Thumbnail

‘შუმახერს ერთი დიდი ნაკლი ჰქონდა’ - ჯორდანს მიხაელი ყველაზე დიდად არ მიაჩნია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ედი ჯორდანის აზრით, მიხაელ შუმახერი ყველა დროის უდიდესი პილოტი არ არის
  • ყოფილმა შეფმა შუმი თანაგუნდელების მიმართ მიდგომის გამო გააკრიტიკა

ავტოსპორტის მოყვარულთა უმრავლესობისთვის მიხაელ შუმახერი ფორმულა 1-ის ყველა დროის ყველაზე დიდი პილოტია. მისი ყოფილი შეფი ედი ჯორდანი კი ასე არ ფიქრობს. მისი აზრით, მიუხედავად მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონობისა, შუმის რაღაც აკლდა საიმისოდ, რომ უდიდესი ყოფილიყო.

ედი ჯორდანი და მიხაელ შუმახერი

ამავე სახელწოდების საჯინობოს ყოფილმა მფლობელმა, რომელიც 1991 წელს შუმახერს F1-ში დებიუტში დაეხმარა, პოდკასტ Off The Ball-ში შუმიზე გულახდილად ისაუბრა: “ორი აზრი არ არსებობს, მას დაუჯერებელი ნიჭი ჰქონდა, მაგრამ მიხაელ შუმახერი ერთ საკითხში არ მომწონდა,” - განაცხადა ჯორდანმა და მიხაელის ადამიანური თვისებები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

“მიხაელი არ იყო გუნდური მოთამაშე. ეს ყოველთვის ცხადად ჩანდა სხვა პილოტების კონტრაქტებიდან. გნებავთ, ედი ირვაინი აიღეთ, ან რუბენს ბარიკელო - მათ ყველას ჰქონდათ კონტრაქტში პუნქტი, რომლის მიხედვითაც მათ ყოველთვის და ნებისმიერ სიტუაციაში მეორე ნომრის როლი უნდა ეთამაშათ - მიხაელ შუმახერის შემდეგ.” - თქვა ჯორდანმა, რომელმაც თავისი საჯინიბო 2005 წელს გაყიდა და ახლა ბრიტანეთში ფორმულა 1-ის სატელევიზიო ექსპერტად მუშაობს.

აირტონ სენა და მიხაელ შუმახერი

72 წლის ჯორდანი, რომელიც თვითონაც ავტომრბოლი იყო, კითხვაზე, არის თუ არა შუმახერი ყველა დროის საუკეთესო პილოტი, ასე პასუხობს: “მიხაელი დაუჯერებლად ნიჭიერი იყო, მაგრამ არანაკლებ ნიჭიერი იყო აირტონ სენაც. ამაზე ფიქრში, ბოლოს ყოველთვის ალან პროსტი მახსენდება.”

რაც შეეხება მომავალს: ედი ჯორდანს სჯერა ლუის ჰემილტონის, რომელიც უკვე ექვსჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი: “მას ყველანაირი შანსი აქვს, რომ ყველა დროის უდიდესი გახდეს.” - ამბობს იგი.

კომენტარები

ბოლო ამბები