Thumbnail
  • ნემანის ქართველმა ლეგიონერმა ბელარუსული მედიისგან კომპლიმენტები მიიღო
  • 22 წლის ფეხბურთელი ჩემპიონატის 10 საუკეთესო მოთამაშეს შორის დასახელდა 
  • ბელარუსის ჩემპიონატი ევროპაში ერთადერთი ლიგაა, რომელიც არ შეჩერებულა

ბელარუსში კორონავირუსის პანდემიას არ უფრთხიან. ყოველ შემთხვევაში, საფეხბურთო სეზონს არაფრით აჩერებენ და ეს ქვეყანა დღეს ერთადერთია ევროპაში, სადაც ჯერ კიდევ თამაშობენ. ბელარუსის უმაღლეს ლიგაში, სადაც რამდენიმე ქართველი ლეგიონერი გამოდის, 5 ტური უკვე ჩატარდა, ადგილობრივმა მედიამ კი ჩემპიონატის ათი გამორჩეული ფეხბურთელი დაასახელა და მათ შორის გიორგი ქანთარიაც დაასახელა.

22 წლის ქართველი ფეხბურთელი გროდნოს ნემანის ღირსებას იცავს, რომელსაც 5 ტურის შემდეგ 1 მოგება, 2-2 ფრე და მარცხი აქვს და ცხრილში მე-14 პოზიციას იკავებს. ქანთარიამ ხუთივე მატჩი სასტარტოში დაიწყო, ვიტებსკთან შეხვედრაში კი გოლითაც გამოირჩა. 

არის რას წერს ბელარუსული Tribuna.com გიორგი ქანთარიაზე:

"ცხრილში ნემანის პოზიციას ყურადრებას ნუ მიაქცევთ. დღეს ქანთარია გროდნოსთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ჩემპიონატში კი ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველია. ის გამორჩეულია ბრძოლისუნარიანობით. ქანთარია 5 შეხვედრაში 141-ჯერ ჩაება ორთაბრძოლაში და 93 მცდელობა მისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ჩემპიონატში ორთაბრძოლებს უფრო ხშირად ვერავინ იგებს. ქართველი ლიგის ლიდერია ჩაჭრის რაოდენობით - 61. და რაც გასაკვირია, ის ერთ-ერთი ლიდერია გარღვევების რიცხვით (და მათი წარმატებულობით). ამ ლეგიონერის ანგარიშზე 33 დრიბლინგია, საიდანაც წარმატებული 76% იყო. ასეთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე, მსგავსი რამის მიცემის უფლებას თავს მხოლოდ ძალიან თავდაჯერებული შემსრულებლები აძლევენ.

ქანთარია ნემანში საჯარიმო დარტყმის გარდა, სხვა ყველა სტანდარტზეა პასუხისმგებელი, მათ შორის პენალტზეც. მიმდინარე სეზონში 11-მეტრიანი ნიშნულიდან მან უკვე გაიტანა".

ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე ჩემპიონატში ერთი გოლი უკვე გაიტანა

გიორგი ქანთარია, რომელიც მცველისა და საყრდენი ნახევარმცველის პოზიციებზე თამაშობს, ბელარუსის ჩემპიონატში მეოთხე სეზონს ატარებს. ფეხბურთელი ნემანში 2017 წელს, ზუგდიდიდან გადავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები