Thumbnail

რაფაელ ნადალი: არ მესმის, რატომ არ შეგვიძლია ჩოგბურთის თამაში

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

დიდ სლემის ტურნირების 19-გზის გამარჯვებულ რაფაელ ნადალს ჩოგბურთის თამაში ძალიან მოენატრა. რაფას მიაჩნია, რომ ჩოგბურთის თამაში უნდა შეიძლებოდეს.

“ჩოგბურთს არ ვთამაშობ, რადგან სახლში კორტი არ მაქვს. ცხადია, თამაში მეც მენატრება. დილას და საღამოს ვვარჯიშობ, მაგრამ ეს მხოლოდ ფიზიკური კონდიციის შენარჩუნების ვარჯიშებია,” - განაცხადა 33 წლის ესპანელმა ინსტაგრამის ლაივში. ნადალი სახლშია და თვითიზოლაციის წესებს იცავს.

'ჩოგბურთში მოთამაშეებს ერთმანეთთან ყოველთვის დიდი დისტანცია აქვთ'

ნადალი კრიტიკულად არის განწყობილი იმის გამო, რომ ჩოგბურთის თამაშის საშუალება არ ეძლევა. “დიახ, მართალია, რომ ბოლომდე არ მესმის, რატომ არ შეგვიძლია ჩოგბურთის თამაში. თუკი არსებობენ ადამიანები, რომლებიც სამსახურებში დადიან, რატომ არ შეიძლება ჩოგბურთის თამაში? სპორტის ამ სახეობაში მოთამაშეებს ერთმანეთთან ყოველთვის დიდი დისტანცია აქვთ. რა თქმა უნდა, მესმის, რომ ქვეყანა და მსოფლიო ძალიან რთულ მდგომარეობაშია,” - აღნიშნა რაფამ.

კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებით ესპანეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა და მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება. ესპანეთში უკვე 200 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 21 000-ზე მეტი და გამოჯანმრთელდა 85 500 ადამიანი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ორმილიონნახევარზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 170 000-ზე მეტი და გამოჯანმრთელდა 655 000 ადამიანი.

კომენტარები

ბოლო ამბები