Thumbnail

ზუსტად ამას ველოდით! მაიკლ ჯორდანზე სერიალი დაიწყო და ის უნდა ნახოთ

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • დოკუმენტური სერიალი მაიკლ ჯორდანზე და მის ჩიკაგოზე დაიწყო
  • პირველივე ეპიზოდის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ფილმი მოლოდინს ამართლებს
  • პირველ ეპიზოდებში განსაკუთრებული აქცენტი შიდა კონფლიქტზეა
  • ყველამ იცის, რომ 1997/1998 წლების სეზონი ამ გუნდისთის უკანასკნელია

ESPN-მა და Netflix-მა კალათბურთის მოყვარულებს ძალიან კარგი საჩუქარი გაუკეთა. სწორედ მაშინ, როდესაც NBA-ს პლეი ოფი უნდა ყოფილიყო, მათ დოკუმენტური მინი-სერიალის "The Last Dance" (უკანასკნელი ცეკვა) ჩვენება დაიწყეს. 10-სერიიანი სერიალის პირველი და მეორე ეპიზოდი ამერიკაში კვირა საღამოს აჩვენეს. სერიალი მაიკლ ჯორდანის და ლეგენდარული ჩიკაგო ბულსის უკანასკნელ, საჩემპიონო სეზონს (1997/1998) ეძღვნება - სეზონს, რომელიც MJ-ის ლეგენდარული სროლით დასრულდა.

სერიალი მოლოდინს ამართლებს

პირველივე ეპიზოდის ნახვის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ სერიალი მაყურებლის მოლოდინს სრულად გაამართლებს. მასში ძალიან ბევრი ექსკლუზიური და საინტერესო მასალაა. საერთოდაც, ეს იყო ჩიკაგოს პირველი სეზონი, რომელიც სრულად არის ფირზე აღბეჭდილი. პირველივე ეპიზოდის დასრულების შემდეგ NBA-ს სუპერვარსკვლავებს შორის მას ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა.

დუეინ უეიდი: 'ეს იყო ის, რასაც ყველა ველოდით და ყველას გვჭირდებოდა.'

თავად მაიკლ ჯორდანის გარდა, ამ სეზონის შესახებ ბევრი სხვადასხვა რესპოდენტი ყვება - როგორც ემოციური, ისე ანალიტიკური კუთხით - ჟურნალისტები, NBA-ს ვარსკვლავები, მწვრთნელები, ჯორდანის დედა დელორესი, ბულსის მფლობელი ჯერი რეინსდოორფი, ფილ ჯეკსონი და სხვები. პირველ ეპიზოდში აქცენტი უფრო მეტად იმაზე კეთდება, თუ როგორ მივიდნენ ჯორდანი და ბულსი ამ სეზონამდე.

კერძოდ, MJ-ის კოლეჯის წლები და მისი ისტორიული სროლა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის წინააღმდეგ, დრაფტი და ფენომენალური პირველი სეზონი, როდესაც მთელმა ამერიკამ ძალიან მალე გაიგო, რომ ლიგას ახალი სუპერვარსკვლავი ჰყავს, ბულსის პირველი ხუთი ჩემპიონობა და წინასასეზონო ტურნე პარიზში, სადაც ჩიკაგოს მოთამაშეები უკვე ნახევრადღმერთების სტატუსით ჩადიან. 'ყველას უნდოდა ამ გუნდის ნაწილი ყოფილიყო' - იხსენებს ფილ ჯეკსონი.

რატომ The Last Dance?

პირველივე ეპიზოდში ამ სეზონის განსაკუთრებული მნიშვნელობა  კარგად ჩანს. ჩემპიონატის დასაწყისში ყველამ იცის, რომ ბულსის ამ შემადგენლობისთვის ეს ბოლო ერთობლივი სეზონია - ფილ ჯეკსონი მიდის, ჯორდანი სხვა მწვრთნელთან მუშაობას არ აპირებს, გუნდის დანარჩენ ვარსკვლავებს კი მენეჯმენტი გაშვებას უპირებს. დღევანდელი გადასახედიდან განსაკუთრებით საინტერესოა შიდა სიტუაცია გუნდში: მენეჯერი ჯერი კრაუზი მიიჩნევს, რომ ვეტერანების გაშვების და ახალი გუნდის აშენების დროა. ამისთვის მას ახალი მწვრთნელი სჭირდება. 5-გზის ჩემპიონი გუნდი ამ თემაზე ძალიან მტკივნეულად რეაგირებს. ისინი ფიქრობენ, რომ მათ ეს არ დაიმსახურეს.

ჯერი კრაუზი: 'ორგანიზაცია იგებს ტიტულებს და არა მოთამაშეები.'

კრაუზის, რომელსაც რესპოდენტების შეფასებით 'პატარა კაცის კომპლექსი' აწუხებს და დანარჩენი გუნდის კონფლიქტი იმდენად აშკარაა, რომ ყველა თანხმდება, ეს ჩიკაგოს ბოლო სეზონია. სწორედ ამ ვითარებაში, ფილ ჯეკსონი კრებს გუნდს და თხოვს, რომ კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ და დაიწყონ მათი უკანასკნელი თავგადასავალი - The Last Dance.

📺 სერიალის ნახვა შეგიძლიათ Netflix-ზე, ან imovies-ზე.

კომენტარები

ბოლო ამბები