Thumbnail
  • სეზონის დასრულება ერთ ქალაქში, სავარაუდოდ, კანარის კუნძულებზე იგეგმება
  • ესპანეთის ჩემპიონობისთვის საქართველოს ნაკრების წევრებიც იბრძოლებენ

ესპანეთის საკალათბურთო ლიგამ (ACB), სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების არაერთი წევრი თამაშობს, კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი სეზონის დასრულების ორიგინალური გეგმა შეიმუშავა და მას ჩემპიონატის მონაწილე 18-ვე გუნდი დაეთანხმა.

შეგახსენებთ, რომ მანამ, სანამ სრულად სპორტული სამყარო გაჩერდებოდა, ლიგა ენდესაში 23 ტური იყო ჩატარებული. სწორედ აღნიშნული შედეგების გათვალისწინებით, 12 საუკეთესო გუნდი შეირჩა, რომლებიც ორ ჯგუფში გადანაწილდნენ.

A ჯგუფი: ბარსელონა, ტენერიფე, ბილბაო ბასკეტი, ბასკონია, უნიკახა, ხუვენტუტი.

B ჯგუფი: რეალი, სარაგოსა, მორაბანკ ანდორა, ვალენსია, სან ბაპლო ბურგოსი, გრან კანარია.

ახალი ფორმატის თანახმად, გუნდები ერთ წრედ ითამაშებენ და 5 ტურის თავზე ჯგუფების საუკეთესოებს გამოავლენენ. პირველ-მეორე ადგილოსნები ერთმანეთს ნახევარფინალში გაეჯიბრებიან, ბოლოს კი ფინალი ჩატარდება.

ამჯერად არავინ გავარდება, თუმცა, შესაძლოა, ქვედა ლიგიდან 2 საუკეთესო მაინც აღზევდეს და ამ შემთხვევაში, ელიტაში 20 გუნდი ვიხილოთ.

მომავალ ტურნირში გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფეც ითამაშებს

ტურნირი ერთ ადგილას ჩატარდება და დიდი ალბათობით, ეს, კანარის კუნძულები იქნება, სადაც ესპანეთის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე ცოტა შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა, განიხილება ანდორის ვარიანტიც.

დღეს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სეზონი არაუგვიანეს 31 მაისისა უნდა განახლდეს და გამარჯვებული 10 ივლისამდე გამოვლინდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემპიონატი ჩაშლილად გამოცხადდება.

საგულისხმოა, რომ მომავალ შეჯიბრში საქართველოს ნაკრების ყველა წევრს ვიხილავთ. A ჯგუფში არიან გიორგი შერმადინის ტენერიფე და თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის ბასკონია, B-ში კი – ბექა ბურჯანაძის გრან კანარია და თად მაკფადენის ბურგოსი.

შეგახსენებთ, რომ ლიგა ენდესას მოქმედი გამარჯვებული მადრიდის რეალია, რომელსაც ქვეყნის ჩემპიონობა 35-ჯერ აქვს მოპოვებული.

კომენტარები

ბოლო ამბები