრულების შემდეგაც, ფრანკო ბარეზის ტელევიზიაში, ან ზოგადად, ფართო საზოგადოებაში იშვიათად ნახავთ - ის თავის თავის კაცია.

94 წლის ფინალში პირველი პენალტი ბარეზიმ დაარტყა... და ააცილა

განსხვავებულია მათი ფიზიკური მონაცემებიც. პაოლო მალდინი თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო ათლეტია, 187 სანტიმეტრი სიმაღლე, ერთდროულად ძალიან სწრაფი და ფიზიკურად ძალიან ძლიერი, კარგად ეხერხებოდა ერთი-ერთზე თამაში, ვარდნები და ორთაბრძოლები.

‘ის მცველს არ გავდა, ბურთს ელეგანტური ნახევარმცველივით ფლობდა’ - რონალდინიო მალდინიზე

ფრანკო ბარეზი ფიზიკურად მალდინის ანტიპოდია. მხოლოდ 176 სანტიმეტრის სიმაღლის (რაც ცენტრალური მცველისთვის ძალიან ცოტაა) განსაკუთრებული ათლეტიზმის და ფიზიკური მონაცემების გარეშე. ბარეზი მხოლოდ 70 კილოგრამს იწონიდა, თუმცა თხელი აღნაგობის მიუხედავად, მას ძალიან დიდი ბუნებრივი ფიზიკური ძალა ჰქონდა. ბარეზის მთავარი სიძლიერე მისი თამაშის წაკითხვის, დაზღვევის და პოზიციის შერჩევის უნარია. ბარეზი ყველაზე მეტად ინტელექტის ხარჯზე თამაშობდა!

📺 ვიდეო: ასე თამაშობდა დაცვაში ფრანკო ბარეზი

საერთო მათ კიდევ ერთი რამ ჰქონდათ - მცველის კვალობაზე ორივე ძალიან კარგად ფლობდა ბურთს. ზემოთ ვთქვით, რომ ბარეზი ლიბერო იყო - ანუ, სწორედ მას ევალებოდა შეტევის დაწყება. მალდინი წლების მანძილზე მარცხენა მცველი იყო, შეტევაში კარგად ერთვებოდა და ბურთს ძალიან მაგრად ფლობდა.

კრისტიან ციგე და პაოლო მალდინი

დუეტი, რომელიც დუეტი არც იყო

რატომღაც ეს წყვილი დუეტად შევიდა ფეხბურთის ისტორიაში. საუკეთესო დაცვის წყვილზე საუბრის დროს ხშირად ასახელებენ ხოლმე ბარეზი-მალდინის დუეტს - მაგალითად, ნესტა-კანავაროს გვერდით. არსებითად, ეს ასე არ არის. ფრანკო ბარეზი მალდინიზე ერთი თაობით, მთელი 8 წლით უფროსია. ბარეზი მთელი ცხოვრება დაცვის ცენტრში თამაშობდა, მალდინის კი კარიერის უდიდესი ნაწილი მარცხენა მცველად აქვს გატარებული. დაცვის ცენტრში სტაბილურად თამაში მან უკვე 2000-იანებში დაიწყო, მას შემდეგ, რაც 35 წელს მიუახლოვდა.

12 წელი მილანის კაპიტანის რანგში

მილანში ბარეზის მეწყვილე ცენტრში ალესანდრო კოსტაკურტა გახლდათ - კიდევ ერთი ლეგენდარული მცველი. საერთოდაც, მილანის დაცვის ფენომენალურობას მთელი ოთხეული განაპირობებდა და არა მხოლოდ ბარეზი და მალდინი. მარჯვნივ მაურო ტასოტი, მარცხნივ მალდინი, ცენტრში - კოსტაკურტა და ბარეზი.

1989 წლის ჩემპიონთა თასის ფინალში მალდინი მარცხნივ თამაშობდა, ბარეზი კი ცენტრში, კოსტაკურტასთან ერთად. იგივე მოხდა 1990 წლის ფინალში, ბენფიკასთან და 1993 და 95 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალებში - მარსელთან და აიაქსთან. რისი თქმა მინდა: თუ მილანს ტრავმირებულები არ ჰყავდა, ცენტრში მალდინი და ბარეზი დუეტს იშვიათად ქმნიდნენ. სხვა საქმეა ის, რომ მალდინი უნივერსალი იყო. კარიერის დასაწყისში საერთოდაც მემარჯვენე იყო და დაცვაშიც მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა. მხოლოდ ტასოტის გამოჩენის შემდეგ გადაწია საკიმ იგი მარცხნივ და ისე მიეჩვია მარცხენა ფლანგს და ზოგადად მარცხენა ფეხით თამაშს, რომ მომდევნო წლებში მისი ‘ბუნებრივი’ ძირითადი ფეხი ცაცია გახდა.

ბარეზის წასვლის შემდეგაც, მალდინი უფრო ხშირად დაცვის მარცხენა ფლანგზე თამაშობდა - როგორც მაგალითად 98 წლის მუნდიალზე და ევრო 2000-ზე.

ისტორიული ფოტო: კანავარო და მალდინი ვარდნაში რონალდოს წინააღმდეგ

თუმცა მალდინის უნივერსალიზმიდან გამომდინარე, იგი ერთნაირად კარგად თამაშობდა დაცვის ყველა პოზიცაზე, მათ შორის ცენტრში. ვერავინ იტყვის, რომ მალდინი მარცხივ უკეთესი იყო, ვიდრე ცენტრში. 

უფრო ხშირად ცენტრში ტრავმების შემთხვევაში ჩნდებოდა. მაგალითად, ბარსელონასთან 94 წლის ფინალი ბარეზიმ და კოსტაკურტამ გამოტოვეს და ცენტრში მალდინი თამაშობდა. ამავე წლის მუნდიალზე, პლეი ოფში ბარეზი ტრავმის გამო კვლავ არ იყო და დაცვის ცენტრში მალდინი-კოსტაკურტას დუეტი იდგა.

მალდინი-ბარეზის ერთად თამაში თუ გაინტერესებს, 94 წლის მუნდიალის ფინალი ნახეთ - იქ ნამდვილად ერთად იყვნენ დაცვის ცენტრში, კლდესავით იდგნენ 120 წუთი ბრაზილიასთან.

მათ დუეტად მოხსენიებას უფრო მათი კლასი განაპირობებს. ფეხბურთის ისტორიაში ორი საუკეთესო მცველია - ერთ ეპოქაში, ერთ გუნდში თამაშობდნენ და როგორ გინდა, რომ ცალ-ცალკე გაიხსენო?!

📺 ვიდეო: ბარეზის და მალდინის საუკეთესო მომენტები

კომენტარები

ბოლო ამბები