Thumbnail

‘მამა, შენი კაბა ჩაიცვი’ – ენდი მარის შვილები დასცინიან

  • ‘შევეცადე მათთვის ამეხსნა, რომ ეს კილტია, თუმცა, უშედეგოდ’
  • 32 წლის შოტლანდიელი ჩოგბურთელის სახალისო პოსტი

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ენდი მარიმ სოციალურ ქსელში სახალისო ფოტო გამოაქვეყნა.
32 წლის ჩოგბურთელი მასზე შოტლანდიელთა ეროვნულ სამოს კილტშია გამოწყობილი, თავზე კი სათამაშო გვირგვინი ადგას.

ამ ამბავში მთავარი მინაწერია:

“ეს, ის შემთხვევაა, როდესაც ჩემი გოგონები თამაშისას ტანსაცმელს მირჩევენ და მეუბნებიან: მამიკო, შენი კაბა ჩაიცვი! რამდენჯერმე შევეცადე მათთვის ამეხსნა, რომ ეს კილტია, თუმცა, ისინი თვლიან, რომ ერთმნიშვნელოვნად კაბაა”.

ცნობისთვის, 2015 წელს გამართულ ჯვრისწერის ცერემონიალზე, როდესაც ენდი კიმ სირსზე დაქორწინდა, ის სწორედ ეროვნულ სამოსში იყო გამოწყობილი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის გამო, საჩოგბურთო სეზონიც შეწყვეტილია და მინიმუმ ივლისამდე არ გაგრძელდება, ამდენად, ცნობილმა სპორტსმენებმა მსგავსი გართობებისთვის მოიცალეს.

შოტლანდიელმა ჩოგბურთელმა ბოლოს დევისის თასზე ითამაშა

თავად მარის, ტრავმების გამო, გასული წლის ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია. მაშინ მან დევისის თასზე დიდი ბრიტანეთის ნაკრების ღირსება დაიცვა.

ცნობისთვის, მარი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგს სათავეში 2016 წლის ნოემბერში მოექცა და უმაღლესი პოზიცია 41 კვირის განმავლობაში ეკავა.

შოტლანდიელ ჩოგბურთელს დიდი სლემის ტურნირები 3-ჯერ აქვს მოგებული: 2-ჯერ უიმბლდონი (2013, 2016) და ერთხელ – აშშ-ს ღია პირველობა (2012). ამასთან, ის 2-გზის (2012, 2016) ოლიმპიური ჩემპიონია.

კომენტარები

ბოლო ამბები