Thumbnail
  • იტალიის ნაკრების სამხრეთაფრიკელი მწვრთნელი ექვს ერზე საუბრობს...
  • მარიუს ხუსენს მიაჩნია, რომ იტალიამ დაამტკიცა, რომ ექვს ერს იმსახურებს

იტალიის სარაგბო ნაკრების თავკაცის, ფრანკო სმითის სამხრეთაფრიკელმა ასისტენტმა მარიუს ხუსენმა SuperSport-თან ინტერვიუში ექვს ერზე ისაუბრა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული სარაგბო ტურნირის მუდმივი მაჩანჩალის მწვრთნელმა განაცხადა, რომ ექვსი ერის პირველობა იმდენად დაძაბული ტურნირია, რომ იქ წარმატების მიღწევა მსოფლიო თასის მფლობელ სამხრეთ აფრიკის ნაკრებსაც კი გაუჭირდება.

ხუსენი მედიაში გავრცელებულ მოსაზრებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც დროა, იტალიამ, რომელიც ძალზე ცუდად ასპარეზობს ტურნირზე, ადგილი საქართველოს ნაკრებს დაუთმოს. ხუსენს მიაჩნია, რომ იტალიას სწორედ ექვსი ერი სჭირდება განვითარებისთვის:

"ხალხი ალბათ, ვერ ხვდება კარგად, რა დონის ტურნირთან გვაქვს საქმე. ჩვენ შესაძლოა, პირველი დონის ქვეყნებში მაჩანჩალები ვართ, მაგრამ გვიწევს თამაში მსოფლიოს მეორე, მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ გუნდებთან. ეს არ არის იოლი.

იტალიამ კი ბოლო წლებში კარგად აჩვენა, რომ დანარჩენებში საუკეთესოა. ყველა საქართველოს შესახებ ლაპარაკობს, რომელსაც სურდა იტალიის ადგილი ექვს ერში. ჩვენ მათ ორი წლის წინათ შევხვდით და დამაჯერებლად ვაჯობეთ ფლორენციაში.

თუმცა მესმის, რატომ მიდის ეს საუბრები, მაგრამ, როგორც კი ამ ტურნირზე ჩაებმებით, მაშინვე მიხვდებით, რა დონის სირთულეებთან მოგიწევთ გამკლავება. სამხრეთ აფრიკის ნაკრებსაც კი ძალიან გაუჭირდება აქ.

ეს ტესტი არ გეგონოთ, ერთ თამაშში ბევრი რამის მომზადებაა შესაძლებელი, როცა ინტენსიური ტურნირია, ხან მარიფილდზე თამაშობ, ხან "თვიქნებმზე", ხან კარდიფში - ეს სულ სხვაა. 

ექვსი ერი იტალიისთვის უდიდესი შანსია წინსვლისთვის. ჩვენი მიზანიც ეს არის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იტალია კონკურენტუნარიანი იყოს ექვს ერში". 

კომენტარები

ბოლო ამბები